ავტორი:

"გასაგებია ვისი ნებართვაცაა საჭირო... აქ ხომ კობახიძეები არ წყვეტენ" - სააკაშვილის მშობლები შვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

"გასაგებია ვისი ნებართვაცაა საჭირო... აქ ხომ კობახიძეები არ წყვეტენ" - სააკაშვილის მშობლები შვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რომ მოესწროს მისი გადაყვანა უცხოეთის კლინიკაში. საქართველოში არანაირი საშუალება არ არსებობს. მისი გადარჩენის და ხსნის გზაა საზღვარგარეთ გადაყვანა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა განაცხადა.

ნიკოლოზ სააკაშვილის განცხადებით, დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა იმუშაოს აქტიურად და მოახდინოს ზეწოლა ამ ხელისუფლებაზე.

"აქ თვეებზე არ არის ლაპარაკი, შეიძლება კვირებზეც არა და დღეებზე, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რომ მოესწროს მისი გადაყვანა უცხოეთის კლინიკაში. საქართველოში არანაირი საშუალება არ არსებობს, არის ძლიერი კლინიკები, მაგრამ მსგავსი მრავალპროფილური სარეაბილიტაციო კლინიკები არ არსებობს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია საზღვარგარეთ გადაყვანა.

მისი გადარჩენის და ხსნის გზაა საზღვარგარეთ გადაყვანა. როგორ უნდა მოვახერხოთ ამის გაკეთება? არავინ არ აპირებს ხელში იარაღის აღებას, ბრძოლას და სადღაც შევარდნას, სისულელეა, არამედ მშვიდობიანი გზებით, ამისთვის არსებობს ძალიან ბევრი ვარიანტი: აქტიურობა ოჯახის, აქტიურობა იმ საზოგადოების, რომელსაც სჯერა საქართველოს მომავლის და რასაკვირველია დიპლომატიური კორპუსი. შეიძლება შეკითხვაც დამისვათ, ხომ არის ვიღაც-ვიღაცები, მაგალითად აშშ-ის დეპარტამენტი, ეს არ კმარა, აქაურმა დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა იმუშაოს აქტიურად და მოახდინოს ზეწოლა ამ ხელისუფლებაზე. სხვა გზა არ არსებობს.

გასაგებია ვისი ნებართვაცაა საჭირო რომ გავუშვათ საზღვარგარეთ, აქ ხომ კობახიძეები არ წყვეტენ გაშვების საკითხს, ეს ხომ აშკარაა. ყველაფერი მოდის იქიდან, საიდანაც ჩვენ ვიცით, ამიტომ, ალბათ შედგება რაღაც მოლაპარაკებები. მე კიდევ მაქვს იმედი ჰუმანურობის, მაგრამ ვისგან ჰუმანურობის? არ არის ვარიანტი, რომ ვიღაცამ ვიღაცა შეიცოდოს და სადღაც გაუშვას და მისი დამსახურებები წინა პლანზე დააყენოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ექიმების დასკვნით, სააკაშვილი აუცილებლად უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ საზღვარგარეთ კლინიკაში, რადგან საქართველოში არ არის შესაფერისი კლინიკა, რომელსაც მსგავსი დაავადების მკურნალობის გამოცდილება აქვს.

როგორც ალასანიამ ბრიფინგზე აღნიშნა, ახლა ყველაფერი საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

"ჩვენი მიზანი არ შეცვლილა, 7 თვის მანძილზე ერთი მიზანი გვაქვს, რომ როგორმე გამოვიყვანოთ ჩემი შვილი იქიდან, სადაც იმყოფება და მისი სიცოცხლე გადავარჩინოთ. დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა იმიტომ, რომ გუშინ ახალი დიაგნოზი გამოცხადდა, როგორც იქნა ექიმები შევიდნენ, ეს სახალხო დამცველის ინიციატივით მოხდა. მისი ექიმების ჯგუფი იყო შესული და ახალი დიაგნოზი დაისვა.

აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანების ჯგუფი ასევე არიან თურმე „ომის პარტიის“ წევრები, მაგრამ რას იზამ. რატომღაც სწორედ ამ ადამიანების მიმართ განსაკუთრებული ნდობა მაქვს. ახლა ყველაფერი ჩვენს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ადამიანი არის სასწრაფოდ გამოსაყვანი და გადასაყვანი სადმე კლინიკაში, ალბათ უცხოეთში. თვითონ ექიმების აზრია ასეთი, რომ სამწუხაროდ, ჩვენ საქართველოში არ გვაქვს შესაფერისი კლინიკა, რომელსაც ასეთი დაავადების მკურნალობის გამოცდილება აქვს. ამიტომ, ეს უნდა იყოს უსათუოდ სადმე გარეთ, ამის ძალიან დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს“,-განაცხადა გიული ალასანიამ.

რაც შეეხება მათ სამოქმედო გეგმას, გიული ალასანია აცხადებს, რომ მათი სამოქმედო გეგმა არ შეცვლილა.

"მუდმივად დავდივართ, ვაკეთებთ განცხადებებს, ვხვდებით საჭირო ადამიანებს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“,- განაცხადა გიული ალასანიამ.