ავტორი:

"ჭამოს კვერცხი და ხაჭო, დამთავრდება პრობლემა " - ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

"ჭამოს კვერცხი და ხაჭო, დამთავრდება პრობლემა " - ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

ჭამოს კვერცხი და ხაჭო, დამთავრდება პრობლემა. მგონი რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რომ განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, შესაძლოა, ეს იყოს წინასწარ განზრახული გეგმა და "იმიტომ არ იღებდე ცილას, რომ შემდეგ შესაბამისი დიაგნოზი დაგისვან“.

მისივე განცხადებით, სააკაშვილის გადაცემა ან გათავისუფლება გამორიცხულია და ყველა, ვინც ამას მოითხოვს, ერთადერთი მიზანი - საქართველოს ომში ჩართვა ამოძრავებს.

"ბუნებრივია, როდესაც რაღაც ანონსი სრულ სიცრუეზე და სიყალბეზეა აგებული, ვერანაირი წარმატება ვერ ექნება. პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ამ კუთხით ყველაფერი კეთდება. მიხეილ სააკაშვილი ყველანაირი პირობებით არის უზრუნველყოფილი, ბუნებრივია ამ პასუხისმგებლობით გაგრძელდება მოქმედება, დანარჩენი არის თავად პატიმრის პასუხისმგებლობა. მათ აქციებს მხარდაჭერა ვერ ექნება, ვინაიდან ხალხი "ნაცმოძრაობას“ არ უჭერს მხარს, მათი დასუსტების ხარჯზე პოლარიზაციის ხარისხი არის შემცირებული, რაც არის კარგი მდგომარეობა და ეს მდგომარეობა უნდა შევინარჩუნოთ. მისი გადაცემა ან გათავისუფლება არის გამორიცხული, თუ ვინმე ახლა ან მომავალში მოითხოვს სააკაშვილის სადმე გადაცემას ან გათავისუფლებას, ამოძრავებს ერთადერთი მიზანი - საქართველოს ომში ჩართვა. ვერანაირ გადაცემაზე, ან გათავისუფლებაზე ვერ იქნება საუბარი, ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისთვის და დამსახურებულად იხდის სასჯელს.

მარტივად გვაქვს საქმე - შეუძლია მიიღოს ცილა და არ იღებს ცილას, კეთილი ინებოს, მიიღოს ცილა და დამთავრდება ამით ყველაფერი. ცილას ვერ იღებს, ან არ იღებს რას ჰქვია? თუ არ იღებს, ეს არის შიმშილობის ერთგვარი ფორმა. რატომ ვერ უნდა ჭამდე ხაჭოს ან კვერცხს, ამ დეტალებში მე ვერ შევალ, ჭამოს კვერცხი და ხაჭო, დამთავრდება პრობლემა. მგონი რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რომ განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ. სინამდვილეში, ეს შეიძლება იყოს წინასწარ განზრახული გეგმა, შეიძლება იმიტომ არ იღებდე ცილას, რომ ასეთი დიაგნოზი დაგისვან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.