ავტორი:

"ქალები და ბავშვები არიან. ვიმედოვნებთ, შეთანხმებული მიმართულებით წავლენ" - ალყაში მოქცეული "აზოვსტალიდან“ 20 სამოქალაქო პირის ევაკუაცია მოხერხდა

"ქალები და ბავშვები არიან. ვიმედოვნებთ, შეთანხმებული მიმართულებით წავლენ" - ალყაში მოქცეული "აზოვსტალიდან“ 20 სამოქალაქო პირის ევაკუაცია მოხერხდა

მარიუპოლში "აზოვსტალის“ ქარხნიდან 20 სამოქალაქო პირის გამოყვანა მოხერხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ნანგრევებიდან ამოყვანილი ადამიანების ტრანსპორტირება წინასწარ შეთანხმებულ ადგილას მოხდა, საიდანაც ჯგუფი ზაპოროჟიეს მიმართულებით გაემგზავრება.

ახლა თითქმის განადგურებულ ქალაქში სიჩუმის რეჟიმი მოქმედებს. ნანგრევებიდან ამოყვანილთა ევაკუაციის დეტალებზე "აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი "ტელეგრამის“ გვერდზე საუბრობს.

მისი თქმით, მთელი ღამის განმავლობაში "აზოვსტალის“ ტერიტორიას მტრის არტილერია ბომბავდა, რამაც კვლავ ნგრევა გამოიწვია. მისივე ინფორმაციით, სიჩუმის რეჟიმი დილის 06:00 საათიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა 5 საათით გვიან ამოქმედდა. პალამარის თქმით, ახლა საბრძოლო მოქმედებები ნამდვილად არ წარმოებს - ორივე მხარემ შეწყვიტა ცეცხლი.

აზოვსტალის ფოლადის ქარხანა ომამდე

"ადგილობრივი დროით 19:40 საათის მონაცემებით, ჩვენ შეთანხმებულ ადგილას გადავეცით 20 სამოქალაქო პირი, რომლებიც ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ. ეს ქალები და ბავშვები არიან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი შეთანხმებული მიმართულებით წავლენ, კონკრეტულად ზაპოროჟიესკენ", - განაცხადა პალამარმა.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად "აზოვის“ მეომრები აგრძელებენ ნანგრევებიდან მარიუპოლის მცხოვრებთა გამოყვანას. ქალაქის დამცველები ცდილობენ გადაარჩინონ მოხუცები, ქალები და ბავშვები.

"რაც შეეხება დაშავებულებს, ეს ის ადამიანები არიან, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, თუმცა უცნობია, რატომ არ მიჰყავთ ისინი და მათ ევაკუაციაზე საერთოდ არ არის საუბარი",- განაცხადა პალამარმა.