ავტორი:

"საქართველოს მთავრობა გონს უნდა მოვიდეს... გერმანიის მთავრობას არანაკლებ აკრიტიკებს უკრაინა და ნაცვლად იმისა, რომ მათ "ნაცები" ეძახონ, მძიმე არტილერიას უგზავნიან" - იაგო ხვიჩია

"საქართველოს მთავრობა გონს უნდა მოვიდეს... გერმანიის მთავრობას არანაკლებ აკრიტიკებს უკრაინა და ნაცვლად იმისა, რომ მათ "ნაცები" ეძახონ, მძიმე არტილერიას უგზავნიან" - იაგო ხვიჩია

საქართველოს მთავრობა გონს უნდა მოვიდეს და დაიკავოს სწორი პოზიციები - გერმანიის მთავრობას არანაკლებ აკრიტიკებს უკრაინა და ნაცვლად იმისა, რომ მათ "ნაცები" ეძახონ, მძიმე არტილერიას უგზავნიან, - ამის შესახებ "გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, როცა ხელისუფლება უკრაინას პასუხობს, რომ ბრალდებებზე მათგან მტკიცებულებებს ელოდებიან, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მტკიცებულებებს სანქციები მოჰყვება და სწორედ ამიტომ აკეთებენ ისინი პრევენციულ განცხადებებს.

"ძალიან ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო ეს განცხადებები, რადგან ჩვენ ბევრად მეტი მოგვეთხოვება, როგორც ოკუპირებულ ქვეყანას, რომელიც ბრძოლაშია, ისევე როგორც უკრაინა. ასეთი ქვეყნისგან ბევრად მეტს ელოდებიან და არა იმ პოზიციას, რაც ახლა საქართველოს მთავრობას უჭირავს, ამიტომ ჩემი აზრით, მადლობაც არის სათქმელი, რომ ქართველი ხალხი არ გაგვაიგივა იმ პოზიციასთან, რაც არ გვეკადრება ჩემი აზრით.

ჩემი აზრით, არასწორად გვესმის რასაც გვეუბნებიან, როცა გვაკრიტიკებენ, რომ არსებობს რაღაც ტიპის მოლაპარაკებებს თქვენს და რუსეთს შორის, ვითხოვთ ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. მტკიცებულებები თუ დაიდო, მაშინ უნდა დაგასანქცირონ, შესაბამისად, ეს არის პრევენციული ღონისძიება, სადაც შენი მეგობრები გეუბნებიან, რომ "ჩვენ ვიცით რაღაც თქვენს შესახებ და არ გააგრძელოთ ისე, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ". ამიტომ საქართველოს მთავრობა გონს უნდა მოვიდეს და დაიკავოს სწორი პოზიციები, ისევე როგორც გერმანიის მთავრობას არანაკლებ აკრიტიკებს უკრაინა და ნაცვლად იმისა, რომ "ნაცები“ ეძახონ, მძიმე არტილერიას უგზავნიან. ჩვენც მსგავსი პოზიცია უნდა დავიკავოთ და ომში მყოფ ქვეყანას არ უნდა პასუხობდე, რომ "ნაცები“ არიან“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას უპირისპირდება.

"საქართველოს მთავრობის და რა თქმა უნდა, არა ხალხის, პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს. რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია [რუსეთის] მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყნებთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს,"- განაცხადა პოდოლიაკმა.