ავტორი:

"50 დღეა ცდილობენ ჩვენს განადგურებას... არაფრის გვეშინია, ვიცით რისთვის ვიბრძვით. საკმარისად მამაცები ვართ, რომ ბოლო მოვუღოთ ბოროტებას" - ზელენსკი

"50 დღეა ცდილობენ ჩვენს განადგურებას... არაფრის გვეშინია, ვიცით რისთვის ვიბრძვით. საკმარისად მამაცები ვართ, რომ ბოლო მოვუღოთ ბოროტებას" - ზელენსკი

მახსოვს რუსეთის შემოჭრის პირველი დღე. არავინ იყო დარწმუნებული, რომ ამას გავუძლებდით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

  • "რბილად რომ ვთქვათ, არავინ იყო დარწმუნებული, რომ ამას გავუძლებდით. ყველა თანაგვიგრძნობდა. ბევრმა მირჩია ქვეყნიდან გაქცევა, მირჩია რეალურად ტირანიას დავნებებოდით. მაგრამ არ გვიცნობდნენ. არ იცოდნენ, რა მამაცები არიან უკრაინელები, რამდენად ვაფასებთ თავისუფლებას და ჩვენს შესაძლებლობას ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გვსურს და არა ისე, როგორც სურს ხალხს, რომელიც ისე მართავს, რომ მისი არმია უნიტაზებს ცხოვრებაში პირველად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხედავს და ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ტექნიკასაც კი იპარავს,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

    ომის 50 დღის განმავლობაში უკრაინა გახდა გმირი მთელი თავისუფალი სამყაროსთვის, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

    "მათთვის, ვისაც აქვს გამბედაობა, სიმართლე ილაპარაკოს. მათთვის, ვინც პროპაგანდით არ არის მოწამლული, თქვენ ყველანი გმირები გახდით. ყველა უკრაინელი კაცი და ქალი, ვინც გაუძლო და არ ნებდება და ვინც გაიმარჯვებს, ვინც დაუბრუნებს მშვიდობას უკრაინას - მე დარწმუნებული ვარ ამაში,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

    მისი თქმით, ოკუპანტები პასუხს აგებენ ყველაფერზე, რაც უკრაინაში ჩაიდინეს.

    "ოკუპანტები პასუხს აგებენ ყველაფერზე, რაც უკრაინაში ჩაიდინეს. ყველაფრისთვის, რაც უკრაინელებს გაუკეთეს. ისინი პასუხს აგებენ ბუჩასთვის, კრამატორსკისთვის, ვოლნოვახასთვის, ოხტირკასთვის, ჰოსტომელისა და ბოროდიანკასთვის. იზიუმისთვის, მარიუპოლისთვის და უკრაინის ყველა სხვა ქალაქისა და თემისთვის,“- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

    მისი თქმით, კითხვა : "როგორ უზრუნველვყოთ უსაფრთხოების გარანტია უკრაინისა და ევროპისთვის?“ აღარასოდეს იქნება რიტორიკული. "ჩვენ ამას არ დავუშვებთ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთის ქვეყნებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, უკრაინას იარაღი მიაწოდონ.

50 დღეა ცდილობენ ჩვენს განადგურებას, მაგრამ ხალხი გმირულად ეწინააღმდეგება. ჩვენ არაფრის გვეშინია, ვიცით რისთვის ვიბრძვით. საკმარისად მამაცები ვართ, რომ ბოლო მოვუღოთ ბოროტებას, - ამის შესახებ ზელენსკიმ “ტვიტერში“ დაწერა.

"შეწყვიტეთ სამხედრო მანქანის გამოკვება. დაგვეხმარეთ იარაღით, მაშინ მშვიდობა და სიკეთე უფრო სწრაფად გაიმარჯვებს“, - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი ვიდეოსაც აქვეყნებს, რომელშიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგებია ასახული. ვიდეოში ჩანს დაჭრილი და დახოცილი ბავშვები, დანგრეული შენობები და ქუჩები. ეკრანზე შემდეგი შინაარსის ტიტრებს ვკითხულობთ : "ბოროტების ორმოცდაათი დღე ევროპაში. არის კიდევ რამე, რაც რუსეთს ჯერ არ გაუკეთებია უკრაინაში? ბავშვების მკვლელობა, ქალაქების განადგურება, სათამაშო მოედნების დანაღმვა, სარაკეტო დარტყმები დევნილების წინააღმდეგ, მასობრივი მკვლელობები, ქურდობა. რუსეთი კი მსოფლიოს აშკარა ტყუილებს უყვება“.

შემდეგ, კარებში ჩანს მომხმარებლები, რომლებიც ავსებენ ავტომობილებს საწვავით, ასევე ჩანს ნავთობის ჭაბურღილები და წარწერები: "ჩვენ არ გთხოვთ, წინააღმდეგობა გაუწიოთ ბოროტებას ჩვენს ნაცვლად, გთხოვთ, შეწყვიტოთ ბოროტების გამოკვება და მოგვაწოდოთ იარაღი“.