თურქეთი ჯერ კიდევ მუშაობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზებისთვის, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
მისი თქმით, კრიტიკული თემები ლიდერების დონეზე გადაწყდება და სწორედ ამის გამო ეცდებიან, რომ ისინი გააერთიანონ.
ამასთან ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი აგრძელებს მოლაპარაკებებისადმი „ფრთხილი ოპტიმიზმით“ მიდგომას, განსაკუთრებით ბუჩასა და ირპინში სავარაუდო ომის დანაშაულების ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, რომლებმაც „ნეგატიურად იმოქმედა პროცესზე“.
"არაჰუმანურმა სურათებმა ისეთი რეგიონებიდან, როგორიცაა ბუჩა და ირპინი, რომელსაც ჩვენ ასევე ვგმობთ, შეცვალა ატმოსფერო. ამან უკრაინულ მხარეს უარყოფითი ატმოსფერო შეუქმნა. რუსეთის ფედერაციის მხრიდან იყო სხვადასხვა განცხადება ამასთან დაკავშირებით. ყველაფერმა საბოლოოდ უარყოფითი გავლენა მოახდინა მოლაპარაკების პროცესზე“, - განაცხადა მან.
ჩავუშოღლუს განცხადებით, გამოწვევების მიუხედავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია გაგრძელდეს, მაგრამ ამისთვის ორი ლიდერია საჭირო.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის არსებობის მიუხედავად , „თუ ბრძოლა გაგრძელდება და ახალი თავდასხმები მოხდება დონბასში, შეთანხმების მიღწევა უფრო რთული იქნება“.