ავტორი:

"გვჯერა, რომ სასწაულმოქმედი გასაღები ჩემს გოგონას აალაპარაკებს“ - სოფელი ივლიტა და რიტუალი, რომელსაც, ადგილობრივთა თქმით, სასწაულის მოხდენა შეუძლია

"გვჯერა, რომ სასწაულმოქმედი გასაღები ჩემს გოგონას აალაპარაკებს“ - სოფელი ივლიტა და რიტუალი, რომელსაც, ადგილობრივთა თქმით, სასწაულის მოხდენა შეუძლია

იმედი და სასწაულის მოხდენის რწმენა, ეს არის იმ ამბის საძირკველი, რომელმაც 3 წლის მარიამ ნათელაშვილი, დედასთან ერთად, მცხეთიდან 190 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ივლიტში, ჩაიყვანა.

ლეგენდის თანახმად, ბავშვებს რომელთაც მეტყველების პრობლემები აქვთ, პირზე კლიტე ადევთ, ივლიტას სასწაულმოქმედი გასაღები კი სწორედ ამ ლეგენდის რეალური გაგრძელებაა.

მარიამის დედის, ანა პირმისაშვილის თქმით, სასწაულის ან გჯერა, ან - არა. თუ ღმერთის გწამს, გასაღები და ლოცვა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

"მარიამი 3 წლისაა, რაღაც სიტყვებს გამოთქვამს, თუმცა გარკვევით საუბარი ჯერ არ შეუძლია. გვჯერა, რომ სასწაულმოქმედი გასაღები ჩემს გოგონას აალაპარაკებს“.

სოფელი ივლიტა ახალციხის მუნიციპალიტეტიდან 3 კილომეტრშია. ივლიტის სახელობის ღვთისმშობლის ტაძარს დიდი ისტორია აქვს. ეს სოფელი, გარდა ბარძიმის სასწაულმოქმედი გასაღებისა, თავისი მრავალფეროვანი ისტორიითაც ცნობილია.

პროფესიით ფილოლოგი, ბაბულია ვარდიძე გვიყვება, რომ ტაძარი 1989 წელს გაძარცვეს და მოიპარეს განძური - ბარძიმი. სასწაულმოქმედი გასაღები კი იმ ყუთს აღებდა, რომელშიც ბარძიმი ინახებოდა.

მშობლებს, ივლიტში გასაღების მცველი, ვახტანგ ვარდიძე მასპინძლობს. "ზუსტად არ ვიცი, პირველად როდის მოხდა ეს სასწაული, მე გასაღებს 1989 წლიდან ვფლობ“, - გვეუბნება ის.

ადამიანი, რომელიც ახლა სხვებს ეხმარება, ბევრი სასწაულის მომსწრეა, თუმცა გასაღების ღვთიური ძალა მის ოჯახშიც დატრიალდა და როგორც თვითონ ამბობს, მამამისს "დაბმული ენა გაუხსნა“.

"მამაჩემი, ბავშვობაში, ტყეში სეირნობდა, გველმა შეაშინა და მეტყველების პრობლემები გაუჩნდა, გასაღებმა ისიც იხსნა“, - ამბობს ვახტანგ ვარდიძე.

პროცედურა, რომელსაც ვახტანგი ატარებს, კოვიდ რეგულაციების დაცვით ხდება. სახარება და გასაღები ანტიბაქტერიული ხსნარით მუშავდება, თუმცა გასაღები, შემდეგ აუცილებლად ნაკურთხ წყალში იდება. "იმისთვის რომ სასწაულმა იმოქმედოს, ბავშვს სმენა უნდა ჰქონდეს, დანარჩენი კი ღმერთსა და რწმენაზეა’’.

ამბის დასაწყისი და დასასრული რწმენაშია, თუ გულით გწამს, ის აუცილებლად მოხდება. სწორედ რწმენამ ჩამოიყვანა სოსო დევრუშაძის მშობლები ბათუმიდან.

"ჩვენი შვილი 3 წლისაა, უდიდესი რწმენა მაქვს ამ ადგილის მიმართ, თუ რწმენა არ გაქვთ, არაფერი გამოვა, თუმცა თუ დაიჯერებთ, სასწაული აუცილებლად მოხდება", - ამბობს მისი დედა ზიზი ჭიღლაძე.

ავტორი: ნინი ქობალია