მარიუპოლი რამდენიმე კვირაა ალყაშია. ქალაქის უკრაინელ დამცველებს რუსულმა ძალებმა ულტიმატუმი წაუყენეს: იარაღის დასაყრელად და ჩასაბარებლად ვადა დღეს, მოსკოვის დროით 13:00 საათამდე მისცეს. უკრაინელმა სამხედროებმა ულტიმატუმის შესრულებაზე უარი განაცხადეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადებით, ოკუპანტები გამუდმებით ცდილობენ მარიუპოლის შტურმით აღებას, თუმცა ქალაქის დამცველები დანებებას არ აპირებენ.
"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დამცველები არ დანებდებიან და ბოლომდე დაიცავენ - ეს იქნება არა მათი განადგურება, არამედ ჩვენი საერთო გამარჯვება. მარიუპოლს გაათავისუფლებენ. ჩვენი ბიჭები, რომლებიც იქ არიან, ნამდვილი გმირები არიან“, - განაცხადა მან.
ამასთან, კირილ ბუდანოვმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარიუპოლის გარშემო მყოფი ოკუპანტების ჯგუფი დასუსტებულია.
"დაჯგუფება როგორიც იყო, ისეთი რჩება და მუდმივად ცდილობენ ამ ქალაქის შტურმით აღებას,“- აღნიშნა კირილ ბუდანოვმა.
როგორც ცნობილია, მარიუპოლის დამცველების ნაწილი მარიუპოლის “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზეა გამაგრებული, როგორც საპატრულო პოლიციის უფროსი მიხაილ ვერშინინი აცხადებს, ქარხნის ტერიტორიაზე ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეც არის - ქალები, მოხუცები, ბავშვები, - ამის შესახებ ცნობებს Ukrinform- ი ავრცელებს.
"აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა: ბავშვები, ქალები, მოხუცები. ეს ადამიანები ქარხნის თავშესაფრებში იმალებოდნენ დაბომბვისგან თავის დასაცავად, მათ არ სჯერათ რუსი სამხედროების, რადგან დაინახეს, რა ხდება ქალაქში“, - განაცხადა ვერშინინმა.
მისი თქმით, რუსები მარიუპოლში დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას ნანგრევების ამოსათხრელად და ცხედრების შესაგროვებლად იყენებენ. ხალხი საჭმლის სანაცვლოდ "მუშაობს“, მათ შორის მასობრივ საფლავებზე. საპატრულო პოლიციის უფროსის ინფორმაციით, ქალაქში აბსოლუტურად ყველა იძულებულია ატაროს თეთრი სამკლაური (მარჯვენა ფეხსა და მარცხენა მკლავზე).
მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს ქალაქის შესასვლელი და გასასვლელი ჩაიკეტება.
მისივე მტკიცებით, რუსულმა ძალებმა ალყაში მოქცეული ქალაქის შიგნით გადაადგილებისთვის საშვების გაცემა დაიწყეს.
"ასობით მოქალაქეს უწევს რიგში დგომა საშვის მისაღებად, რომლის გარეშეც, მომავალი კვირიდან, შეუძლებელი იქნება არა მხოლოდ ქალაქის უბნებს შორის გადაადგილება, არამედ ქუჩებში გასვლაც,“- აღნიშნა მერის მრჩეველმა.