ავტორი:

"სამწუხაროდ, ეს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს არ არგებს" - როგორ პასუხობენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინის დაზვერვას

"სამწუხაროდ, ეს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს არ არგებს" - როგორ პასუხობენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინის დაზვერვას

მმართველი გუნდის წარმომადგენლები უკრაინის დაზვერვას პასუხობენ. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სხვა ქვეყნების, მათ შორის, დახმარებით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას.

"იმედი მაქვს, ან განმარტებას გააკეთებენ ან დიდი ალბათობით, როგორც წინა შემთხვევაში, ეს განცხადებაც განცხადებად დარჩება - იმის მიუხედავად, რომ არსებობს სურვილი, ვიდრე ინფორმაცია გავრცელდება, მისი გადამოწმება მოხდეს, არ შემთხვევაშიც პირდაპირ განცხადების გაკეთება არ მოერიდნენ" - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

პაპუაშვილის შეფასებით, იქმნება ყალბი წარმოდგენები, თითქოს საქართველოს რუსეთთან რაიმე გვერდით მოლაპარაკებებში არის ჩართული, რაც ქვეყნის შიგნით არსებული ძალების დეზინფორმაციული კამპანიაა."

  • "სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაშიც არგუმენტების გარეშე გაკეთებული განცხადება ვნახეთ. როგორც წინა შემთხვევაში არავითარი მტკიცებულება ამას არ მოჰყოლია. ჩანს, რომ არის მხოლოდ განცხადება. სამწუხაროდ, ეს იმ მეგობრულ ურთიერთობებს არ არგებს, რაც საქართველოსა და უკრაინას შორის არის.

არ ვიცი, რა არის ამ განცხადების მიზანი, მაგრამ ეს უკრაინის შესაბამისი ინსტიტუტების მიმართ ნდობას საქართველოში არ არგებს - პირველი ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა და ამ ინფორმაციას რაიმე განმარტებები არ მოჰყვა. ეს უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას არამხოლოდ საქართველოში არ აზიანებს - ასეთი განცხადებები საჯაროდ მთელი მსოფლიოს გასაგონად კეთდება და როცა ამის უკან არაფერი დგას, ნდობას ამცირებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უკრაინის დაზვერვის განცხადება უსაფუძვლოა და "საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ცალკეული განცხადებები ვერ შეცვლის"

"პირდაპირ გეტყვით, საქართველოსთან მიმართებით ეს განცხადება გახლავთ უსაფუძვლო და არასწორი.საქართველო, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინას, უკრაინელ ხალხს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

ეს პოზიცია არ შეიცვლება და ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები საქართველოს მხარდაჭერას ვერ შეასუსტებს, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

"სანქცირებული ბიზნესი, საქონელი, ბიზნესაქტივობები, ბიზნესმენი ან რაიმე შავი ხვრელი, რაზეც ასე ინტენსიურად საუბრობენ ჩვენი ე.წ. მოყვარეები, საქართველოში არ არსებობს და ვერ იარსებებს ასეთი სურვილიც რომ გაუჩნდეს ვინმეს" - აღნიშNული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გაკეთა.

მისივე თქმით, თუ უკრაინულ დაზვერვას რაიმე კონკრეტული ინფორმაცია აქვს, შეუძლია წარუდგინოს ქართულ მხარეს.

"რაც შეეხება უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებას, ერთი რამ შემიძლია ვუთხრა დარწმუნებით უკრაინელ ხალხს, ვინც ამ დეზინფორმაციას უსმენს, საქართველოში არანაირი მოლაპარაკება სანქციების გვერდის ავლაზე არ მიმდინარეობს. ასეთი არ განხორციელდება, ვერ განხორციელდება, არც საქონელი და არც ბიზნესი, რომელსაც სანქციები ადევს, საქართველოს გავლით არ მოხვდება არც ერთ ბაზარზე. თუკი რაიმე დამატებითი ინფორმაცია გააჩნია დაზვერვას და ამაზე მეტი იცის, ვიდრე მე ვამბობ, წარმოადგინოს ეს ინფორმაცია, კონკრეტული მასალები და არა ზოგადი საუბარი,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას. დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათი განმარტებით, ექსპორტზე მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანა იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ. უწყების ცნობით, სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული.