ავტორი:

"ერთხელ, ჟერარ დეპარდიე შემოვიდა... უცბად მისი სახელი ვერ გავიხსენე და "ბატონი ობელიქსით" მივმართე" - ვინ არის პარიზის პრესტიჟული ყვავილების მაღაზიის ქართველი დირექტორი

"ერთხელ, ჟერარ დეპარდიე შემოვიდა... უცბად მისი სახელი ვერ გავიხსენე და "ბატონი ობელიქსით" მივმართე" - ვინ არის პარიზის პრესტიჟული ყვავილების მაღაზიის ქართველი დირექტორი

პარიზის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მე-18 საუკუნის შენობა დგას, რომლის პირველ სართულზე მრავალწლოვანი ისტორიის მატარებელი, ვინტაჟური სტილის ყვავილების მაღაზიაა ძველი ავეჯითა და პირვანდელი სახის ხელშეუხებელი ინტერიერით. მისი სტუმრები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან, მათ შორის: მთავრობის წევრები, ბიზნესმენები, მსახიობები, მაღალი მოდის ინდუსტრიის თანამშრომლები და ა.შ. ამ პრესტიჟული მაღაზიის კრეატიულ დირექტორს ბექა ცერცვაძეს 20 აპრილს 23 წელი შეუსრულდა.

ბექა მეოთხე წელია, საფრანგეთში ცხოვრობს. იქ ენის შესასწავლად გაემგზავრა, თბილისში ჟურნალისტიკას ეუფლებოდა და ამ კუთხით აპირებდა პროფესიული კარიერის გაგრძელებას, მაგრამ პარიზში ფლორისტთა სკოლაში მოხვედრისა და მისი დასრულების შემდეგ მისი გეგმები შეიცვალა. ყვავილების მაღაზიაში მუშაობის დაწყებიდან უმოკლეს დროში ზემოაღნიშნულ პოზიციაზე დაწინაურდა. დარწმუნებული ვარ, მას კიდევ უფრო წარმატებული და მრავალფეროვანი მომავალი ელის, სწორედ ისეთი, როგორიც მისი ხელით შექმნილი თაიგულებია.

- ბექა, თქვენი ხელით შექმნილი ყვავილების ზღაპრული კომპოზიციით მოხიბლული, პირველი რიგში გკითხავ: მგონია, ყვავილებსაც აქვს მოდა და ამ თვალსაზრისით ვარდია ყოველთვის ლიდერი თუ ვცდები?

- პიონი... ამ დიდ, ლამაზ და სურნელოვან ყვავილზე საფრანგეთში ყოველთვის დიდი მოთხოვნაა. ვფიქრობ, ვარდი თითქოს "მოძველდა“, გაუფასურდა, ხალხს მოჰბეზრდა. წითელი ვარდი სიყვარულთან ასოცირდება, მაგრამ ვალენტინის დღესთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე წელია, საფრანგეთში ეს ტენდენცია შეცვლილია. წელიწადის სხვადასხვა დროს ვარდების გამოყვანა ხდება სათბურებში ძირითადად ეკვატორზე, აფრიკასა და ჰოლანდიაში და იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტჯერ აყვავდნენ, დიდი გაიზარდონ, უზარმაზარ ელექტროენერგიას მოიხმარენ და ბევრ მავნე პროდუქტს იყენებენ.

ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ საფრანგეთში მინიმალური ხელფასი 1.550 ევროა, ამაზე ნაკლები არავის აქვს და ეს ეხება ყველა პროფესიის წარმომადგენელს. კენიასა და აფრიკის სხვა ქვეყნებში ყვავილების მოყვანაში დასაქმებულს თვეში 98-დან 153 ევრომდე გამოსდის და ევროპაში თვლიან, რომ ამ მიდგომით თანამედროვე სამყაროში ისევ მონები გვყავს. გარდა იმისა, რომ ცოტას უხდიან, თან ადამიანებს წამლავენ იმ შხამ-ქიმიკატებით, რომლებთანაც ყოველდღიურად უწევთ შეხება და რომელთა გამოყენება ევროპაში აკრძალულია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საფრანგეთში ყველა და მათ შორის ჩვენც, ფლორისტები, ვამბობთ, რომ ვალენტინობას ვარდები არ გვჭირდება.

ამ თემაზე ტელევიზიითაც მზადდება გადაცემები, სადაც დაწვრილებით ხსნიან, რომ ზამთარში წითელი ვარდების სეზონი არ არის, უჩვენებენ, თუ როგორ ხდება ამ ყვავილების გამოყვანა ხელოვნურ პირობებში და საუბრობენ რისკებზეც, იმ დაავადებებზე, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს შხამ-ქიმიკატებმა. მინდა, ერთი ფაქტი მოვიყვანო: ბევრგან, მათ შორის საქართველოში, ტორტებისა და სხვა საკონდიტრო ნაწარმის ცოცხალი ყვავილებით გაწყობა ხდება. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან შხამ-ქიმიკატები კრემზე, ბისკვიტზე გადადის. შეიძლება შეჭამო და ხვალ არ მოკვდე, მაგრამ ორგანიზმი იწამლება და ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებს ჯანმრთელობაზე.

- როდის ხართ ხოლმე ყველაზე დატვირთული?

- ყოველი დღე დატვირთულია, რადგან დიდი მოთხოვნაა ყვავილებზე. საფრანგეთში ყვავილების 4 ათასი მაღაზიაა. აქ არა მხოლოდ დაბადების დღეებზე, არამედ მეგობრები ერთმანეთის სანახავად ან შვილი დედის მოსანახულებლად რომ მიდის, ყვავილები მიაქვთ. კიდევ ერთი კარგი ტრადიციაა - მაგალითად, თქვენი ქმარი მოდის მაღაზიაში, იხდის ათას ევროს და მის მეუღლეს სამი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ შეუძლია ნებისმიერ დროს მოვიდეს და სახლისთვის მისთვის სასურველი თაიგული წაიღოს.

- ენის შესასწავლი კურსების გავლის შემდეგ პარიზის ფლორისტთა სკოლა დაამთავრეთ. სწავლის პარალელურად, ალბათ სადმე მუშაობაც გიწევდათ. რა ეტაპები გაიარეთ დღემდე?

- თავიდან საფრანგეთში მხოლოდ რამდენიმე თვით დარჩენა მქონდა გადაწყვეტილი - ფრანგული ენის კურსებს გავდიოდი. გაკვეთილები რომ მიმთავრდებოდა, მივდიოდი 2 გოგონასთან, რომლებიც დამყავდა სკოლაში, სხვადასხვა მასწავლებელთან, იოგაზე. ისინი საღამოს 7 საათამდე მებარნენ და მათ მოვლაში მიღებული თანხა იყო ჩემი შემოსავალი. ამის შემდეგ საქართველოში დაბრუნებას ვგეგმავდი, სადაც უკვე ვიყავი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი და ვფიქრობდი, სწავლა გამეგრძელებინა. ვიცოდი, პარიზში ამას ვერ შევძლებდი, ქვეყანას არ ვიცნობდი და ეს ძალიან ამბიციური განაცხადი იქნებოდა ჩემი მხრიდან. ბევრმა მეგობარმა მირჩია, რომ შეიძლებოდა, საფრანგეთიდან წამოსვლა მენანა და კარგი იქნებოდა, თუ პარიზში დავრჩებოდი... სწორედ მაშინ ვცადე ჩემი საბუთების გაგზავნა სხვადასხვა სასწავლებელში და ერთ-ერთი იყო პარიზის ფლორისტთა სკოლა, საიდანაც 3 დღეში დამირეკეს.

ბარდებოდა: ბიოლოგია, ქიმია, მათემატიკა, ისტორია, ფრანგული. იმ დროს გამართული ფრანგულით ჯერ კიდევ ვერ ვსაუბრობდი, 2-გვერდიანი თემის ნაცვლად, დაახლოებით ასეთი რამ დავწერე: „გამარჯობა. მე მქვია ბექა. ჯერჯერობით ფრანგულად კარგად ვერ ვსაუბრობ, ბოდიში“ (იცინის). რამდენიმე დღეში შემატყობინეს, რომ სკოლაში ჩარიცხული ვიყავი. ამ ადგილას მოხვედრა ძალიან რთულია, უბრალოდ იმიტომ გამიმართლა, რომ საქართველოდან ვიყავი, არავინ იცოდა, ეს ქვეყანა სად იყო და ვფიქრობ, ამან დააინტერესათ. შემდეგ უკვე სწავლის პროცესში გაკვეთილებზე ჩემი მასწავლებლები 10-15 წუთს მითმობდნენ, რომ საქართველოზე მელაპარაკა, მათ შორის - სიმბოლოებზეც. 9 აპრილის ფოტოებს ვაჩვენებდი და მოვუყევი, რომ რუსთაველზე ამ დღეს ყოველთვის ტიტები და მიხაკები მიგვაქვს. აღდგომის ტრადიციებზეც ვუამბობდი, როცა ხორბალს ვზრდით, კვერცხებს ენდროთი ვღებავთ. არც კი იცოდნენ, რომ ენდრო მცენარეა და მისი ფესვები წითელ ფერს გამოჰყოფს. მთელი სწავლების განმავლობაში ინფორმაციას ვცვლიდით, ისინი მე მასწავლიდნენ, მე კი ფლორისტებს იმ ინფორმაციას ვაწვდიდი, რაც თითქმის ყველამ იცის საქართველოში...წაიკითხხეთ სრულად