ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ის მაინც მოეხერხებინა, რომ ნახევარი დღით რაღაცაზე მაღლა დამდგარიყო - ეს ყველაფერი იმას მაგონებს, როდესაც ვიღაც გარდაიცვლება და ერთმანეთთან ნაჩხუბარი ნათესავები სამძიმარზე რიგრიგობით მიდიან, - ასე აფასებს „ლელო საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციისა და ოპოზიციის სხვა წევრების ცალ-ცალკე ვიზიტს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.
რაც შეეხება უშუალოდ, „ნაციონალურ მოძრაობის“ და მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ერთობლივ ვიზიტს უკრაინაში, როგორც სალომე სამადაშვილმა განმარტა, ამ შემადგენლობის შესახებ არაფერი იცის და ამიტომ კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.
"ცხადია, ყველას აქვს უფლება უკრაინაში ჩავიდეს, პიროვნული არჩევანია. მე ვერაფერს გეტყვით, რადგან არ ვიცი „ნაციონალური მოძრაობა“ ვისი მოწვევით არის ჩასული, ვისთან აპირებს შეხვედრას და რა პროგრამა აქვს.
მე ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინის ხელისუფლებისგან მოწვევა მიიღო. ასევე ურაინულმა მხარემ დააფიქსირა პოზიცია, რომ სურდათ მრავალპარტიული დელეგაციის ნახვა. დღეს ვნახეთ აშშ-ს ელჩის განცხადება“, - აღნიშნა სამადაშვილმა.
მისი განმარტებით, "ლელოს" მიაჩნია, რომ ვინაიდან, უკრაინული მხარე და საერთაშორისო პარტნიორები ამბობენ, რომ მათი მოლოდინია, საქართველოდან უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია ჩავიდეს, ამიტომ ერთიანობის დემონსტრირებაა საჭირო ისეთ მძიმე საკითხზე, როგორიც არის სამძიმარზე ჩასვლა.
"შეიძლება ახლა, ცოტა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ არ შემიძლია, რომ არ ვთქვა - ეს ყველაფერი იმას მაგონებს, როდესაც ვიღაც გარდაიცვლება და ერთმანეთთან ნაჩხუბარი ნათესავები სამძიმარზე რიგრიგობით მიდიან იმისათვის, რომ იქ ერთმანეთს არ შეხვდნენ. უხეშად ვიტყვი, ეს არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური, საკუთარი თავის პატივისცემა - დადგე რაღაცებზე ზემოთ, მაშინ, როდესაც იქ, გადაუარეს ბავშვებს და ქალებს. ამას ვამბობ ყველას მისამართით, ვისაც არ ესმის, რომ ასეთ მომენტში გვჭირდება სოლიდარობის დაფიქსირება. არის მომენტები, როდესაც შენი ჭუჭყიანი სარეცხი აივნიდან არ უნდა გადმოფინო, იმიტომ, რომ ეს არის უგემოვნება დ ჩემი აზრით, პირველ რიგში, საკუთარი თავის შეურაცხყოფა. ამიტომ, მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მენდომებოდა, რომ ახლა, როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაში გენოციდზე, 180 ბავშვი მოკვდა, ბუჩაში ჩავდივართ იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და რომ ამ ყველაფერზე ძალიან ვწუხვართ, ის მაინც მოეხერხებინა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, რომ რაღაც მომენტით, ნახევარი დღით რაღაცაზე მაღლა დამდგარიყო და დაეყენებინა საკუთარი ერის და თავის პატივისცემა“, - განაცხადა მან.