ავტორი:

საქართველომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო

საქართველომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართული საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავრობა კითხვარის მეორე ნაწილის ევროკომისიისთვის გადაცემას 10 მაისს გეგმავს.

"დავასრულეთ კითხვარის მეორე ნაწილზეც მუშაობა. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ჩვენ ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის ევროკომისიას საქართველომ გადასცეს კითხვარის ბოლო ნაწილი.

როგორც თქვენთვის ცნობილია, კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკური და სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებაშიც საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიწია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა სახელმწიფო უწყებას, საქვეუწყებო დაწესებულებებს, ვინც იღებდა ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობას, მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

  • დარჩიაშვილის განცხადებით, მთავრობის მოლოდინია, რომ საქართველოს ექნება ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მომზადებულ დოკუმენტზე.

როგორ დარჩიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა ის რეფორმა, რომელიც ტარდება, იძლევა იმედს, რომ საქართველო ამ მნიშვნელოვან პროცედურას სწორად გაივლის.

"ჩვენ აღნიშნული კითხვარის მომზადების პარალელურად, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ყველა მიმართულებით, რათა მათთან გვქონოდა ძალიან მჭიდრო კოორდინაცია და კომუნიკაცია. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის და მთავრობის მოლოდინია, რომ საქართველოს ექნება ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები აღნიშნულ დოკუმენტზე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, თუმცა რაიმე კონკრეტულზე საუბარი ჩვენი მხრიდან რთული იქნება. ყველა ის რეფორმა, რომელსაც ვატარებთ და ჩავატარებთ მომავალში, გვაძლევს იმის იმედს, რომ საქართველო ძალიან სწორად გაივლის ამ მნიშვნელოვან პროცედურას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა პრემიერ-მინისტრის პოლონეთში ვიზიტისას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთებასთან დაკავშირებით ევროპის მხრიდან მოთხოვნა ხელისუფლების მისამართით, დარჩიაშვილის თქმით, ამ მიმართულებით კითხვები პარტნიორებს არ აქვთ. "ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ძალიან ინტენსიურად ვსაუბრობთ. მათ იციან საქართველოს პოზიცია და მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, კითხვები არ არსებობს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.