ავტორი:

"არ მეგონა ახსნა თუ დამჭირდებოდა - ჩემი განცხადება არ ნიშნავდა იმას, რომ ეტლში მყოფი ადამიანები არიან მცენარეები, არამედ იმას, რომ მიშა იქნება მცენარე" - ჟორჟოლიანი

"არ მეგონა ახსნა თუ დამჭირდებოდა - ჩემი განცხადება არ ნიშნავდა იმას, რომ ეტლში მყოფი ადამიანები არიან მცენარეები, არამედ იმას, რომ მიშა იქნება მცენარე" - ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც გუშინ გაკეთებული განცხადების გამო მწვავედ გააკრიტიკეს, განმარტებას აკეთებს. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ეტლში მყოფ ადამიანებზე მისი კომენტარი არასწორად აღიქვეს და ეს განცხადება არ ნიშნავს, რომ "ეტლში მყოფი ადამიანები არიან მცენარეები".

"დღეს, ჩემს მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, ჩასაფრებული ადამიანებისთვის სპეკულაციების სივრცე დატოვა. ამიტომ უნდა განვმარტო. ეტლში ადამიანი შეიძლება მოხვდეს ბევრი მიზეზით. ვიღაცისთვის ავარიის გამო დგება დღის წესრიგში ეტლის აუცილებლობა და ვიღაცისთვის თანდაყოლილი ტრავმა. დედაჩემის შემთხვევაში სიმსივნე იყო მიზეზი, რის გამოც, სიცოცხლის ბოლო დღეები სრულად ეტლში გაატარა.

ძალიან ხშირად, ეტლში მყოფი ადამიანები, ახერხებენ არა თუ საკუთარ სივრცეში წარმატების მიღწევას, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის გამარჯვებების მოტანას. მათი ცხოვრება სრულფასოვანია და ძალიან შორსაა იმისგან, რაც დღეს მიშას კონტექსტში ვთქვი.

დღევანდელი ჩემი განცხადება ნიშნავდა იმას კი არა, რომ ეტლში მყოფი ადამიანები არიან მცენარეები, არამედ იმას, რომ მიშა იქნება მცენარე, იმიტომ რომ მისი დიაგნოზი იძლევა ამის საშიშროებას.

არ მეგონა ამის ახსნა თუ დამჭირდებოდა, მაგრამ მესმის რომ მიშას თემა დამატებითი მოტივაციაა განცხადებები არასწორად აღიქვათ. რაც შეეხება ეტლში მყოფ ადამიანებს, გიგზავნით სიყვარულს და სითბოს და გიხდით ბოდიშს თუ ოდნავ მაინც ემოციებზე მოგხვდათ ჩემი განცხადება. არ ჩამოვთვლი პროექტებს, რომელიც ამ ფორმატში გამიკეთებია და გავაკეთებ მომავალში" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, გუშინ "მთავარი არხის" ეთერში ჟორჟოლიანმა, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზზე საუბრისას აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტს "ეტლში ჩაჯდომა ემუქრება". ასევე თქვა, რომ მსგავსი სცენარის შემთხვევაში სააკაშვილის სიცოცხლეს აზრი არ ექნება.

"მე ნანუკა ჟორჟოლიანი ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ ახლა საკითხი დგას ასე - მიხეილ სააკაშვილი ეტლში იქნება მცენარე და აზრი არ ექნება მის სიცოცხლეს და ეს არის შედეგი რასაც უნდათ, რომ მიაღწიონ, თუმცა არავინ იცის შედეგი რამდენად ფატალური იქნება" - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.