ავტორი:

"გულდასაწყვეტია, რომ კარიერის ნაადრევად დასრულება გიწევს... შენს გვერდით მიგულე!" - რას წერს შოთა არველაძე ჯანო ანანიძის გადაწყვეტილებაზე?

"გულდასაწყვეტია, რომ კარიერის ნაადრევად დასრულება გიწევს... შენს გვერდით მიგულე!" - რას წერს შოთა არველაძე ჯანო ანანიძის გადაწყვეტილებაზე?

საქართველოს ნაკრების 29 წლის ყოფილმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. რუსული გამოცემა "სპორტ-ექსპრესის" ინფორმაციით, ანანიძე უახლოეს პერიოდში კარიერის დასრულების შესახებ განცხადებას თავად გააკეთებს. ანანიძის მიერ საფეხბურთო კარიერის დასრულებას ყოფილი ფეხბურთელის უკანასკნელი კლუბი, ბათუმის "დინამო" გამოეხმაურა:

"პირველ რიგში, გვინდა ჯანოს ჯანმრთელობა ვუსურვოთ და ჩვენი გუნდის მაისურით მოედანზე გატარებული თითოეული წუთისთვის მადლობა გადავუხადოთ.

სამწუხაროდ, ტრავმების სიმრავლემ ჯანოს საფეხბურთო ნიჭის სრულად წარმოჩენის საშუალება არ მისცა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს უამრავი დადებითი ემოცია აჩუქა.

ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ჯანო ანანიძე კვლავაც დარჩება ქართული ფეხბურთის სამსახურში და არაერთ სასიკეთო საქმეს გააკეთებს" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც sportall.ge-ზე გავრცელდა.

ანანიძის გადაწყვეტილებას ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და ამჯერად "ჰალის" თავკაცი შოთა არველაძე გამოეხმაურა:

"ჯანო, გულდასაწყვეტია, რომ კარიერის ნაადრევად დასრულება გიწევს. განსაკუთრებული იყავი მოედანზეც და განსაკუთრებული ხარ მოედნის მიღმაც. ყველა წამოწყებაში წარმატებას გისურვებ, შენს გვერდით მიგულე!" - წერს არველაძე.