ავტორი:

"თურმე მალდივებზე უნდა იქნას გადაყვანილი სააკაშვილი და იქ ექნება გარემოსთან შემგუებლობა" - ალუდა ღუდუშაური

"თურმე მალდივებზე უნდა იქნას გადაყვანილი სააკაშვილი და იქ ექნება გარემოსთან შემგუებლობა" - ალუდა ღუდუშაური

პარტიაში გაცხელებული თავები როგორმე უნდა გაიგრილონ და უთხრან, რომ დაბრუნდი რეალობაშიო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ვერავინ იტყვის, რომ დღეს სააკაშვილის რაიმე უფლება არის დარღვეული.

„ეს ადამიანი იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი, დიახ, სამწუხაროდ ეს ასეა. მაგრამ თუნდაც ყოფილი პოლიტიკური პოზიცია გავალდებულებს, რომ ასეთი ოხუნჯობა არ უნდა მოიგონო და ასე კომიკურად არ უნდა მოექცე საკუთარ თავს, გნებავთ საკუთარ ამომრჩეველს, პარტიას.

ჯერ თავიდან გახსოვთ, რა შიმშილობას ჰქონდა ადგილი, შემდეგ თაფლს და შოკოლადს მიირთმევდა, დიეტის მაგვარი იყო. როდესაც გორის ჰოსპიტალში იყო, „უვადო შიმშილობა“ და მსგავსი განცხადებები გააკეთა და ახლა ვხედავთ მესამეს. ვინ აუკრძალა სააკაშვილს რაიმე საკვების მიღება?

ექიმები განცხადებებს აკეთებენ, რომ თურმე მალდივების კუნძულებზე უნდა იქნეს გადაყვანილი სააკაშვილი და იქ ექნება მას გარემოსთან შემგუებლობა. თურმე გარემოსთან შემგუებლობა ყოფილა პრობლემა, რომელიც დეპრესიისკენ უბიძგებს ადამიანს. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ერთი ადამიანი მანახეთ, ვინც ამ მწარე პოლიტიკურ რეალობაში თავის თავს ხედავს და ვინც იტყვის, რომ დღეს სააკაშვილის რაიმე უფლება არის დარღვეული. სააკაშვილს ვინმე რაიმე საკვების მიღებაზე ეუბნება უარს?

არიან პირები და პარტია, რომელიც სააკაშვილს ეუბნებიან, რომ შენ თუ არა ჩვენ ხელისუფლებაში არამც თუ ვერ მოვალთ, არამედ ამ პოლიტიკურ ლანდშაფტში საერთოდ გავქრებით, ამიტომ თუ ვინ უნდა უთხრას, რომ მიიღოს საკვები და დაბრუნდეს იმ რეალობაში, ქათმის ხორცი უნდა თუ შავი შოკოლადი, ეს პარტიაში უნდა ვკითხოთ იმ ადამიანებს. გაცხელებული თავები როგორმე უნდა გაიგრილონ და უთხრან, რომ დაბრუნდი რეალობაში და ის კი არ უნდა უთხრან, რომ დღეს ამ ფორმით, სუიციდისკენ მიმართული ნაბიჯები და დეპრესიისკენ მიმავალი ნაბიჯები გადადგას“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.