ავტორი:

"მთავარია, პუტინმა კარი გააღოს" - რომის პაპი ამბობს, რომ მოსკოვში ჩასვლა და პუტინთან შეხვედრა სურს

"მთავარია, პუტინმა კარი გააღოს" - რომის პაპი ამბობს, რომ მოსკოვში ჩასვლა და პუტინთან შეხვედრა სურს

რომის პაპს მოსკოვში ჩასვლა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს. როგორც პაპი ფრანცისკე ამბობს შესაბამისი შეხვედრის მოსაწყობად რუსეთში მოთხოვნა უკვე გაგზავნა, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღია.

აღნიშნულის შესახებ რომის პაპმა იტალიურ გაზეთ Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი კირილი, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, არ შეიძლება პუტინს მსგავს საქმეებზე "კურთხევას აძლევდეს."

ფრანცისკეს თქმით, მან კონფლიქტის დაწყებიდან 3 კვირაში ვატიკანის წამყვან დიპლომატს სთხოვა პუტინისათვის მისი დანაბარები გადაეცა, რომ მზადაა მოსკოვში ჩავიდეს.

"რა თქმა უნდა, საამისოდ კრემლის ლიდერის თანხმობაა საჭირო. პასუხი დღემდე არ მიგვიღია, მაგრამ ფარ-ხმალს მაინც არ ვყრით", - ამბობს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი.

"ვშიშობ, რომ პუტინს არც უნდა და არც შეუძლია ამ ეტაპზე შეხვედრა. მაგრამ როგორ შეიძლება ამგვარი სისასტიკე? 25 წლის წინ რუანდაში ჩვენ იგივე განვიცადეთ", - ამბობს ფრანცისკე.

პაპმა განაცხადა, რომ კიევში ვიზიტსაც განიხილავს. თუმცა დასძენს, რომ უკრაინამდე, ჯერ მოსკოვში სურს წასვლა:

"ჯერ პუტინს უნდა შევხვდე. რაც შემიძლია, ვაკეთებ. მთავარია, პუტინმა გააღოს კარი“, - ამბობს ფრანცისკე.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა