ავტორი:

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული სრულად აღიარა - რა თქვა პროცესზე გიორგი ბეროზაშვილმა?

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული სრულად აღიარა - რა თქვა პროცესზე გიორგი ბეროზაშვილმა?

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბეროზაშვილი აცხადებს, რომ ის დანაშაულს სრულად აღიარებს. აღნიშნულის შესახებ მან სასამართლო პროცესზე მოსამართლის კითხვის, ცნობდა თუ არა თავს დამნაშავედ, საპასუხოდ განაცხადა.

ამასთან, ბეროზაშვილმა აღნიშნა, რომ ის დაკავებამდე რუსთავში უბნის უფროს გამომძიებლად მუშაობდა.

"სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას", - განაცხადა ბეროზაშვილმა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ბრალდების შუამდგომლობას დაეთანხმა.

პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებით, ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკის ხასიათს ატარებს, შესაბამისად, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს, რის გამოც მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უნდა გამოყენებულიყო.

ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 27 აპრილს მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა. შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნახეთ ვიდეო: