ავტორი:

"ომის პროპაგანდას რომ ვეწევით, საკურორტო ქვეყანა ვართ, თუ სამხედრო პროპაგანდის მსხვერპლი?!" - აფხაზეთში ავტომობილებს Z ნიშანს აწერენ: როგორია ადგილობრივების გამოხმაურება?

"ომის პროპაგანდას რომ ვეწევით, საკურორტო ქვეყანა ვართ, თუ სამხედრო პროპაგანდის მსხვერპლი?!" - აფხაზეთში ავტომობილებს Z ნიშანს აწერენ: როგორია ადგილობრივების გამოხმაურება?

ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის მხარდამჭერი Z ნიშნით ავტომანქანები გამოჩნდა. ადგილობრივების თქმით, ამ მხრივ გამორჩეულად ისინი აქტიურობენ, ვინც ე.წ. სახელმწიფო უწყებებშია დასაქმებული და სამსახურის ავტომანქანით სარგებლობენ.

"რადიო თავისუფლება" ავრცელებს ფოტოებს, რომელშიც გალის ე.წ. მილიციის მანქანებზე Z ნიშნებია გამოსახული.

ფოტო: რადიო თავისუფლება

ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, რომ მოსახლეობის აზრი ომთან დაკავშირებით ისევ გაყოფილია. ნაწილი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიას მხარს უჭერს და მასში მონაწილეობის სურვილსაც გამოთქვამს, სხვები კი, ყველანაირი სისხლისღვრის სასტიკი წინააღმდეგები არიან.

აფხაზები წერენ, რომ მათი ხელმძღვანელობა იძულებულია, რუსეთს მხარდაჭერა შესთავაზოს და კრემლის პათოსი გაიზიაროს, რასაც ერთადერთი ახსნა აქვს - არ შეწყვიტოს მოკავშირე ქვეყანასთან პარტნიორული ურთიერთობა და არ შეიცვალოს დამოკიდებულება, როგორც მისმა ერთადერთმა მოკავშირე, საიმედო სახელმწიფომ.

ომის პოლიტიკის მხარდაჭერა ე.წ. სამთავრობო დაწესებულებების მიერ არის დაფინანსებული. მათ შორის იყო რამდენიმე ხნის წინ გამართული ავტორბოლა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერას ემსახურებოდა.

კერძოდ, 50-მდე ავტომანქანამ, რომელსაც ადგილობრივ აფხაზები და დონბასიდან ჩამოსული ლტოლვილები მართავდნენ, სოხუმის ცენტრში ავტოკოლონებით რუსული ასო Z დაწერეს. მსგავსი აქციები გაიმართა სოხუმსა და ოჩამჩირეში, ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების მიერ.

ნახეთ ვიდეოკადრები:

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ რუსულ Z-ს ან სხვადასხვა შინაარსის ომის მხარდამჭერ წარწერებს ნახულობენ როგორც ქალაქში, ასევე საცხოვრებელ ბინებზე, ან ჭიშკრებზე, ან სულაც ე.წ. საჯარო დაწესებულებებზე. იყო შემთხვევა, როდესაც მოწინააღმდეგეებმა ის წაშალეს, ან გადააკეთეს, რასაც დაპირისპირებაც მოჰყვა.

"ამას წინათ ვნახე Z ნიშანი და ქვემოთ წარწერა, "ჩვენ ერთად ვართ" - სად ვართ ერთად, ომში? და რატომ? სადაც ტყვია გავარდება, ყველგან უნდა ვიბრძოლოთ, იმიტომ, რომ ჩვენს ბიჭებს სხვა შემოსავალი არ აქვთ და მიაჩნიათ, რომ ომში ადვილი ფული იშოვება?" - წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი ანატოლი დასანია.

"მე არ მყავს მანქანა, თორემ მე გავაკეთებდი Z - ნიშანს, რა არის აქ მიუღებელი. რუსეთის გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა, აფხაზეთის გაძლიერებაცაა. ანუ უკრაინაში ნეონაციზმის დამარცხება და მშვიდობა გინდათ, ოღონდ ისე, რომ თქვენ არ ჩაერიოთ, ზაფხულობით კი, სახლები და სასტუმროები ტურისტებით აგევსოთ, არა?.. პირიქით, სკოლებშიც გავაკეთებთ ამ ნიშანს, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ, სად, ვის ებრძვიან ჩვენი გმირები" - მიაჩნია ნადია ხაჯიმბას.

"ჩვენი წარმატებული ახალგაზრდები, მოსკოვის სახელმწიფოს უნივერსიტეტში მოხვდნენ, აფხაზეთისთვის გამოყოფილი ლიმიტის ფარგლებში, მაგრამ ვის აინტერესებს ჩვენ ქვეყანაში სწავლა განათლება, აქ ომი უფრო პრიორიტეტულია. გუშინ ტაქსის მძღოლს ჰქონდა Z-ნიშანი თავის მანქანაზე, სალონშიც, გარეთაც. ვკითხე, რატომ აკეთებთ ამას, იცით, რომ ორივე მხარეს ადამიანები იხოცებიან-მეთქი, მიპასუხა - ყველა ომში იხოცებიან ადამიანებიო. ეს ხომ სისულელეა? ვისაც უნდა წავიდეს, მოხალისის თუ მშვიდობისმყოფელის სტატუტით, გაჰყვეს ახრა ავიძბას სადაც უნდა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება რომ ომის პროპაგანდას ეწევა, რა ახსნა აქვს ამას?.. საკურორტო ქვეყანა ვართ თუ სამხედრო პროპაგანდის მსხვერპლი" - წერს სოციალურ ქსელში ელიზავეტა სუხუმი.