ავტორი:

"ვიცი, რაც რუსეთმა საქართველოში ჩაიდინა, მხოლოდ 2008 წელს კი არა, მანამდეც" - გერმანიაში მცხოვრები უკრაინელი სამხედრო "აზოველ" მეგობრებზე, საქართველოზე და სამშობლოზე, რომელიც ომშია

"ვიცი, რაც რუსეთმა საქართველოში ჩაიდინა, მხოლოდ 2008 წელს კი არა, მანამდეც" - გერმანიაში მცხოვრები უკრაინელი სამხედრო "აზოველ" მეგობრებზე, საქართველოზე და სამშობლოზე, რომელიც ომშია

"ამ ომმა სრულიად სხვაგვარად გააცნო უკრაინელი ხალხი მსოფლიოს" - ამ მოსაზრებას ხშირად გაიგონებთ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ და არცთუ უსაფუძვლოდ; ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მათ სამაგალითო ერთიანობაზე უამრავი ამბის შესახებ შევიტყვეთ და ერთ-ერთი ამბავი გერმანიაში მცხოვრებ უკრაინელ მაქსიმ აუერს უკავშირდება, რომელიც გერმანიის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს.

  • მაქსიმი გერმანიაში სხვადასხვა სახის შემოწირულობას აგროვებს უკრაინელთა დასახმარებლად და უკრაინაში გზავნის, ან თვითონვე მიაქვს. თავისი საქმიანობის, სამშობლოსა და ომის შესახებ ის Ambebi.ge-ს ესაუბრა.

- ჩემი ბავშვობის ოთხი მეგობარი ცხოვრობს და იბრძვის ახლა ჩვენი ქვეყნისთვის. იქ ცხოვრობენ ჩემი ოჯახის წევრები, ბებია, ნათესავები, მეუღლეც უკრაინელი მყავს და მისი ნათესავებიც იქ ცხოვრობენ. ერთ საინტერესო ფაქტს გიამბობთ - ომის დაწყების წინა დღეს, ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ ლვოვიდან და ნორვეგიაში ვიყავით ერთად. ერთ-ერთ სასტუმროში ყოფნისას, ადგილობრივი, ნორვეგიელი კაცი გავიცანით. გამოგველაპარაკა და რომ გაიგო, უკრაინელები ვიყავით, გვითხრა, დაზვერვის ყოფილი აგენტი ვარ, გარკვეულ ინფორმაციებს ვფლობ და ვიცი, რომ გამთენიის 5:00 საათისთვის რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებაო. მისივე თქმით, ახლა უკრაინელები ისე არიან მომზადებულნი, რომ ძალიან დიდი შანსია, ეს ომი მოიგონო.

არ დავიჯერეთ, მიუხედავად, იმისა, რომ ვიცოდით, რუსეთი რაღაცას ამზადებდა, მაინც არ მჯეროდა, ომს დაიწყებოდა. მაგრამ რუსეთისგან ხომ ყოველთვის ყველაფერი მოსალოდნელი იყო?! მისი სიტყვები გულში ჩამრჩა და გვიან ღამით გადასამოწმებლად მაინც მეგობრებთან დაკავშირება გადავწყვიტე. ორმა არ მიპასუხა, მაგრამ თავს ვიმშვიდებდი, გვიანია და ალბათ სძინავთ-მეთქი. დანარჩენ ორს მივწერე - რა ხდება ჩვენთან, აქ საუბრობენ, რომ ომი იწყება-მეთქი, ერთ-ერთმა პასუხად მომწერა, კი, ომი დაიწყო...

მანვე მითხრა, რომ უკრაინელ სამხედროებს, მოხალისეებს, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ამერიკელი, კანადელი, ევროპელი, ქართველი პროფესიონალი სამხედროები ამზადებდნენ და მაღალი სამხედრო მოტივაცია გვაქვს, რადგან ბოლო წლებში, ძალიან კარგი მომზადება გავიარეთ, რადგან სხვადასხვა დონის, მათ შორის, ბრწყინვალე ფიზიკური და ფსიქოლოგიური უნარების მქონე სპეცრაზმელები გვამზადებდნენო. შოკი მქონდა.

რამდენიმე დღე ვაპირებდით დარჩენას, მაგრამ რა გაგვაჩერებდა, მაშინვე გამოვფრინდით, ჩემი მეგობრები ლვოვში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ორი საათი, ფრენის დროს ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავით და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ორი საათი. როგორც კი დავფრინდით, მაშინვე იმის გარკვევა დავიწყეთ, რა ხდებოდა ჩემს ქვეყანაში. ვიცოდი, რომ პირველი რამდენიმე საათი ძალზე მნიშვნელოვანი იყო. უკვე ორი თვე გავიდა, რუსეთი აჩვენებს რომ თავდასხმა შეუძლია, მშვიდობიან მოსახლეობას არ ინდობს, ოღონდ ამასაც ქაოსურად აკეთებს, უკრაინა აჩვენებს, თავდაცვა შეუძლია და თანაც მაღალი კლასით.

- თქვენზე გვიამბეთ, ბავშვობა უკრაინაში გაატარეთ?

- დიახ, მე და ჩემი ოჯახი უკრაინელები ვართ, ჟიტომირის ოლქში მდებარე ქალაქ, ნოვოჰრად-ვინოვსკიდან. საბჭოთა კავშირის წლებში, მამაჩემი ყახაზეთში დაიბადა, შემდეგ მისი ოჯახი უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად. სკოლის დამთავრების შემდეგ, კიევის საოფიცრო სკოლაში ჩააბარა, წოდებით მაიორი, თუმცა, შემდეგ მიზეზთა გამო, არ ისურვა სამხედრო სამსახური და წამოვიდა. შემდეგ, პუტინის ოპონენტის და მის მიერვე მოკლულის, ბორის ნემცოვის მხარდამჭერი გახდა. მას შემდეგ, რაც პუტინის ხალხმა ნემცოვი ქალაქის ცენტრში ჩაცხრილა, მამასა და მის მეგობრებზეც დაიწყეს ნადირობა, რის გამოც, მამას ავსტრიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა და დღემდე იქ ცხოვრობს. მასთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. მისი რამდენიმე მეგობარი კიევში დარჩა, ერთ-ერთი გენერალია და ახლა პუტინის რუსეთის ომშია ჩართული.

- ვიცი, რომ "აზოვის" ბატალიონში მეგობრები გყავთ...

- დიახ, მაგრამ მათზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, გასაგები მიზეზების გამო, გარდა იმისა, რომ მართლაც ლომებივით იბრძვიან. ვიცი, რომ ის ქართველმა და უკრაინელმა სამხედროებამ ერთად დააფუძნეს. საოცარი რამეა ომი, ამ გმირების მიმართ, ომამდე სრულიად სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდა ზოგიერთს. ახლა კი, ისინი გაუტეხელი უკრაინის სიმბოლოები არიან. ჩემი ერთ-ერთი ლვოველი მეგობარი, სამხედრო ექიმია, იბრძვის კიდეც და დაჭრილებსაც მკურნალობს. "აზოველია", უფრო სწორად, ვეტერანი... მისგან ვიცი, ბევრი რამ აზოვზე, ვიცი, რომ ამ ბატალიონში ირიცხებიან, ქართველები, აზერბაიჯანელები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები.

  • მე ვიცი, რაც რუსეთმა საქართველოში ჩაიდინა, მხოლოდ 2008 წელს კი არა, მანამდეც, 90-იანებში. როდესაც პატარა ვიყავი, ჩემი მშობლები, აფხაზეთში ჩადიოდნენ, იქ მანდარინს, ციტრუსს ყიდულობდნენ და უკრაინაში მოჰქონდათ. დედამ მიამბო, ადლერიდან გადავდიოთ. ბოლო ჯერზე შევესწარით, როგორ ბომბავდნენ რუსული ტანკები იმ ლამაზ ადგილსო. იმ დღეებში ქართველ მეომრებს დაუკავებიათ დედა, მამა, ბიძაჩემი და ბაბუა, აგენტები ვეგონეთო.

დედას ისტერიკული ტირილი დაუწყია, რომ შემთხვევით აღმოჩნდნენ საომარ ზონაში. ეტყობა, საომარი მოქმედებები ახალი დაწყებული იყო, ან სურათი იცვლებოდა სწრაფად და რეგიონის რაღაც ნაწილში არ ისროდნენ. მოკლედ, ქართველ მეომრებს უთქვამთ, ქალი ხართ და თქვენი სიმართლის გვჯერაო და გაუთავისუფლებიათ. რომ არა, ორი წინაპირობა, ცოლიანი რომ არ ვიყო და გერმანიის შეიარაღებულ ძალებში, ანუ ნატოს ჯარებში რომ არ ვმსახურობდე, თავადაც იქ ვიქნებოდი. ამიტომ, იმას ვაკეთებ, რაც აქედან შემიძლია. ჩემს ბატალიონში, უფროსობასთან შეთანხმებით, ვაგროვებთ ფინანსურ შემოწირულობას, ჩემი ხალხის დასახმარებლად.

ამასთან, მე და ჩემმა აქაურმა უკრაინელებმა, ვინც, ასევე გერმანიის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, დავაფუძნეთ ასეთი ორგანიზაცია "ქემნიცი ეხმარება უკრაინას", რომლის ფარგლებშიც, ვაგროვებთ ჰიგიენურ ნივთებს, საკვებს, მედიკამენტებს, რომელიც ადგილობრივებს ჩვენთან მოაქვთ. შემდეგ ვეძებთ მოხალისეებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებიან.

ჩემი ერთი რუსი მეგობარი, რომელიც ასევე გერმანიაში ცხოვრობს და ძალიან კარგად იცის, ვინ არის პუტინი და რას წარმოადგენს მისი რეჟიმი, უკრაინის მხარდამჭერია მთელი ოჯახით. მეუღლე უკრაინელი ჰყავს, მასთან ერთად პერიოდულად ვქირაობ ავტობუსს და თავად მიმაქვს საჭირო ნივთები, მათ შორის, ჯავშანჟილეტები, საძილე ტომრები და სხვა უკრაინის საზღვარზე, იქიდან კი, ჩვენს ქალაქში შეიტანეს. მოხუცთა თავშესაფრებსა და სხვადასხვა დაწესებულებებს გადაუნაწილეს.

ვმუშაობთ აქ ჩამოსულ ლტოლვილებთანაც, მათ საკვებზე, დაბინავებაზე, ეს იქნება სასტუმროში გადანაწილება, თუ საერთო საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ასევე ვცდილობთ მათთვის სამსახურის მოძიებას. გერმანული ბევრმა არ იცის და მათ თარჯიმნობას მე ვუწევ. ასე რომ, ვცდილობთ, ყველა ფრონტზე დავეხმაროთ, მათი საჭიროების მიხედვით.

ერთი ბიჭი მახსოვს, 6 წლის, რომელთანაც ექიმ-ფსიქოლოგს უნდა ემუშავა და მე თარჯიმანი უნდა ვყოფილიყავი. დედამისმა მითხრა, რომ ბავშვმა ფანჯრიდან დაინახა, როგორ მოხვდა ჭურვი მათ წინ მდინარე საცხოვრებელ სახლს და ნაწილებად დაიშალაო. მას შემდეგ, ყველაფრის, დაძინებისაც კი ეშინიაო. ადამიანის ფსიქოლოგა ხომ ბავშვობაში ყალიბდება. მას და მილიონს უკრაინელ ბავშვს, პუტინის დამსახურებით ეს ტრავმა მთელი ცხოვრება ექნებათ. ამ ომმა ორასზე მეტი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, უამრავი დაობლდა. ეს ტკივილი პუტინის რუსეთს არ უნდა შევარჩინოთ!