ავტორი:

"გიორგის მამა პოლკოვნიკი იყო, საჯარო ლექციებს უფასოდ კითხულობდა... მომხდარი დანაშაული ყველასთვის მოულოდნელი იყო" - რას ჰყვება შვილის მიერ მოკლული ლექტორის მეგობარი?

"გიორგის მამა პოლკოვნიკი იყო, საჯარო ლექციებს უფასოდ კითხულობდა... მომხდარი დანაშაული ყველასთვის მოულოდნელი იყო" - რას ჰყვება შვილის მიერ მოკლული ლექტორის მეგობარი?

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს, რომელმაც მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ბრალდების შუამდგომლობას დაეთანხმა.

პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებით, ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკის ხასიათს ატარებს, შესაბამისად, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს, რის გამოც მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უნდა გამოყენებულიყო. ამასთან, პროკურორმა მკვლელობის მოტივზეც ისაუბრა.

როგორც ბიბილაშვილმა აღნიშნა, დაკავებულმა 2019 წელს მამის უკითხავად სახლიდან 21 000 დოლარი წაიღო, რისი ნაწილიც მან ტოტალიზატორში დახარჯა, მამა კი აღნიშნულის დაბრუნებას თხოვდა, რასთან დაკავშირებითაც მშობლებთან კონფლიქტი ჰქონდა.

გიორგი ბეროზაშვილი პროცესზე

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ბეროზაშვილის ადვოკატის, სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს, შესაბამისად, ისინი პატიმრობას ეთანხმებიან. ადვოკატმა ასევე განმარტა, თუ რატომ ჩაიდინა ბრალდებულმა დედის მკვლელობა. როგორც ჯანუაშვილმა აღნიშნა, დედის მკვლელობა მამის მიმართ დანაშაულის - მკვლელობის ჩადენის შემდეგ მძიმე ემოციურმა ფონმა გამოიწვია.

გარდაცვლილი ზაზა ბეროზაშვილის მეგობარი მის შესახებ გვიამბობს:

- ზაზა გაეროს სამხრეთ კავკასიის ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის უფროსი იურიდიული მრჩეველი, სამართლის დოქტორი და ასევე პოლიციის პოლკოვნიკი გახლდათ. ის ნარკოთრეფიკის საკითხებზე უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა. ზაზა საჯარო ლექციებს უფასოდ კითხულობდა პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, ჯგუფებთან მუშაობდა და სტუდენტები ძალიან კმაყოფილები იყვნენ მისით. იგი მართლაც უმაღლესი დონის ექსპერტი იყო, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის საკითხებში, ძალოვან უწყებებს - პროკურატურას, პოლიციას, იუსტიციას უტარებდა ტრენინგებს უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

ზაზა ბეროზაშვილი

არ ვიცი, რა ვთქვა, გიორგიმ აღიარა დანაშაული, რაც ყველასთვის სრულიად მოულოდნელია. წარმოდგენა არ გვაქვს, თამაშობდა თუ არა. გიორგი ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ახლა ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება. არ ვიცი, რას უნდა უკავშირდებოდეს ეს სისასტიკე... ზაზა რამდენიმე თვეა არ მინახავს. რაღაც პერიოდი გიორგი თვითონაც პოლიციელი იყო, კიბერდანაშაულის სფეროს სპეციალისტია, ბრიტანული ინგლისური იცოდა ბრწყინვალედ. გიორგის არ ჰყავს ცოლ-შვილი. დეტალები არ ვიცი, რა მოხდა იმ დღეს, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, რამაც ახალგაზრდა კაცს ეს ენითაუწერელი სისასტიკე ჩაადენინა. ალბათ ექსპერტიზა დაადგენს ყველაფერს.

ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 27 აპრილს მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა. შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნახეთ კადრები პროცესიდან: