ავტორი:

"შებოჭვის დროს ახალგაზრდა მამაკაცმა პოლიციელს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც სროლა მოხდა" - პროკურორი წყნეთში მომხდარ ფაქტს ქრონოლოგიურად ჰყვება

"შებოჭვის დროს ახალგაზრდა მამაკაცმა პოლიციელს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც სროლა მოხდა" - პროკურორი წყნეთში მომხდარ ფაქტს ქრონოლოგიურად ჰყვება

ბრალდებული დეტექტივის, ერიკ წურწუმიას საქმის პროკურორის, ლევან ქუთათელაძის განცხადებით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი მკაცრად განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სამართალდამცავს ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მოქმედებაში მოყვანა. ქუთათელაძის თქმითვე, ბრალდებულ დეტექტივს, რომლის მიერ გასროლილ ტყვიასაც 30 წლის ზურაბ გველესიანი ემსხვერპლა, ასეთი ქმედება არ უნდა განეხორციელებინა.

პროკურორის განმარტებითვე, დაკავებული დეტექტივი ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს. ქუთათელაძემ როგორც სასამართლო პროცესზე, ასევე, კომენტარის გაკეთებისას, მომხდარის შესახებ დეტალურად ისაუბრა.

"ქრონოლოგია შემდეგნაირად განვითარდა - პოლიციაში შეტყობინება შევიდა შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, რაზეც რეაგირების მიზნით, შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოცხადდა პოლიციის რიგითი თანამშრომელი - ბრალდებული დეტექტივი და მისი ხელმძღვანელი, სამმართველოს უფროსი. ისინი შეთანხმდნენ, რომ უშუალოდ შესაძლო დამნაშავე პირთან მივიდოდა რიგითი თანამშრომელი და სამმართველოს უფროსი ავტომობილში დარჩებოდა. პოლიციის თანამშრომელმა, როცა გარკვეული ინფორმაცია მიიღო შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით, გადაწყვიტა პირის დაკავება, დაკავების დროს, ახალგაზრდა მამაკაცი შეეცადა სიტუაციას გარიდებოდა, ამ პერიოდში ბრალდებულმა მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა და დასაკავებელ პირს მოუწოდა, დამორჩილებოდა მის მოთხოვნას, ვინაიდან მისი დაკავების ღონისძიება მიმდინარეობდა, თუმცა, აწ გარდაცვლილი მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გარიდებას შეეცადა, რა დროსაც პოლიციის რიგითი თანამშრომელი, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში მას ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მოქმედებაში ჰქონდა მოყვანილი, ამ მდგომარეობის გათვალისწინებითაც კი, შეეცადა მის შებოჭვას, ბუნებრივია, იარაღი ხელში ჰქონდა, შებოჭვის დროს ახალგაზრდა მამაკაცმა მას წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც, შემთხვევითი, გაუფრთხილებლობით სროლა მოხდა",- განაცხადა ქუთათელაძემ.

მისივე განმარტებით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, გამორიცხული არ არის, სხვა პირთა ბრალეულობაც გამოიკვეთოს. ქუთათელაძემ ასევე ისაუბრა იმ დაზიანებაზე, რომელიც დაკავებულ დეტექტივს აქვს.

"ეს გახლავთ მცირე ზომის ნაკაწრი, ნაჭდევი მარცხენა ფეხთან, კონკრეტულად კოჭთან, ეს არის დაზიანება, რომელიც დაკავების მომენტში ბრალდებულს ჰქონდა, დაკავების მომენტში მისი პირადი ჩხრეკა მოხდა, მას სხვა სახის დაზიანება არ გააჩნდა. ამ ეტაპზე ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ბრალდებულის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი იკვეთება იარაღით და ასევე, მის მიერ სიცოცხლის მოსპობის ფაქტი, რასთან დაკავშირებითაც მას ბრალი აქვს წარდგენილი. გამოძიება გრძელდება, სპეციალური საგამოძიებო სამსახური 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მტკიცებულებების მოპოვება, შეიძლება გამოიკვეთოს სხვა შესაძლო დამნაშავე პირი. ამ ეტაპზე, მტკიცებულებათა ერთობლიობით. მხოლოდ ერთი პირის ბრალეულობა იკვეთება, შესაძლოა, როცა საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება, ნებისმიერი პირის ბრალეულობა გამოიკვეთოს.

პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი მკაცრად განსაზღვრავს რა შემთხვევაში შეიძლება ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მოქმედებაში მოყვანა და მისი გამოყენება. კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ ასეთი მოქმედება ბრალდებულს არ უნდა განეხორციელებინა“, - განაცხადა ქუთათელაძემ.

ცნობისთვის, 18 აპრილს, წყნეთში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიერ გასროლილ ტყვიას 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიების ინფორმაციით, ერიკ წურწუმიას ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, ზურა გველესიანის დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღი, რის შედეგადაც გველესიანი გარდაიცვალა.

წურწუმიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ერიკ წურწუმიას 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.