ავტორი:

ვის სურს ქართველების დაკეტილი სახლების ათვისება აფხაზეთში? - "რას ითხოვთ, სხვის საკუთრებაში გინდათ იცხოვროთ? თუმცა, ეს ხომ პირველი არ იქნება"

ვის სურს ქართველების დაკეტილი სახლების ათვისება აფხაზეთში? - "რას ითხოვთ, სხვის საკუთრებაში გინდათ იცხოვროთ? თუმცა, ეს ხომ პირველი არ იქნება"

ოკუპირებულ აფხაზეთში, ქართველების მიერ დროებით დაკეტილი სახლებისა და ბინების ათვისების საკითხი პერიოდულად აქტუალური ხდება. ადგილობრივი ახალგაზრდები ბოლო დროს სოციალურ ქსელებში წერენ, რომ რაიონებიდან სასწავლებლად ან სამუშაოდ ჩამოვიდნენ, მაგრამ წუხილს გამოთქვამენ, ქირით ცხოვრების გამო. მათი თქმით, შემოსავალი ძალიან დაბალია და თვიდან თვემდე თანხა არ ჰყოფნით. ისინი ხელმძღვანელობისგან საცხოვრებელი ფართის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ...

ekhokavkaza.com-ის მიერ მომზადებულ სტატიაში ავტორი წერს, რომ პანდემიის დასრულების კვალდაკვალ, დენის გათიშვაც შეწყვიტეს...

"შესაბამისად, ხალხს აგრესიული პოსტებისა და ქუჩაში გამოსვლის მიზეზი გამოელია და კარგი იქნებოდა, ახლა ახალგაზრდების უბინაობის თემა შემოეგდოთ, რაც პატარა აფხაზეთისთვის ნამდვილად დიდი პრობლემაა.

თემა ახალი ნამდვილად არ არის. უამრავი ახალგაზრდა, ასევე ახალი წყვილები, რომლებსაც სოხუმში უწევთ ცხოვრება (ხშირ შემთხვევაში სწავლის ან სამსახურის გამო), იქ სახლი არ აქვთ და იძულებული არიან იქირაონ. ბინის ფასი თვეში 15 ათას რუბლამდე ღირს. ამიტომაც, ქალაქში, განსაკუთრებით სოხუმის ახალ რაიონში, უამრავი ადგილი იცლება. ამ დროს სოხუმში დარჩენილი ქართველების ნასახლარები ან ვიღაცებზეა გადაფორმებული, ან უკვე გადაყიდულია.

ბოლო წლების განმავლობაში, ამ საკითხის გარშემო არაერთი სკანდალი აგორდა. იყო შემთხვევები, როდესაც ვიღაცები დაკეტილ სახლებში თვითნებურად შევარდნენ და მათი იქიდან გამოყვანა მილიციის დახმარებით გახდა საჭირო" - წერს გამოცემა.

ამ დღეებში, ქართველების დაკეტილი სახლების ათვისების თემა ისევ აქტუალური გახდა, რაც, სავარაუდოდ, დონბასელი ლტოლვილების ჩასვლას უკავშირდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ დონბასიდან ლტოლვილმა რუსებმა, აფხაზეთში დარჩენილ ცარიელ საცხოვრებელ ფართებში, მცირე ან განუსაზღვრელი ვადით შესახლება მოისურვეს.

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ის, ვინც დონბასსა და ლუგანსკში დამბრუნებელი იყო, უკვე დაბრუნდა, სხვები კი, ისევ აფხაზეთის სასტუმროებში რჩებიან.

"თუმცა, რადგან მთელი ცხოვრება იქ ვერ იქნებოდნენ, დასარჩენს ეძებდნენ... იქნებ ერთ დღეს მოვაბათ თავი და მასშტაბური აქცია გავმართოთ, რომლის ფარგლებშიც ხელისუფლებას მივმართოთ და ავუხსნათ, რომ საცხოვრებლის პრობლემა გვაქვს. სოფლის შემოსავალი არაფერია. აქ ოჯახთან ერთად ცხოვრება, თან ქირის გადახდის და თან ოჯახის რჩენა რთულია. ამის შესაძლებლობა არ არის, მით უფრო, რომ ბინის ქირა მუდმივად იზრდება.

წლების განმავლობაში დაკეტილი, მოუვლელი და დაშლის პირას მისული სახლები კი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იქნებ ვინმე ინვესტორი იპოვონ, თუ გამოსასყიდია გამოისყიდონ, დანარჩენს რეაბილიტაცია ჩაუტარონ და შეგვიშვან, ბოლოს და ბოლოს, რამით გვაგრძნობინეთ, რომ ქვეყნის დემოგრაფიაზე ზრუნავთ, თორემ თავს უკვე საკუთარ მიწაზე უმცირესობად ვგრძნობთ" - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში.

მათი თქმით, ქართველების სახლების დანგრევა, როდესაც ქვეყანას ამდენი პრობლემა აქვს, უსამართლოა. სხვები მათ პასუხობენ, რომ პრობლემა დონბასელ ლტოლვილებში კი არა, იმ ახალგაზრდებშია, ვისაც რაიონში დაბრუნება არ უნდა მაშინ, როდესაც, აფხაზეთის არაერთი რაიონი იცლება.

"რატომ არ გსურთ გუდაუთაში ან ტყვარჩელში დაბრუნება, სადაც საცხოვრებელი ადგილები ფაქტობრივად იცლება? ან რატომ არ გსურთ თქვენი სოფლის სახლებში, მშობლებთან ერთად ცხოვრება? თუ თქვენიანებთან, ბევრი ადამიანის გარემოცვაში გიჭირთ, იქ ცარიელი სახლების მეტი რა არის, მათ მოსავლელად რუსეთიდან ჩამოსულებსაც კი ტოვებენ" - წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელში.

ამ პათოსს, ძირითადად, გაგრის, სოხუმისა და ბიჭვინთის მოსახლეობა იზიარებს.

"უკაცრავად, რას ითხოვთ, სხვის საკუთრებაში გინდათ იცხოვროთ თუ როგორ? თუმცა, ეს ხომ პირველი არ იქნება, ეს ხომ ერთი-ორს არ გაუკეთებია. სხვის კმაყოფაზე ცხოვრებას თუ არ გადავეჩვევით, არასდროს არაფერი გვეშველება" - წერენ ისინი.

"აქ პრობლემა ის არის, რომ 90-იანი წლების შემდეგ, რაიონებიდან ჩამოსულები, რომლებიც ქართველების სახლებში შევიდნენ, ქალაქის ცხოვრებას ვერ შეერწყნენ... სოხუმელები, გაგრელები, ბიჭვინთელები მათ "თავისიანებად" ვერ აღიქვამენ და ასე იქნება სულ. არა უშავს, "ბულდოგი" ემზადება პრეზიდენტობისთვის, კრემლის ფავორიტი ინალ არძინბა (ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი) უბინაობის საკითხსაც მოაგვარებს და გენოფონდის გადარჩენისასაც, ოღონდ ეს დამოუკიდებელ აფხაზეთში არ მოხდება" - წერს რიმა ხახუბია.

სხვების თქმით, დაკეტილ სახლებში ახალგაზრდა აფხაზებისა და წყვილების შესახლების იდეა ცუდი არ არის, მაგრამ ამ საქმეს არასამთავროების აქტიურობა სჭირდება, რათა სათქმელი მედიამდე, ხელმძღვანელობამდე მიიტანოს. თუმცა როგორც ამბობენ, აღნიშნული არასამთავრობოები ინალ არძინბამ საქართველოსთან დაახლოებულ ორგანიზაციებად მიიჩნია და დაბლოკა...