"სააკაშვილი, ადეიშვილი და ლორთქიფანიძე იყვნენ ტერორისტული სისტემის შემადგენელი ნაწილი საქართველოში, რატომ არის შეუძლებელი მათი გათავისუფლება? - თუ ეს სურვილი დაფიქსირდება, ბუნებრივია, უმაღლეს დონეზე განხორციელდება ვიზიტი უკრაინაში", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, რაიმე განსაკუთრებულს არ ითხოვენ დ ერთადერთ, რაც სურთ არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში "რადიკალური ოპოზიციის ლიდერები არიან, არ იყვნენ წარმოდგენილი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებაში", რაც კობახიძის შეფასებით, "არის ერთადერთი მარტივი თხოვნა".
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინულ მხარეს არ უყენებს ულტიმატუმს, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, მეგობრული ჟესტი იქნება.
"როდესაც საუბარია უმაღლეს დონეზე განსახორციელებელ ვიზიტზე, ამ დროს ყველაფერი უნდა იყოს მოგვარებული. ასეთი ვიზიტი ვერ განხორციელდება, ვიდრე ხელისუფლებაში ქართველი კრიმინალები არიან წარმოდგენილი, ვიდრე ელჩი არ არის დანიშნული, უკრაინას არ ჰყავს მოქმედი ელჩი საქართველოში და ბრალდებაც ჯერჯერობით არ მოხსნილა. ეს ჩვენი მხრიდან არანაირი ულტიმატუმი არაა, ჩვენ გვჭირდება სათანადო რეაგირება, რაც იქნება ელემენტარული, მეგობრობის ჟესტი.
კონტრაბანდასთან ვერ დადასტურდა ფაქტი და ამის უარყოფაც არ მგონია იყოს შეუძლებელი.
რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლებას, ისედაც ფიქტიური ხელმძღვანელია რეფორმების საბჭოში, რატომ არის შეუძლებელი, არ ვიცი. თუ მეგობრობის სურვილი აქვთ, ეს შეიძლება მოგვარდეს ერთ წამში. ან ადეიშვილი რა რჩევებს აძლევს გენპროკურორს, რომ მისი გათავისუფლება არის შეუძლებელი, ან ლორთქიფანიძეს რა გამოცდილება აქვს დაზვერვის სფეროში? ძალიან კარგად ვიცით, რისი გამოცდილებაც აქვს რეალურად, ეს არის ტერორის გამოცდილება. სამივე არის ტერორის გამოცდილებით აღჭურვილი ადამიანი, - სააკაშვილი, ადეიშვილი და ლორთქიფანიძე იყვნენ ტერორისტული სისტემის შემადგენელი ნაწილი საქართველოში, რატომ არის შეუძლებელი მათი გათავისუფლება? ერთ წამში შეუძლია ამის გაკეთება უკრაინის ხელისუფლება, ამას სჭირდება ერთადერთი რამ, მეგობრობის სურვილი ხელისუფლებებს შორის. თუ ეს სურვილი დაფიქსირდება, ბუნებრივია უმაღლეს დონეზე განხორციელდება ვიზიტი.
რაც შეეხება სხვა დონეზე ვიზიტის განახორცეიელებას, ეს იქნება უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, რომელიც დღეს რუსეთის აგრესიის ქვეშ არის. ამ ქვეყნის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს ჩვენ გავაკეთეთ სხვადასხვა ფორმით. ასეთი ვიზიტი იქნება მორიგი ჟესტი ჩვენი მხრიდან, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის დაა სახელმწიფოს მიმართ და ასეთი ვიზიტი მოემსახურება სწორედ ამას. რაც შეეხება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ვიზიტს, ამას სჭირდება გარკვეული წინადადებების შესრულება. ყველამ იცის, მათ შორის უკრაინის ხელისუფლებამაც, რომ ეს ადამიანები თან არიან უკრაინის ხელისუფლებაში, თან არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები საქართველოში, ეს საჭიროებს ცვლილებას და ეს უნდა ესმოდეს აბსოლუტურად ყველას. ჩვენ რაიმე განსაკუთრებულს არ ვითხოვთ, მითუმეტეს არავის შიდა საქმეებში არ ვერევით. ერთადერთი რაც ჩვენ გვინდა, ადამიანები, რომლებიც აქ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, არ იყვნენ წარმოდგენილი ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებაში, ეს არის ერთადერთი მარტივი თხოვნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.