ავტორი:

"გადაიყვანეთ სააკაშვილი სხვა ქვეყანაში, რომ გადარჩეს..." - რას წერს ხატია დეკანოიძე

"გადაიყვანეთ სააკაშვილი სხვა ქვეყანაში, რომ გადარჩეს..." - რას წერს ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში ყოფნა და მის მიმართ "საზარელი მოპყრობა", ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიებით არის განპირობებული. ამის შესახებ დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.

"საქართველოს ევროპული პერსპექტივის ისტორულ მომენტს შევხვდით პრეზიდენტ სააკაშვილის ციხეში ყოფნით და მის მიმართ ყველაზე საზარელი მოპყრობით. რაზე ფიქრობს ხელისუფლება, როცა ადამიანს პირდაპირ და მიზანმიმართულად უსპობს ჯანმრთელობას? მხოლოდ შურისძიებაზე. ივანიშვილის პირადი შურისძიების გამო ექცევიან ასე პრეზიდენტ სააკაშვილს, უკრაინის მოქალაქეს და პარალელურად კითხვარს ავსებენ.. ქვეყანას უსპობენ პერსპექტივას შურისძიების გამო..გადაიყვანეთ სააკაშვილი სხვა ქვეყანაში, რომ გადარჩეს მისი ჯანმრთელობა!" - წერს დეკანოიძე "ფეისბუქში".

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. სხდომის დაწყებიდან მალევე, სიტყვით გამოსვლისას, სააკაშვილი შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება მოითხოვა, რის შემდეგაც სხდომა დროებით შეწყდა, თუმცა ექსპრეზიდენტი დარბაზში მალევე დაბრუნდა და სხდომა განახლდა.