ავტორი:

8-წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპი ვაჟის დაბადებას ჯარისკაცი მამა ვერ მოესწრო - ომის კიდევ ერთი ტრაგიკული ისტორია უკრაინიდან

8-წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპი ვაჟის დაბადებას ჯარისკაცი მამა ვერ მოესწრო - ომის კიდევ ერთი ტრაგიკული ისტორია უკრაინიდან

უკრაინაში ახლა ყველა ადამიანს ომის საკუთარი ტრაგიკული ისტორია აქვს. თითოეული მათგანი სულისშემძვრელია და მათგან ერთი-ერთია ცოლ-ქმრის, ვიქტორია და ბოგდან ნაზარენკოების ამბავი. წყვილს 8 წელი შვილი არ უჩნდებოდა, ბოლოს როგორც იქნა, ნანატრი დღე დადგა და ვიქტორია ორსულად აღმოჩნდა, მაგრამ ბედნიერი დღეები დიდხანს არ გაგრძელდა.

რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა და ბოგდან ნაზარენკო სამშობლოს დასაცავად წავიდა, 35 წლის ბოგდანი 14 მარტს ჩერნიჰივის (ჩერნიგოვი) რეგიონში იყო მისიაზე, როცა ის რუსმა სნაიპერმა მოკლა. ქალს 3 კვირა უმალავდნენ ქმრის გარდაცვალების ამბავს.

34 წლის ვიქტორია ნაზარენკოს, რომელიც ტყუპ ბიჭებზე იყო ორსულად, ამ თავზარდამცემი ამბის გაგების შემდეგ, ნაადრევი მშობიარობა დაეწყო.

"მხოლოდ ჩვენი შვილები და მოგონებები დამრჩა მისგან... შვილების ნახვაც კი ვერ მოასწრო, ხელში ვერ აიყვანა," - ამბობს ახალგაზრდა ქვრივი, რომელიც შეუჩერებლად ტირის. ოჯახის წევრები და მეგობრები ორსული ვიქტორიას დაცვას ცდილობდნენ, ამიტომ დაუმალეს ეს ტრაგიკული ამბავი.

მან 3 კვირის შემდეგ გაიგო ყველაფერი, როცა მისი მეუღლე უკვე დაკრძალული იყოს: "3 აპრილს შევიტყვე ყველაფერი, 4 აპრილს კი მშობიარობა დამეწყო", - ამბობს ქალი.

ნაზარენკოებს ტყუპი ვაჟი: მატვი და ზახარი შეეძინათ.

ვიქტორია პარასკევს ესაუბრა Sky News-ს, საწოლზე იჯდა საწოლის გვერდით, რომელზეც მის პაწაწინა ჩვილებს ეძინათ. მატვი და ზახარი ჯერ მხოლოდ ოთხი კვირისანი არიან. ახლა ვიქტორია მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ქალაქ ნიჟინში.

წყვილი ერთმანეთს ტელეფონის საშუალებით ეკონტაქტებოდა ხოლმე. მათი უკანასკნელი სატელეფონო ზარი ბოგდანის სიკვდილის წინა დღეს შედგა. მან ცოლს უთხრა, რომ მისიაზე მიდიოდა და ტელეფონს გამორთავდა.

კაცმა ვიქტორია იმაშიც დაარწმუნა, რომ ჩერნიჰივის ქალაქი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, აუცილებლად უნდა დაეტოვებინა. მომდევნო დღეებში, როცა სიტუაცია დაიძაბა ქალაქში, ქალმა გადაწყვიტა, დაეჯერებინა ქმრისთვის, დაეტოვებინა ჩერნიჰივი და მშობლებთან გადასულიყო.

ვიქტორიამ გამოძიება დაიწყო ბოგდანზე და საბოლოოდ გაიგო, რომ მოკლეს: "ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ჭრილობაა. ყველაზე დიდი კითხვა ისაა, როგორ? როგორ შეუძლია ერთ ადამიანს, რომ მეორე ადამიანს ასეთი რამ გაუკეთოს?" - კითხულობს ვიქტორია, რომელსაც თვალებზე ცრემლი არ უშრება.

ქვრივმა ქალმა ჟურნალისტებს საქორწინო ფოტოალბომიც აჩვენა და მოუყვა, თუ როგორი გახარებული იყო ბოგდანი იმ ამბით, რომ მალე მამა გახდებოდა: "როცა გავიგეთ, რომ ორსულად ვიყავი, ორივე სიხარულისგან დავფრინავდით. შემდეგ, როცა შევიტყვეთ, რომ ტყუპები უნდა მყოლოდა, სიხარული გაგვიორმაგდა. ბოგდანი ბავშვებს ყოველ დღე ელაპარაკებოდა.

ვეუბნებოდი, რომ არ ესმოდათ, მაგრამ ის მაინც განაგრძობდა ჩემს მუცელთან ლაპარაკს", - ამბობს ქალი.

"ბავშვები მახსენებენ, რომ ცხოვრება უნდა განვაგრძოთ. ჩემი პატარები მაძლიერებენ. მე მათი საყრდენი ვარ. სამწუხარო ისაა, რომ მე თვითონ აღარ მყავს საყრდენი, ბოგდანი ჩემი ჯავშანი იყო - ჩემი ყველაფერი", - ამბობს ვიქტორია.

წყარო: news.sky

მოამზადა: ანა სიბოშვილმა