ავტორი:

"რა დროს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაა? - ახლა ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის, რომელიც ძალიან ქანაობს" - ალეკო ელისაშვილი

"რა დროს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაა? - ახლა ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის, რომელიც ძალიან ქანაობს" - ალეკო ელისაშვილი

"ძალიან უადგილოა, რა დროს ვადამდელის მოთხოვნაა? - ახლა ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის", - ასე შეაფასა "მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება და რუსეთის დამარცხება, რაც შესაძლოა მომავალში აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარების წინაპირობა გახდეს.

"ეს არის პოლიტიკური შეცდომა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა“ უშვებს და არც ეს არის სახელმწიფოებრივად სწორი. ძალიან უადგილოა, რა დროს ვადამდელის მოთხოვნაა?! ახლა ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის და ეს ბეწვის ხიდი ძალიან ქანაობს. ჩვენ გვაქვს ისეთ დაუნდობელ სახელმწიფოსთან საქმე, როგორიც რუსეთია. ამ დროს საჭიროა შიდა პოლიტიკური კონსოლიდაცია და არა ახალ არჩევნებზე ლაპარაკი. კარგია, რომ ჩვენს თავს არ ცვივა ბომბები, მაგრამ მეგობარი ქვეყნის თავზე ცვივა. ახლა ყველანი ერთად უნდა ვისხდეთ და ვფიქრობდეთ, როგორ დავეხმაროთ უკრაინას, როგორ დავამარცხოთ რუსეთი. თუ რუსეთის დამარცხებას შევძლებთ ყველანი ერთად, აფხაზეთის პრობლემაც მოგვარდება, სამაჩაბლოსიც და ქვეყანაც ამოისუნთქებს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გარდა ამისა, გადაცემაში ელისაშვილმა შეაფასა ქართული დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი, რომლის შემადგენლობაშიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ იყვნენ.

ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ფაქტმა, რომ ოფიციალურ დელეგაციაში "ნაციონალური მოძრაობა“ არ იყო, ქვეყანა ცუდად წარმოაჩინა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ამ ვიზიტის განხორციელება ამდენი ხანი არ უნდა გაჭიანურებულიყო, თუმცა, კარგია, რომ საბოლოოდ საქართველოს პარლამენტის წევრები უკრაინაში ჩავიდნენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, დღეს უკრაინა ომშია და მისი ბრალდებები საქართველოს მიმართ, მძაფრად არ უნდა იყოს აღქმული და უკრაინელებს უნდა გავუგოთ.

"ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცუდად წარმოაჩინეს ქვეყანა და თავისი თავი, რადგან ეს იყო საქართველოს პარლამენტის ოფიციალური დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. მოგწონს პაპუაშვილი თუ არა, თავმჯდომარეა, მოგწონს თუ არა, ხელისუფლება "ოცნებაა,“ ეს არის მოცემულობა, რომელსაც ვერ ცვლი. ვერ გადავეჩვიეთ ამ პარტიული ჭუჭრუტანიდან რაღაცების ყურებას. ომშია უკრაინა, რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა. ქართული სახელმწიფო, საქართველოს პარლამენტი, ქართველი ერი კარგად წარმოჩინდებოდა, რომ აბსოლუტურად ერთიანი დელეგაცია ჩასულიყო. საერთო ჯამში მაინც გამოვიდა, რომ ხელისუფლების და ოპოზიციის ჯგუფები იყვნენ წარმოდგენილი, კარგი ვიზიტი იყო. ეს არ იყო იოლი ვიზიტი, ღამე ჩვენმა მატარებელმა, სადაც გამოაიარა, რამდენიმე საათში დაარტყეს იმ ადგილს ლვოვში. იქ რომ ჩვენი გამოვლის დროს ესროლათ, ამოატრიალებდა ჰაერში იმ მატარებელს, ამიტომ ამას გამბედაობა სჭირდება.

ცოტა ზედმეტი მოუვიდა უკრაინას ჩვენთან მიმართებაში, განსაკუთრებით დაზვერვის განცხადება იყო ძალიან მძიმე ამბავი, ამას დამტკიცება უნდა, მაგრამ ჩვენ უნდა გავუგოთ იმით, რომ ისინი არ არიან ჩვეულებრივ ვითარებაში, მათი ქალაქები დილიდან საღამომდე იბომბება, ადამიანები ეღუპებათ. ელჩის გაწვევა, ჩემი აზრით, იყო გადაჭარბებული და არასაჭირო, მაგრამ აქედან მწარე-მწარეებს კი არ უნდა ვეუბნებოდეთ, უნდა დავუყვავოთ და პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდეს. ამიტომ იყო იქ ჩასვლა კარგი. რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ გვაქვს ერთი ბედი, გვყავს ერთი მტერი. უკრაინის და საქართველოს განვითარებას ერთი სახელმწიფო აფერხებს”, - განაცხადა ელისშვილმა.

ელისაშვილის თქმით, უკრაინა საქართველოსგან გაცილებით დიდ მხარდაჭერას ელოდებოდა.

"ჩვენგან ბევრი რამ ეწყინათ, რადგან ელოდნენ გაცილებით დიდ მხარდაჭერას. ეს ვიზიტი იყო სწორი, რომ გაჯანჯლდა ამდენი ხანი, ეს არის ძალიან ცუდი და "ოცნების“ სირცხვილიც არის და დანარჩენი ოპოზიციისაც. "ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოიქცა სახელმწიფოებრივად. რას ჰქვია ცალკე დავდივარ და შენზე ადრე "დავასტუკე“?! არის მომენტები, როდესაც პარტიული ინტერესები უკან უნდა დავწიოთ“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, რუსეთი უკრაინასთან ამ ომს წააგებს:

"რუსეთს ჭკუას ასწავლის, პირველ რიგში, უკრაინა. უმძიმეს მდგომარეობაში არის რუსეთი, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, - ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი ჩაუძირეს გახვრეტილი ტაშტივით უკრაინელებმა, მათივე წარმოებული იარაღით. ეს იყო ბრწყინვალე სპეცოპერაცია. უკრაინა ამარცხებს რუსეთს და ეს არის ლოგიკური, რადგან ასეთი სისხლით და ტერიტორიებით გაუმაძღარი ქვეყანა სადღაც უნდა გაჩერებულიყო. დასავლეთმა ვერ გამოიტანა დასკვნები ჩვენი დაჩაგვრის მერე, ვერ გამოიტანა დასკვნები ყირიმის შემდეგ, ვერც დონბასის წართმევის მერე და ახლა თვითონვე უჯდება ძალიან ძვირი და იმიტომ არიან მონდომებულები“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა ისაუბრა საქართველოს სამოქალაქო თავდაცვაზეც და განაცხადა, რომ ქვეყანა ნებისმიერი ვითარებისთვის უნდა იყოს მზად,რისთვისაც ბევრია გასაკეთებელი.

"მეეჭვება სამოქალაქო თავდაცვა ისეთი გვქონდეს, როგორც უკრაინაში, ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ პარლამენტში და კომიტეტში. ამ საკითხს დავსვამ თავდაცვის კომიტეტში, ძალიან ბევრი რაღაც გვაქვს გასაკეთებელი, რომ ქვეყანა ნებისმიერი ვითარებისთვის მზად იყოს.