უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიზო უგლავა დაინიშნა, რომელიც ამ თანამდებობას ახალი დირექტორის არჩევამდე დაიკავებს. უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, უწყების დირექტორს, არტიომ სიტნიკს, უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 17 აპრილს ამოეწურა.
უგლავა ერთ-ერთი იყო იმ იდეოლოგთა შორის, რომლებიც ამ უწყების შექმნის სათავეებთან იდგნენ. ის დირექტორის პირველ მოადგილედ ჯერ კიდევ 2015 წელს დაინიშნა.
გიზო უგლავა 1975 წლის 18 ნოემბერს ქუთაისში დაიბადა.
1998 წლიდან 2012 წლის ნოემბრამდე საქართველოს პროკურატურის სისტემაში მუშაობდა. ამ უწყებაში მან კარიერული გზა რიგითი ინტერნიდან გენპროკურორის მოადგილის თანამდებობამდე გაირა. უგლავას ეს თანამდებობა 2009-2012 წლებში ეკავა. 2015 წლიდან ის უკრაინის მოქალაქეა.