"ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარედ განთავსებულ ერთ-ერთი ორგანიზაციის ოფისში მომხდარ მკვლელობის და დაჭრის ფაქტს თანმხლებ პირებთან ერთად შეესწრო, თუმცა სამართალდამცველებს აღნიშნული დანაშაულების შესახებ არ შეატყობინა, არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 9 პირი დააკავა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.