რუსეთის საზღვრებზე ნატო-ს გაძლიერება აღარ არის მხოლოდ სიტყვის მასალა და მოსკოვი ასეთ პირობებში მზად უნდა იყოს შესაძლო აგრესიული ქმედებებისთვის, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მედვედევმა აღნიშნა, რომ დღევანდელ დაძაბულ ვითარებაში სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს როგორც სამეცნიერო, ასევე ტექნოლოგიური სფერო და განმარტა, რომ საუბარია ინოვაციურ განვითარებასა და მოწინავე კვლევებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნებას, რუსეთის წინაშე არსებული „ყველაზე სერიოზულო საფრთხეების წინააღმდეგ“.
"ჩვენ ვსაუბრობთ პირველ რიგში ნატო-ს ყოფნის გაფართოების მცდელობაზე ჩვენს საზღვრებთან და ეს დღეს აღარ არის მხოლოდ სიტყვის მასალა, ეს აღარ არის სტანდარტული მუქარის ნაკრები. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ აგრესიული ქმედებებისთვის, რაც შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისეთი სისტემის შექმნა, რომლის დახმარებითაც ქვეყანას ყველაზე თანამედროვე იარაღი მიეწოდება.
მედვედევის თქმით, ეს არის არა მხოლოდ ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის, არამედ „სახელმწიფოს გადარჩენის საკითხი“.