ავტორი:

"არაფერი დეპრესიული მას არ ეტყობა, პირიქით, უშველებელ აქციებს გეგმავს" - ვოლსკი სააკაშვილზე

"არაფერი დეპრესიული მას არ ეტყობა, პირიქით, უშველებელ აქციებს გეგმავს" - ვოლსკი სააკაშვილზე

შეწყალების საფუძველი არ არსებობს - პენიტენციურ სისტემას რომ თავი დავანებოთ, ქართული სამედიცინო სისტემა არ დაუშვებს, რომ სააკაშვილის ეს მდგომარეობა კრიტიკულამდე მივიდეს, გარდა ამისა, არაფერი დეპრესიული მას არ ეტყობა, პირიქით - უშველებელ აქციებს გეგმავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ფაქტორმა შესაძლოა შეუქცევადი დესტრუქციული პროცესები განავითაროს საზოგადოებაში.

„შეწყალების საფუძველი არ არსებობს და დაპირისპირების ის ხარისხი, რომელმაც შეიძლება ხვალინდელი დღე უფრო მძიმე გახადოს, უკვე არსებობს და სააკაშვილია ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება შეუქცევადი დესტრუქციული პროცესები განავითაროს ერთი მხრივ - იმ ადამიანთა მხრიდან, ვინც სააკაშვილს რევოლუციის ლიდერად მიიჩნევს და იცით, რომ ასეთები არსებობენ, მეორე მხრივ კი, იმ ადამიანების მხრიდან ვინც მიიჩნევს, რომ გაცილებით ნაკლებია ის სასჯელი და დანაშაულები, რომელთა გამო სასჯელს იხდის, ვიდრე რეალურად ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა, რასაც ნამდვილად ვეთანხმები,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, გაუარესდეს, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, არ დაუშვებს სამედიცინო სისტემა, რომ ის კრიტიკულამდე მივიდეს.

„თუ თვითონ არ იღებს შესაბამის მომსახურებას, გინდა კვების და გინდა ჯანმრთელობის დაცვის სახით, შეიძლება მართლაც, რომ მდგომარეობა გაუარესდეს, მაგრამ 24 საათიანი მეთვალყურეობაა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პენიტენციურ სისტემას რომ თავი დავანებით, არ დაუშვებს ქართული სამედიცინო სისტემა, რომ სააკაშვილის ეს მდგომარეობა კრიტიკულამდე მივიდეს. გარდა ამისა, არაფერი დეპრესიული მას არ ეტყობა, პირიქით - უშველებელ აქციებს გეგმავს, მოწოდებებს აკეთებს, ჰიმნს მღერის და საკმაოდ აქტიურად და ენერგიულად გამოიყურება.

რაც შეეხება ოჯახის ულტიმატუმს, ამას ადამიანურ შეფასებას მივცემდი - ოჯახია და ვალდებულად თვლის თავს ულტიმატუმით მიმართოს სახელმწიფოს. პიროვნული განცდებიც არის, ემოციებიც, მაგრამ ყველა უნდა ითვალისწინებდეს და შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ადამიანი გასამართლებულია კონკრეტული დანაშაულებებისთვის. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება თუკი თავის თავს ხელოვნურად არ აუტეხა უბედურება. ამ შემთხვევაშიც, ჯანდაცვის სისტემა მობილიზებულია, რომ არ დაუშვას რაიმე კრიტიკული განვითარება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება საერთაშორისო კონსილიუმის მოწვევის მოთხოვნას, ვოლსკი მიიჩნევს, რომ „ასეთი პოლიტიკური ანგაჟირების პირობებში ის არაფერ დადებითს არ მოიტანს".

„ჩვენი სამედიცინო საზოგადოება არაფრით ნაკლები არ არის არცერთ საერთაშორისო კონსილიუმზე, ინტელექტუალური ცოდნა არაფრით ნაკლები არ აქვთ და ზუსტად შეუძლიათ განსაზღვრონ მკურნალობის პროცესი", - განაცხადა ვოლსკიმ.