ავტორი:

"საკმარისია, მაღაზიაში უცხოური ნაწარმი იკითხო, მაშინვე ФСБ დაგადგება... მე ყველაფრის გაყიდვას და სამშობლოში დაბრუნებას ვგეგმავ" - რას ჰყვება რუსეთში მცხოვრები ქართველი?

"საკმარისია, მაღაზიაში უცხოური ნაწარმი იკითხო, მაშინვე ФСБ დაგადგება... მე ყველაფრის გაყიდვას და სამშობლოში დაბრუნებას ვგეგმავ" - რას ჰყვება რუსეთში მცხოვრები ქართველი?

"ვითომ არაფერი ხდება და რუსეთი იმდენად ძლიერი სახელმწიფოა, რომ მას არც კი უგრძნია მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. თითქოს ყველაფერი კარგად არის, რუსეთი სამართლიანობისთვის იბრძვის და გაიმარჯვებს. პრობლემები კი, არ უნდა შეიმჩნიო..." - გვეუბნება რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ირაკლი ბარამიძე, რომლის თქმითაც, ასეთია ბოლო ორი თვის განმავლობაში პროპუტინისტური პათოსი და ადგილობრივებისთვის ცხოვრების ნორმად დაწესებული რეალობა, რომლის მიღებასაც რუსეთის მოსახლეობას აიძულებენ.

ბარამიძის თქმით, ნაწილი ამას იღებს კიდეც და ის, რასაც რუსეთის პროპაგანდისტური მედია აჩვენებს და აწვდის, სრული სიმართლე ჰგონია.

- როდესაც საწინააღმდეგოს ახსნას, ან დამტკიცებას ცდილობ გპასუხობენ, რომ ტელევიზორში უყურა ყველაფერს, თავისი თვალით ნახა სიუჟეტი, რომელშიც უკრაინული არმია საკუთარ მოსახლეობას ბომბავს, რათა შემდეგ ეს ყველაფერი რუსეთს გადააბრალოს; რომ უკრაინა მარიუპოლის ბლოკადიდან არ უშვებს მშვიდობიან ადამიანებს, რადგან მათ იყენებენ და მსოფლიოს აჩვენებენ, როგორ არ ინდობენ რუსები უბრალო მოქალაქეებსო; ფიქრობენ, რომ უკრაინელები სვამენ ამერიკის ლაბორატორიაში დამზადებულ მედიკამენტებს და ვერ გრძნობენ ტკივილს შიმშილს, უძილობას... მათი პოზიციით, რუსეთს არ უნდოდა ომი, მაგრამ რადგან საზღვრებთან ნატო მიუჩოჩდა, იძულებული გახდა, თავისი მოსახლეობა უკრაინელი ნაცისტებისა და მტრისგან დაეცვა. ახლა კი, მის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო გაერთიანდა...

კიდევ ერთი - დიდი, საერთაშორისო კომპანიების გასვლის შემდეგ, რაღაცნაირად, ჯერჯერობით, მოგებული არიან პატარა კომპანიები და მეწარმეები, რადგან კლიენტებმა მათ მიაშურეს. მაგალითად, მე და ჩემს მეგობარს ავტომანქანების ნაწილების პატარა მაღაზია და ავტოპროფილაქტიკა გვაქვს. ბოლო ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც უამრავი კომპანია გავიდა, ადამიანებმა პატარა მაღაზიების ძებნა დაიწყეს, რადგან მანქანა ჰყავთ და შესაბამისად, ნაწილები, შეკეთებაც სჭირდებათ. ამ სფეროში, როგორც სხვა დანარჩენში, მომსახურება გაძვირდა. ოღონდ, საქმე ის არის, რომ არც ჩვენი და არც სხვა მცირე მეწარმეების მარაგი არ არის ამოუწურავი. შემომტანი კომპანიები სანქციების გამო ვერ მუშაობენ.

- რას აპირებთ?

- მე ყველაფრის გაყიდვას, წილის აღებას და ჩემს ქვეყანაში დაბრუნებას ვაპირებ. პირველად მოვისმინე აქაური რუსებისგან, როგორ გაუმართლა მათ, ვისაც სხვაგან წასასვლელი აქვთო... შემოდგომისთვის ელოდებიან სანქციების შედეგების პირველ ტალღას. თავიდან, ომის დაწყებისთანავე ყველაფერი გაძვირდა, მაგრამ შემდეგ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა და ამ ნიშნულზე გაჩერდა.

ბანკებმა 9 სექტემბრამდე შეაჩერეს დოლარის გაყიდვა, მხოლოდ ყიდულობენ, არ ყიდიან. უცხოური ვალუტა გაიაფდა, ომის დაწყების პირველ დღეებში 100 დოლარი 12 ათასი რუბლი ღირდა, ახლა 7 ათასი გახდა... ვისაც დოლარი ჰქონდა შენახული, ჯერ ომის პირველ დღეებში გამოზიდეს ბანკებიდან, უზარმაზარი რიგები იდგა, ახლა კი, თითქმის ნახევარ ფასში ყიდიან.

ფასები ისევ მაღალია, რაზეც მოსახლეობა წუწუნებს, ოღონდ თავისთვის, ჩუმად, სამზარეულოში. ФСБ-ს შიშით სამსახურსაც ვერ ეძებენ, რომ უარყოფითი განწყობა არ შექმნან. სურათის დეფიციტი არ იგრძნობა, მაგრამ საკმარისია, რაიმე უცხოურ, ბრენდული ნაწარმზე თქვა მაღაზიაში, იკითხო, აქვთ თუ არა და მაშინვე ФСБ დაგადგება - რაიმე დანაკლისი შეგექმნათ ამის გამო? უკმაყოფილო ხართ რამით?.. არ იცით, რომ ქვეყანა ომშია ჩართულიო? ყოფილა შემთხვევები, სახლში მიაკითხეს მაღაზიის მოლარე გოგონას, რომელმაც თქვა, რომ ომის გამო დედამისი, რომელიც ყვავილების მაღაზია-სახლში მუშაობდა, უმუშევარი დარჩა. რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ, ახსნა-განმარტებითი წერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

თანაც 9 მაისი მოდის და ძალიან ემზადებიან, რომ გამარჯვების სადღესასწაულო განყწობა შექმნან და შეინარჩუნონ. დიდ ქალაქებში ჯერ დეფიციტი არ იგრძნობა, თუმცა ამბობენ, რომ პატარა ქალაქებიდან და პროვინციებიდან შიდა მიგრაციის დონე ათჯერ გაიზარდა. ასევე ამბობენ, რომ ფარული სამხედრო მობილიზაცია დაწყებულია. მაგრამ დიდი ცვლილი იმედი არ მაქვს, თავად ამბობენ, რომ მათ ხალხს საბჭოთა წლებმა კრიტიკული აზროვნების უნარი დააკარგინა და მორჩილები გახდნენ.