ავტორი:

ქალთა ტექნოლოგიებში გაძლიერება საქართველოში და International Girls in ICT Day

ქალთა ტექნოლოგიებში გაძლიერება საქართველოში და International Girls in ICT Day

ქალთა ტექნოლოგიებში გაძლიერება ის საერთო მიზანია, რომლის გარშემოც დღეს მთელი მსოფლიო ერთიანდება. ამ მიზნის მისაღწევად და იმისათვის, რომ ყველამ, სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე თავად ქალებმა იგრძნონ, რამდენად საჭიროა მათი გაძლიერება და რამდენად დიდი მიზნების მიღწევაა შესაძლებელი მათი მხარდაჭერით, ყოველი წლის აპრილის მეოთხე ხუთშაბათს მთელი მსოფლიო International Girls in ICT Day-ს (საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალების საერთაშორისო დღე) აღნიშნავს. International Girls in ICT Day-ს დღის აღნიშვნის იდეა ITU-ს (United Nations International Telecommunication Union) ეკუთვნის და ის მიზნად ისახავს, რომ ქალებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა გაძლიერდნენ ტექნოლოგიების მიმართულებით და კარიერული განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცეთ სექტორში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდება.

საქართველოში ქალთა ტექნოლოგიებში გასაძლიერებლად გარკვეული აქტივობები ხორციელდება. ორგანიზატორთა შორის გამორჩეულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც ქალების ტექნოლოგიებში გასაძლიერებლად აქტივობებს დაარსების დღიდან ახორციელებს. International Girls in ICT Day-ს წელს BTU განსაკუთრებული ინიციატივებით უერთდება.

BTU-ს ორგანიზებით, ქალთა ტექნოლოგიების სფეროში გაძლიერებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება. დასაქმების ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც ქალებს კარიერული განვითარების ფართო შესაძლებლობებს მისცემენ. ფორუმზე კომპანიები წარმოადგენენ ვაკანსიებს, რომლებიც გულისხმობს დასაქმებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე, როგორც ფრილანსერად, ასევე ადგილზე დასაქმების პერსპექტივით.

ქალთა დასაქმების ფორუმი BTU-ს ინიციატივით უკვე მეორედ ჩატარდება. პირველად დასაქმების ფორუმი უნივერსიტეტის კიდევ ერთი პროექტის „კოდინგის სკოლა ქალებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. ეს გახლდათ ტექნოლოგიების მიმართულებით 6-თვიანი გადამზადების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სრული კურსი 250-მდე ბენეფიციარმა, ხოლო მოკლევადიანი ტრენინგები – 2500-ზე მეტმა ქალმა გაიარა. კურსის გავლის შემდეგ მათი დასაქმების მაჩვენებელი 75%-ია.

„კოდინგის სკოლა ქალებისთვის“ გახდა Grace Hopper Award-ის გამარჯვებული პროგრამის ნომინაციაში, გარდა ამისა, პროექტმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე Emerging Europe საერთაშორისო საკონკურსო ნომინაციაში Future-proof Education Category ხმის უმრავლესობით გაიმარჯვა. „კოდინგის სკოლა ქალებისთვის“, რომელიც 3 წლის წინ დაარსდა, BTU-ში ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ფუნქციონირებს: აშშ-ის საელჩო საქართველო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ორგანიზაცია ,,ქალები მომავლისთვის’’, Microsoft, Women in Tech, ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრები Webiz და Strategeast.

ამჟამად კი ტექნოლოგიების სფეროში ქალების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, BTU-ს ინიციატივით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, მასშტაბური გადამზადების პროექტი „500 ქალი ტექში“ მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შერჩეულ ბენეფიციართა გადამზადება მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამ ეტაპად: პირველი ეტაპი: თებერვალი – ივნისი, 2022; მეორე ეტაპი: აგვისტო – დეკემბერი, 2022 და მესამე ეტაპი: დეკემბერი 2022 – აპრილი, 2023. გადამზადების კურსებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ დამწყებ კანდიდატებს, ასევე ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების მქონე პირებსაც შემდეგი მიმართულებებით: Front-End დეველოპმენტი, Back-End დეველოპმენტი & UI/UX დიზაინი. აღნიშნული კურსების გარდა, პროექტის ფარგლებში კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ A დონის და B დონის ინგლისური ენის ინტენსიური კურსები.

ასევე, ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ კარიერულ ბუთქემფში, რომელიც მათ ტექნოლოგიურ სფეროში სამუშაოს მოძიებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს შესძენს. ბუთქემფის ფორმატში ტრენინგების თემატიკაა: ლიდერობა, გუნდური მუშაობა, კრიტიკული აზროვნება, შესავალი მეწარმეობაში, ბიზნეს კომუნიკაცია და კარიერული დაგეგმვა და Founders Gap Program. ბუთქემფის მონაწილე ბენეფიციარებთან იმუშავებენ მენტორები, რომლებიც მათ გაუწევენ კონსულტაციებს კარიერის დაგეგმვისა და შესაბამისი სამუშაოს მოძიების მიმართულებით.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ საქართველოში არსებული მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა კომპონენტში გადაამზადებენ მონაწილეებს და ითანამშრომლებენ მათთან შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. დღეის მდგომარეობით, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან: GITA, TBC, Epam, Exadel, ExactPro, GeoSTQB, Noxtton, B2C, Phubber, Sambrela, Sweeft Digital, Travel Guide,Total Courage – Georgia, GCSD, Concept Digital, UPWAY.

ICT-ში (საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) არსებული დისბალანსი, რომლის აღმოფხვრასაც BTU აქტიურად ცდილობს, პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. დღეს ICT-ში დასაქმებული თუ მეწარმე ქალების კრიტიკული დანაკლისია. უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში ქალები სამუშაო ძალის თითქმის ნახევარს ქმნიან. ტექნოლოგიებში კი ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. რადგან ICT-ში არსებული სამუშაო ადგილების მხოლოდ 25%-ს იკავებენ ქალები. ამის მიზეზი არის მითი, რომ ბიჭები უკეთესად ითვისებენ STEM-ს, ვიდრე ქალები. ეს კი მართლაც მითია, რომლის არსებობასაც ხელს უწყობენ როგორც სკოლები, ისე უნივერსიტეტები.

რეალურად, ქალებს, რომლებიც საქმიანობენ ICT-ში, შეუძლიათ შექმნან უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი გარემოს დაცვა, უკეთესი კომუნიკაციები, უკეთესი განათლება. მათ აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ ყველაზე გასაოცარ პროექტებზე, რომელიც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. ქალები, რომლებიც ისწავლიან ICT-ს, გამოიმუშავებენ მეტ ხელფასს და კარიერული განვითარების უკეთესი შესაძლებლობები ექნებათ.

International Girls in ICT Day-ს აღნიშვნის მიზანია, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა იგრძნონ საჭიროება და მეტი შესაძლებლობა მისცენ ქალებს, რომ მათ ICT მიმართულებით მიიღონ განათლება და წარმატებით დასაქმდნენ. მეორე მხრივ კი, თავად ქალებს უნდა გაუჩნდეთ სურვილი და მოტივაცია, რომ ICT -ში აიმაღლონ უნარები და დასაქმდნენ ან მეწარმეები გახდნენ. ქალების ICT-ში გაძლიერება მოსახლეობის ეროვნულ დონეზე სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების აქსელერატორიც კი შეიძლება გახდეს.