ექსმინისტრი თინა ხიდაშელი ბუჩაში გამგზავრებასთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციას აკრიტიკებს. სოციალურ ქსელში გამოქვენებულ პოსტში ის წერს, რომ მთავრობის გარდა, ყველას სხვას აქვს სურვილი ჩავიდეს უკრაინაში და უკრაინელი ხალხის გვერდით დადგეს.
"არაუშავს პაპუაშვილი თუ არ ჩავა უკრაინაში, აგერ სიურპრიზად ბორის ჯონსონი ჩავიდა!!! საბედნიეროდ მას არავინ აიგივებს საქართველოსთან.
სამაგიეროდ ყველა სხვას სრული მზადყოფნა და ნება აქვს იდგეს უკრაინელების და უკრაინის გვერდით!!! სრულიად ქართული ოპოზიცია იქ იქნება დარწმუნებული ვარ სულ მალე!! უკრაინის, რომლის პრეზიდენტი არც კი დაფიქრებულა 2008-ის აგვისტოში ისე ჩამოფრინდა თბილისში!!!" - წერს ხიდაშელი.
ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, რათა თავად ჩავიდეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში და ომის დანაშაულები საკუთარი თვალით ნახოს. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილს, უკრაინის რადას თავმჯდომარის მიწვევა არ მიუღია. მოგვიანებით კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩოდან წერილი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.
პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ცნობითვე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შალვა პაპუაშვილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.