ავტორი:

"ჩემს კაბაზე აღმოჩენილია ილია ჯიშკარიანის დნმ, რაც ადასტურებს ჩემზე ძალადობას" - თამთა თოდაძე იმედოვნებს, რომ სასამართლო საკრებულოს ექსდეპუტატს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს

"ჩემს კაბაზე აღმოჩენილია ილია ჯიშკარიანის დნმ, რაც ადასტურებს ჩემზე ძალადობას" - თამთა თოდაძე იმედოვნებს, რომ სასამართლო საკრებულოს ექსდეპუტატს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს

დაზარალებული თამთა თოდაძე იმედოვნებს, რომ საკრებულოს ყოფილ დეპუტატს ილია ჯიშკარიანს, რომელსაც მასზე ძალადობა ედება ბრალად, სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს. ამის შესახებ თამთა თოდაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც აღნიშნულ საქმეზე დღეს განაჩენი უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა პროცესი 20 მაისამდე გადაიდო. როგორც თამთა თოდაძემ აღნიშნა, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომელიც მის სიმართლეს ადასტურებს, კერძოდ კი იმას, რაც 2019 წლის 30 სექტემბერს.

“დიახ, ჩემს კაბაზე აღმოჩენილია ილია ჯიშკარიანის დნმ, რაც ადასტურებს ჩემი მისამართით მის მიერ განხორციელებულ ძალადობას. ძალიან ვწუხვარ, რომ დღევანდელი პროცესიც გადაიდო, იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს ბოლო პროცესი იქნება. რეპლიკა მოვისმინე ბრალდებულის მხრიდან, რომ გამაწვალეს, პროცესის გადადებით ძალიან დავიღალეო და რეალურად მე უფრო დავიღალე იმ ყველაფრით იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ჩემზე მიმართული, ნერვების მომშლელია. ანუ მარტივი არ არის. უკვე მესამე წელი გახდება, რაც ეს სასამართლო პროცესები გრძელდება. თუმცა იმედს დავიტოვებ, რომ 20 მაისს ჩანიშნული პროცესი საბოლოო იქნება და განაჩენი მალე დადგება”,- განაცხადა თამთა თოდაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ბრალდებლ ილია ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის მიერ გაკეთებული ყველა განცხადება სიცრუეა.

“მე მოლოდინი მაქვს იმისა, რომ მხოლოდ გამატყუნებელი განაჩენი იქნება. შეუძლებელია, რომ ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგეს, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც პროკურორმა არაერთხელ თქვა, არსებობს ექსპერტიზის დასკვნები, რომელმაც დამათვალიერა და ჩემი დაზიანებები ნახა, ასევე, არსებობს დნმ-ს დასკვან, რაც ადასტურებს იმას, რომ ამ ადამიანმა ჩემზე იძალადა. ბევრი ობიექტური მტკიცებულება არსებობს, ველოდები მხოლოდ ერთადერთ გადაწყვეტილებას და ეს უნდა იყოს გამამტყუნებელი”. განაცხადა თოდაძემ.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით იმჟამად 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.