ავტორი:

"თუ არესტოვიჩს, არახამიას ან პოდოლიაკს ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი ვერ ხედავს მათ კლანურ მოქმედებას საქართველოში "მეხუთე კოლონასთან", ცდებიან" - ყაველაშვილი

"თუ არესტოვიჩს, არახამიას ან პოდოლიაკს ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი ვერ ხედავს მათ კლანურ მოქმედებას საქართველოში "მეხუთე კოლონასთან", ცდებიან" - ყაველაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, თუ არესტოვიჩს, არახამიას ან პოდოლიაკს ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი ვერ ხედავს მათ კლანურ, კოორდინირებულ მოქმედებას საქართველოში მოქმედ "მეხუთე კოლონასთან", ძალიან მწარედ სცდებიან. ამის შესახებ ყაველაშვილი "ფეისბუქში“ წერს და სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

მისივე განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული „ცხელი თავების“ ბოლოდროინდელი განცხადებები არათუ სცდება ეთიკისა და მეგობრობის ფარგლებს, არამედ ძალიან საშიშ ტენდენციას იღებს და პირდაპირ აღვივებს ქეყანაში, ჩვენ ხალხში ანტიუკრაინულ განწყობებს.

"მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერით დაწყებული, ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნით დამთავრებული, ჩვენ მოწინავეთა რიგებში ვართ. თუ არესტოვიჩს, არახამიას ან პოდოლიაკს ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი ვერ ხედავს მათ კლანურ, კოორდინირებულ მოქმედებას საქართველოში მოქმედ „მეხუთე კოლონასთან“, იგივე ერთიან მოღალატეობრივ მოძრაობასთან, ძალიან მწარედ სცდებიან.

უფრო მეტიც, ქართველი ხალხი ძალიან მძაფრად და მწვავედ რეაგირებს ყველა მცდელობაზე, რომელიც საქართველოს ომში ჩართვისკენაა მიმართული! დღეს კიდევ უფრო ცხადი ხდება ვისი და რა კონკრეტული დავალებით შემოიპარა სააკაშვილი უკრაინიდან. მან იცოდა (რაც მან აღიარა კიდეც), რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრებოდა და თვითმმართველობის არჩევნების დროს ქვეყნის ასარევად და საქართველოს ომში ჩასათრევად ჩამოვიდა. ჩამოსვლა მან ვერ გაბედა გაცილებით მნიშვნელოვან, საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ ახლა უკვე ის კონკრეტული მიზნით მოქმედებდა.

გამომდინარე შექმნილი ამ სურათიდან, მოვუწოდებ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ცალკეული გარეწარი უკრაინელი და ქართველი პოლიტიკოსის სამარცხვინო და ყოველი პატრიოტი ქართველისთვის შეურაცხმყოფელი განცხადებები არ მიიტანოს გულთან ახლოს და ისეთივე სიყვარულით მოეპყრას თითოეულ უკრაინელ დევნილს ჩვენს ქვეყანაში, როგორც აქამდე“,- წერს მიხეილ ყაველაშვილი "ფეისბუქში".