ავტორი:

"ნახეთ ჩვენი ბიჭების ეკიპირება? ყანაში სამუშაოდ გასულებს ჰგვანან..." - ვინ იტყუებს აფხაზებს ომში და რატომ აკრიტიკებენ სოხუმელები დონბასელ ლტოლვილებს?

"ნახეთ ჩვენი ბიჭების ეკიპირება? ყანაში სამუშაოდ გასულებს ჰგვანან..." - ვინ იტყუებს აფხაზებს ომში და რატომ აკრიტიკებენ სოხუმელები დონბასელ ლტოლვილებს?

დონბასის ომის მონაწილემ, თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირმა, ახრა ავიძბამ აფხაზეთიდან მოხალისეთა ახალი ჯგუფი წაიყვანა. ამის შესახებ ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ. რეგიონის მოსახლეობის ნაწილი მათ გმირებს უწოდებს, სხვების თქმით, ისინი ავიძბამ თავის კვალს გაუყენა და ფულზე გაყიდულ მეომრებად აქცია.

კრასნოდარის მხარეში დაბადებული ახრა ავიძბა აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომით დასრულდა. ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ასლან ბჟანიას თანაშემწედ დაინიშნა, თუმცა მუდმივი დარღვევების, "ხულიგნობისა" და ბჟანია-ანქვაბის გუნდის წინააღმდეგ წასვლის გამო მალე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევებშიც იყარა კენჭი, მაგრამ ძალიან მცირე მხარდაჭერა მიიღო...

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, აფხაზეთში ეტაპობრივად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში საომრად წასასვლელ მოხალისეებს სწორედ ავიძბა აგროვებდა.

რამდენიმე დღის წინ ria.ru-სთან საუბარში ავიძბა ამბობს, რომ უკრაინელებისთვის ევროპის მხრიდან მიწოდებული საბრძოლო არსენალი ამოიწურა და უკრაინას, ფაქტობრივად, რამდენიმე საათი დარჩა.

გამოცემა ავიძბას მოხალისეთა ლეგენდარულ ბატალიონ "პიატნაშკას" მეომრად მოიხსენიებს.

"ის საბჭოთა შეიარაღება, რომელსაც ევროპა ფლობდა, უკვე გადასცეს უკრაინას და ახლა ნატოს სტანდარტებზე გადავიდნენ... უკრაინამ კი ეს შეიარაღება ან არაეფექტურად გამოიყენა, ან ბრძოლის ველზე დაკარგეს" - ამბობს აფხაზი ავიძბა.

ამავდროულად, ავიძბამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო, სადაც ე.წ. ბაიკერების კლუბის, "ღამის მგლების" ლიდერთან ალექსანდრე ზალდასტანოვთან ერთად არის გადაღებული.

ავიძბას ყოველი გამოჩენა აფხაზეთის მოსახლეობაში განსხვავებულ მოსაზრებებს იწვევს. აფხაზები წერენ, რომ ავიძბა ძალიან დიდ ფულს იღებს აფხაზეთიდან მოხალისეების წაყვანაში, თავად მეომრებს კი, ძალიან მცირე თანხას უხდის.

"ვერსად ვერ ივარგა, ომის გარდა. იქაც არავინ იცის, რას აკეთებს. ჩვენს ბიჭებს იარაღი დაურიგა და ასე გაიტყუა ომში. ყველა ომშია იარაღი და ნარკოტიკი - ის, რაც ჩვენს ახალგაზრდებს ძალიან აინტერესებთ, გენოფონდზე ვიფიქროთ, ხალხო", - წერს სოციალურ ქსელში ალიას გოლანძია.

"ავიძბა თავის საქმეს იკეთებს. ერთია, რას ამბობს ის და რას ვხედავთ სინამდვილეში. კადიროვიც ამბობდა, რამდენიმე საათში ავიღებთ კიევსო, მაგრამ დონბასს ვერ გასცდნენ. ეს ომი დიდხანს გაიწელება. ასეთ სიტუაციებში კი ავიძბა და მისნაირები ყოველთვის ითბობდნენ ხელს. ახლაც ასეა. აქ რევოლუცია მოაწყო, ხელისუფლებაში მოვიდა, ქვეყანა მისი ეგონა, ბჟანიას არაფერს ეკითხებოდა, კანონი არაფრად მიაჩნდა, ფსოუს საზღვარი შემოანგრია, პატიმრობაში იყო და კიდევ რამდენ რამეს მოასწრებდა, ომი რომ არ დაწყებულიყო - ეშველა ჩვენს ხელისუფლებას. პრობლემა მოიშორეს. ახლა კი, აქედან მიჰყავს ახალგაზრდები. ეს კანონდარღვევა არ არის?.. რა გამოცდილება და ცოდნა აქვთ მათ, რომ იომონ?" - წერს ზარეტა აგუმავა.

"დონბასიდან ლტოლვილები რომ შემოიყვანეს, წამყვან სასტუმროებში შეასახლეს. რა თქმა უნდა, გაჭირვებულს უნდა დაეხმარო, მაგრამ რატომღაც მეგონა, ქალებსა და ბავშვებს ვუმართავდით ხელს და უამრავი მამაკაცი ვნახე, რომელთაც ვფიქრობ, ძალიან კარგად შეეძლო საკუთარი სახლ-კარის დაცვა. ნაწილი დაბრუნდა, ნაწილი ახლაც აქ არის, როგორც ვიცი. ჩვენი ხელისუფლება მათ უზრუნველყოფაშიც ხელს ითბობს, თუ რა ხდება? ხომ გვეუბნებიან დონბასი თავისუფალიაო და რატომ არ ბრუნდებიან?" - კითხულობს ჯამა ინაპშბა.

"ის ხალხი სად არიან ახლა, ვინც ომის წინააღმდეგი იყო? ბჟანია რომ გზავნის ომში ჩვენს ბიჭებს, დანაშაულია და ავიძბას რომ მიჰყავს, გმირები არიან? ნახეთ მათი ეკიპირება? ყანაში სამუშაოდ გასულებს ჰგვანან. ნახეთ უკრაინელების და მათი მოხალისეების აღჭურვილობა, რა ზღაპრებს ჰყვება ავიძბა, რა საათები, მთელი მსოფლიო ეხმარება უკრაინას. გენოფონდს გავუფრთხილდეთ, თორემ 5 წელში აფხაზურად დამლაპარაკებელი არ დარჩება ამ ქვეყანაში", - მიაჩნია ლიანა ოტირბას.