"როგორც ჩანს, სააკაშვილს დეპრესია აქვს და აქედან გამომდინარე, სამედიცინო მომსახურებას საჭიროებს" - შალვა პაპუაშვილი

"როგორც ჩანს, სააკაშვილს დეპრესია აქვს და აქედან გამომდინარე, სამედიცინო მომსახურებას საჭიროებს" - შალვა პაპუაშვილი

ზოგადად, ადამიანურ დონეზე დასკვნა რაც შეიძლება გამოვიტანოთ, არის ის რომ, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს დეპრესია აქვს და აქედან გამომდინარე, ის სამედიცინო მომსახურებას საჭიროებს - იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ სახის სამედიცინო მომსახურების შეთავაზება ხდება და ის უარს ამბობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებსა და მომხრეებს მოუწოდა, რომ ის სამედიცინო მომსახურების მიღებაზე დაითანხმონ.

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა დააანონსა, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო თავისუფალი ქვეყანაა და ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარი აზრი ღია ცის ქვეშ გამოხატოს.

"აქ ორი საკითხი უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. მისი ოჯახის თუ მისი გულშემატკივრების სურვილზე, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს და მან ის სასჯელი აირიდოს, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ მიუსაჯა, უნდა ვთქვათ, რომ კანონის უზენაესობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ როდესაც ადამიანი დანაშაულს ჩადის და ამ დანაშაულზე განაჩენი გამოდის სასჯელი, უნდა იქნას მოხდილი. ეს არის ყველაზე საბაზისო პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოსი. თქვენ იცით, რომ 2 საქმესთან დაკავშირებით სააკაშვილის წინააღმდეგ განაჩენი ძალაში შესულია და ის სასჯელს იხდის. მათ შორის, ერთ-ერთთან დაკავშირებით, სანდრო გვირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომაც კი პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს დაადო ხელი, როგორც პრეზიდენტს, რომელიც სანდრო გვირგვლიანის მკვლელობაში დამნაშავე ადამიანებს ხელს აფარებდა.

მეორე საკითხი ეს გახლავთ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის ჯანმრთელობის საკითხი. რა თქმა უნდა, პენიტენციურ სამსახურს აქვს ვალდებულება, ისევე როგორც ნებისმიერ პატიმარზე, რომ მას სათანადო სამედიცინო სერვისი გაეწიოს, იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში რაც მოვისმინეთ არის შემდეგი: როგორც პენიტენციური ისე, ომბუდსმენის ექსპერტების დასკვნა მიუთითებენ იმაზე, რომ მართალია, გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები არსებობს, მაგრამ მას რაღაც სერვისები მიეწოდება, რომლებზეც თავად ამბობს უარს. მაგალითად, გარკვეული სამედიცინო პერსონალის მომსახურებაზე, თუ გარკვეულ მკურნალობაზე. ჩვენ მოვისმინეთ ასევე, იუსტიციის მინისტრის განმარტებები, რომ ის გარკვეულ მედიკამენტებს არ იღებს, შეთავაზებულ სერვისებს არ იღებს და ა.შ.

ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი, ვინც მიხეილ სააკაშვილს გულშემატკივრობს ახლა უნდა იყოს დაკავებული არა იმით, რომ მას აგულიანებდეს, რომ ამ სერვისების მიღებაზე კვლავ უარს ამბობდეს, არამედ პირიქით, უნდა ცდილობდეს, რომ ის შესაბამისი სერვისების მიღებაზე დაითანხმოს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ტერმინი „გადაყვანა“ მანიპულაციის საკითხი გახდა.

"მანიპულაცია იმაში მდგომარეობს, რომ ე.წ. გადაყვანა ყველა შემთხვევაში რატომღაც ქვეყნის დატოვებასთან და სასჯელის თავის არიდებასთან განიმარტება, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს იმას, რომ საქმე გვაქვს იმასთან, რომ მიხეილ სააკაშვილმა რამენაირად თავი აარიდოს იმ სასჯელს, რომელიც სამართლიანად იქნა მიღებული,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.