ავტორი:

"ლავროვის განცხადებები შემთხვევითი არ არის... ის ნაცისტურ დანაშაულში ებრაელ ხალხს ადანაშაულებს - საკითხავია, დარჩება ისრაელის ელჩი მოსკოვში?" - ზელენსკი

"ლავროვის განცხადებები შემთხვევითი არ არის... ის ნაცისტურ დანაშაულში ებრაელ ხალხს ადანაშაულებს - საკითხავია, დარჩება ისრაელის ელჩი მოსკოვში?" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში მიმდინარე ომის 68-ე დღის შემაჯამებელ ვიდეო მიმართვაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ ისრაელთან დაკავშირებულ კომენტარს ეხმაურება.

ზელენსკის თქმით, ლავროვის ეს სიტყვები ნიშნავს, რომ ნაცისტურ დანაშაულებებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ებრაელ ხალხს ადანაშაულებს.

"გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღიად და უყოყმანოდ განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ანტისემიტები, სავარაუდოდ, თავად ებრაელებს შორის იყვნენ და რომ ჰიტლერს თითქოს ებრაული სისხლი ჰქონდა. როგორ შეიძლება ამის თქმა ნაციზმზე გამარჯვების წინა დღეს? ეს სიტყვები ნიშნავს, რომ რუსეთის მთავარი დიპლომატი ნაცისტურ დანაშაულში ებრაელ ხალხს ადანაშაულებს.

კიევში, ბაბინ იარზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, რუსული დაბომბვებისგან, ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებს გადარჩენილი უბრალო ადამიანების სიკვდილის შემდეგ, მათი მინისტრის ანტისემიტური მიმართულება ნიშნავს, რომ რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის ყველა გაკვეთილი დაივიწყა, ან იქნებ მათ ეს გაკვეთილები არასოდეს უსწავლიათ", - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ საინტერესოა, თუ როგორ გაგრძელდება ისრაელის ელჩის დიპლომატიური მისია მოსკოვში.

მისი თქმით, ლავროვის განცხადებები შემთხვევითი არ არის.

"საკითხავია, დარჩება თუ არა ისრაელის ელჩი მოსკოვში, მათი ახალი პოზიციის გაცნობის შემდეგ? დარჩება თუ არა რუსეთთან ურთიერთობა ჩვეულ რეჟიმში? იმიტომ რომ ეს არ არის შემთხვევითი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის - ,,ჰიტლერიზმის დიდი მცოდნის" სიტყვები შემთხვევითი არ არის", - დასძინა ზელენსკიმ. უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ლავროვის სიტყვები არ არის შემთხვევითი, რადგან რუსეთი ,,ფილტრაციის ბანაკებს" ქმნის, სადაც ადამიანებს აწამებენ, აუპატიურებენ, კლავენ და ა.შ.

შეგახსენებთ, იტალიურ ტელეარხ Rete 4-თან ინტერვიუს დროს, ლავროვს ჰკითხეს, როგორ შეუძლია რუსეთს თქვას, რომ უკრაინის „დენაციფიკაცია“ უნდა განახორციელოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია. ლავროვმა კი უპასუხა, რომ „ჰიტლერსაც ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, ასე რომ, ეს არაფერს ნიშნავს“. ისრაელმა ლავროვის კომენტარი დაგმო და რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა.