"ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას იმისთვის, რომ ასეთ რთულ დროს მათი შეწუხება ისევ მიწევს, როცა ქვეყანაში ამდენი დევნილი და გაჭირვებულია. მესმის, რომ ყველას დახმარება უნდა, მაგრამ ჩემი შვილის ჯანმრთელობა მაიძულებს, რომ ადამიანებს თანადგომას ისევ ვთხოვ იმისთვის, რომ მიშველონ და შვილი გადამირჩინონ,“ - გვეუბნებოდა შშმ პირი გოგიტა მურცხვალაძე და თავისი ასევე შშმ შვილის ჯანმრთელობისთვის დახმარებას ითხოვს. ბიჭს თურქეთის კლინიკებმა მკურნალობაზე უარი უთხრეს, ამიტომ ოჯახი შვილის მკურნალობას ისევ ძველებურად განაგრძობს. თურქეთში კვლევების შემდეგ ოპერაცია კი გადაწყდა, მაგრამ გარანტია ვერ მისცეს, რომ ჯაბას სიცოცხლე შეუნარჩუნდებოდა. მშობლებისთვის კი იმის მოსმენა, რომ ოპერაცია შეიძლება, ფატალურად დასრულდეს, უმძიმესია. ჯაბა მურცხვალაძეს კისტა აქვს თავში (ასევე ფიქსირდება არაერთი კისტოზური წარმონაქმნი)... სულ 5 ოპერაცია და 6 სერიოზული გამოკვლევა აქვს ჩატარებული - ყველაფერი ნარკოზით, ხოლო მეთორმეტედ ნარკოზის მიღება მისთვის დაუშვებელია... ახლა კი ბატონი გოგიტა თვითონ აღმოჩნდა კლინიკაში, როგორც გვეუბნება, ინსულტის ნიშნები აქვს.
"ვიდრე შემეძლო, ვუძლებდი მეც და ჩემი გულიც, მაგრამ ჯანმრთელობა მეც შემერყა. ჯერ კიდევ 8 წლის წინ პირველი ინსულტი მქონდა. 2 დღის წინ ინსულტის წინა მდგომარეობა განმივითარდა. ცუდად გავხდი და კლინიკაში გადმომიყვანეს. შაქრის და წნევის მაღალ მაჩვენებლებს დაბლა ვერ აგდებენ. დაძაბულ მდგომარეობაში ვარ. ყველაზე მეტად კი ის მადარდებს რომ ჩემი ბავშვი უყურადღებოდ არ დამრჩეს. ხალხის იმედით ბავშვი უნდა გადარჩეს. მამა არჩილ ჩხარტიშვილი უყურადღებოდ არ ტოვებს ჩვენს ოჯახს. ხალხს, ვინც მუდმივად გვერდით მიდგას და ვისი დახმარების იმედიც ისევ მაქვს. მინდა, ბედნიერი აღდგომა გაუთენდეს და დალოცვილები იყვნენ,“ - გეუბნება გოგიტა მურცხვალაძე.
რაც შეეხება ჯაბას ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბიჭის მდგომარეობა არასტაბილურია.
"ჩემი შვილი 29 წლის არის და ამ ხნის განმავლობაში ბევრი ადამიანი დაგვეხმარა. მადლობა, რომ ჩვენი მდგომარეობა გულთან ახლოს მიაქვთ... მის წამლებს, პრეპარატებს შესაბამისი თანხები სჭირდება. ამასთანავე, ჯაბას ყოველდღიურად სჭირდება პამპერსი, განსხვავებული, მაღალკალორიული კვება. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე ისევ მათ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. მინდა, ამ იმედით ვიყო და ჯაბამაც ამ იმედით იცოცხლოს. მე ამ ადამიანებისთვის მუდმივად ვლოცულობ".
საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად.
ანგარიშის ნომერები:
საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607
თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007
თიბისი ბანკი. მიმღები: გოგიტა მურცხვალაძე. ანგარიში: GE57TB7080645064300028
ლიბერთი ბანკი. ბანკის კოდი: LBRTGE22 მიმღების ანგარიში: GE04LB0711186007624000