ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დღეს "პირდაპირი, ღია და ხისტი“ მოლაპარაკებები ჰქონდა - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი“ ავრცელებს.
"ეს არ არის მეგობრული შეხვედრა. ნეჰამერმა თქვა, რომ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი კრემლის ლიდერისთვის არის ის, რომ ომი უნდა დასრულდეს, რადგან „ომში ორივე მხარე მხოლოდ დამარცხებულები არიან“, - აღნიშნულია ავსტრიული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კარლ ნეჰამერის განცხადებით, ის არ არის "განსაკუთრებით ოპტიმისტური“ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ.
"პუტინთან ჩემი მოლაპარაკებების შემდეგ, ამჟამად მე არ ვარ განსაკუთრებით ოპტიმისტური. შეტევა უკრაინაში მზადდება მონდომებით", - აღნიშნა ნეჰამერმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე.
კანცლერმა დასძინა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს "ფაქტებით" დაუპირისპირდა.
"მე ნათლად ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ მის დამოკიდებულებას, მის შეხედულებას არავინ იზიარებს. ის ამას რუსეთის ფედერაციის ერთგვარ თავდაცვით ოპერაციად თვლის. ის ამას უწოდებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციებს. მე ამას ომს ვეძახი", - თქვა მან.
კანცლერის თქმით, ასევე ნათელი და გასაგები იყო, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს ნდობა რუსეთსა და უკრაინას შორის თურქეთში მიმდინარე მოლაპარაკებების მიმართ.
კარლ ნეჰამერის თქმით, მან ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ომის დანაშაულებებში "ყველა პასუხისმგებელი პირი“ უნდა დაისაჯოს და გააფრთხილა, რომ დასავლეთის სანქციები გაძლიერდება მანამ, სანამ ადამიანები იღუპებიან უკრაინაში.
”მე აღვნიშნე სერიოზული ომის დანაშაულები ბუჩასა და სხვა ადგილებში. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს”, - დასძინა ნეჰამერმა.
ცნობისთვის, ნეჰამერი ევროკავშირის პირველი ლიდერია, რომელიც პუტინს მას შემდეგ შეხვდა, რაც მან საკუთარ ჯარების 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრა უბრძანა.