ავტორი:

ელენე ხოშტარიას თქმით, რუსეთი სხვა ქვეყნებს სთავაზობს, საქართველოში არსებული კომპანიის გზით სანქციებს თავი აარიდოს - რა დოკუმენტი გაასაჯაროვა მან?

ელენე ხოშტარიას თქმით, რუსეთი სხვა ქვეყნებს სთავაზობს, საქართველოში არსებული კომპანიის გზით სანქციებს თავი აარიდოს - რა დოკუმენტი გაასაჯაროვა მან?

პარტია "დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსეთის მხრიდან საქართველოში არსებული კომპანიის მეშვეობით "სანქციებისგან თავის არიდების“ შესახებ ისაუბრა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, რუსეთის ავტორთა საზოგადოება "რაომ“ ესტონეთის ავტორთა საზოგადოებას წერილი გაუგზავნა, სადაც საუბარია, რომ ის ქართული კომპანიის "გერას“ მეშვეობით ესტონელებს სანქციებისგან თავის არიდებას სთავაზობს. ხოშტარიამ წერილი გაასაჯაროვა, სადაც მისი თქმით, საუბარია, რომ იქიდან გამომდინარე, რომ "რაო“ სანქციების გამო ფულად ტრანზაქციებს ვერ ახერხებს, ის ესტონეთის ავტორთა საზოგადოებას სთხოვს, ჰონორარის გადარიცხვა საქართველოში მათი პარტნიორი ორგანიზაცია "გერას“ მეშვეობით აწარმოონ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, სახელმწიფო ამ კონკრეტული შემთხვევით უნდა დაინტერესდეს და ამასთან ერთად, უნდა უზრუნველყოს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით რუსული კომპანიების მიერ სანქციებისთვის თავის არიდება და ქართული კომპანიების გამოყენება შეუძლებელი იყოს.

  • "მე მაქვს ოფიციალური საბუთები "გერას“ მიმართ რუსეთის მხრიდან არაერთგზის ფინანსური რესურსების მიღების შესახებ და პრაქტიკულად, ჩვენ პირდაპირ გაქვს დოკუმენტი იმისა, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს სთავაზობს, საქართველოში არსებული კომპანიის გზით სანქციებს თავი აარიდოს.

მე ვიცი, რომ "გერაში“ გაერთიანებულები არიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ვიმედოვნებ, რომ მათ ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვთ და მსგავსი ინფორმაცია მათთვის იქნება საფუძველი, იმისა რომ "სისხლის მანქანასთან“ ურთიერთობა გაწყვიტონ.

აქ არის საუბარი ასევე, საქართველოს კანონმდებლობაზე, რომელიც მსგავსი მაქინაციების ჩატარების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ ამ კონკრეტული კომპანიის რუსეთთან ურთიერთობები უნდა გამოიკვლიოს და უნდა შეცვალოს კანონმდებლობა, რომ ამ მექანიზმის ამუშავება არ მოხდეს, მათ შორის, სხვა კომპანიების მეშვეობით. სხვაგვარად ჩვენ პირდაპირ მონაწილეები ვიქნებით იმ "ბოროტების მანქანის“, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად ეწირებიან,“ - განაცხადა ხოშტარიამ.