თუ საქართველო რაღაც ზომებს არ მიიღებს იმისათვის, რომ განამტკიცოს საკუთარი თავდაცვა ან კოლექტიური თავდაცვა უკრაინასთან ან დასავლეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, სავარაუდოდ, ისიც გახდება პუტინის აგრესიის მსხვერპლი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყოფილმა ეკონომიკურმა მრჩეველმა ანდრეი ილარიონოვმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "რეზიუმე“ განაცხადა.
ასევე მან გადაცემაში ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომზე. ილარიონოვის განმარტებით, არ ჩანს ნიშანი, რითაც პუტინმა უკრაინასთან მიმართებით თავისი მიზანი შეცვალა.
"პუტინმა თქვა, რომ რუსეთის ჯარის მიზანი არის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია, რომ ეს ყველაფერი გეგმაზომიერად ხორციელდება, ცოტა არ იყოს გასაკვირია, როგორია ეს გეგმა.
რაც შეეხება მის განცხადებებს და იმას, რაც ჩვენ ბოლო დროს მოგვისმენია რუსეთის ხელისუფლებიდან, ამავდროულად, იმ ქმედებებს, რასაც ვხედავთ რუსეთის ჯარის მხრიდან, ცხადია, არავითარი ნიშანწყალი არ არის იმისა, რომ პუტინმა თავისი გრძელვადიანი, მთავარი მიზანი შეცვალა. ეს არის - მოსპოს უკრაინის სახელმწიფოებრიობა და მოსპოს უკრაინელები, როგორც ერი“, - განაცხადა ილარიონოვმა.
მისი თქმით, სამხედრო მოქმედებები, რომელიც დაიწყება, დონბასს გასცდება, რადგან პუტინს თავის მიზანი არ გაუნეიტრალებია.
"რა იქნება ამ ყველაფრის ბოლო? პუტინი, ალბათ, დასრულდება, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ან ეს იქნება რუსეთის ჯარის სამხედრო კატასტროფა და განადგურება უკრაინის მიწაზე და უკრაინის ფარგლებს გარეთ. რა საკვირველია, ეს გამოიწვევს დღევანდელი რუსეთის არსებულ სამხედრო პოლიტიკური ხასიათის ცვლილებებს, იმიტომ, რომ შეიარაღებული ძალები ის ღერძია, რის მეშვეობითაც რუსეთის დღევანდელი რეჟიმი სულდგმულობს. რა მოხდება მერე, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ცოტა რთულია“,- აცხადებს ილარიონოვი.
ილარიონოვის თქმით, უკრაინა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გაიმარჯვებს, თუ ის მიიღებს სამხედრო დახმარებას დასავლური სამყაროს მხრიდან. მისივე განმარტებით, ამ დახმარებას უკრაინა დღეს, ნაწილობრივ იღებს, მაგრამ არა იმ მოცულობით, რომელსაც ის სთხოვს დასავლეთის პარტნიორებს.
"თუ ნატო-ს, დასავლეთის ქვეყნები ყველა შეიარაღებას, ყველა თხოვნას შეუსრულებენ უკრაინას, სამხედრო მოქმედებები გაგრძელდება. ეს არ იქნება ომი ელვისებური დასასრულით“, - აცხადებს ილარიონოვი.
მან ასევე უპასუხა კითხვას, რა შემთხვევაში შეიძლება კვლავ შემოიჭრას პუტინის ჯარი საქართველოში.
"იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ასე არ მოხდება, მაგრამ თუ პუტინი უკრაინაში გამარჯვებას შეძლებს, მაშინ შემდეგი მსხვერპლი იქნებოდა მოლდოვა, დნესტრისპირეთის გარკვეული ნაწილი ჯერ და მერე მთლიანად მოდლოვა, იმიტომ, რომ მოლდოვას პრაქტიკულად არ გააჩნია რაიმე მნიშვნელოვანი სამხედრო რესურსი. გასული წლის დეკემბერში პუტინმა ულტიმატუმი დაუყენა დასავლეთს: ნატო-ს, აშშ-ს, როდესაც მან უკრაინა და საქართველო გვერდიგვერდ დააყენა და მოსთხოვა, ეს ქვეყნები არ გახდნენ ნატო-ს წევრები. ეს ის მოთხოვნაა, რომელიც რუსეთმა არამხოლოდ დეკემბერში დააყენა, არამედ მიმდინარე წლის იანვარში, თებერვალსა და მარტშიც. ამიტომ, არაფერი არ მიანიშნებს იმაზე, რომ პუტინმა მიდგომა შეცვალა უკრაინის და საქართველოს მიმართ. ეს ნიშნავს იმას, რომ დავუშვათ, თუ საქართველო რაღაც ზომებს არ მიიღებს იმისთვის, რომ განამტკიცოს საკუთარი თავდაცვა ან კოლექტიური თავდაცვა უკრაინასთან ან დასავლეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, სავარაუდოდ, ისიც გახდება პუტინის აგრესიის მსხვერპლი", - აცხადებს ილარიონოვი.
ამასთან, მისივე თქმით, პუტინი უკრაინის შეცნობის თვალსაზრისით პოლიტიკურად ბეცი გამოდგა.
„პუტინი უკრაინის მიმართ პოლიტიკურად ბეცი გამოდგა. მან ვერ გათვალა მათი თავდაცვისუნარიანობა. ამ მხრივ, ის ბეცი გამოდგა, მაგრამ აბსოლუტურად ზუსტად გათვალა დასავლეთის ლიდერების პოზიციები“, - განაცხდა ილარიონოვმა.