ავტორი:

"ჩვენი სამხედროები ხელოვნურად არ მოარგებენ თავიანთ ქმედებებს კონკრეტულ თარიღზე, მათ შორის "გამარჯვების დღეზე“ - სერგეი ლავროვი

"ჩვენი სამხედროები ხელოვნურად არ მოარგებენ თავიანთ ქმედებებს კონკრეტულ თარიღზე, მათ შორის "გამარჯვების დღეზე“ - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თარიღი 9 მაისი არავითარ გავლენას არ მოახდენს უკრაინაში მიმდინარე მოსკოვის ე.წ. "სამხედრო ოპერაციაზე“.

"ჩვენი სამხედროები ხელოვნურად არ მოარგებენ თავიანთ ქმედებებს კონკრეტულ თარიღზე, მათ შორის "გამარჯვების დღეზე“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, იქნება თუ არა 9 მაისი გარდამტეხი წერტილი კონფლიქტში.

"ჩვენ საზეიმოდ აღვნიშნავთ ჩვენს გამარჯვებას, მაგრამ იმის დრო და სიჩქარე, რაც უკრაინაში ხდება, დამოკიდებული იქნება მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსი ჯარისკაცებისთვის რისკების მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობაზე“, - დასძინა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა "აზოვსტალიდან“ ევაკუაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლება ყველა საშუალებით ცდილობს მიაღწიოს "აზოვსტალში“ დარჩენილი "უკრაინელი რადიკალების“ გაყვანას, რადგან მათ შორის შეიძლება იყვნენ "დასავლელი ოფიცრები და დაქირავებულები".

"მარიუპოლში "აზოვსტალის“ ქარხანაში დაპირისპირების ვითარება და ზელენსკის, მისი გუნდისა და მისი დასავლელი მფარველების ჯიუტი, ისტერიული სურვილი, მიაღწიონ ამ ხალხის გაყვანას და უკრაინის ტერიტორიაზე გაგზავნას, აიხსნება იმით, რომ არსებობს მრავალი პერსონაჟი, რომელიც დაადასტურებს დაქირავებულთა და, შესაძლოა, დასავლური არმიების აქტიური ოფიცრების არსებობას უკრაინელი რადიკალების მხარეს“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, რუსეთი ითხოვს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ნეონაცისტური ფორმირებების წევრებს უბრძანოს, გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები და შეწყვიტონ წინააღმდეგობა“.

"ჩვენ არ ვითხოვთ მისგან დანებებას. ჩვენ ვითხოვთ, რომ გასცეს ბრძანება, გაათავისუფლოს ყველა მშვიდობიანი მოქალაქე და შეწყვიტოს წინააღმდეგობა. ჩვენი მიზანი არ არის უკრაინაში რეჟიმის შეცვლა. ეს ამერიკული სპეციალობაა, ისინი ამას მთელ მსოფლიოში აკეთებენ“, - განაცხადა ლავროვმა.