"რაც ახლა უკრაინაში ხდება, შედეგია იმის, რომ რუსეთის საზოგადოება მთლიანობაში იმპერიულია" - რას ამბობს რუსი ექსპერტი ომზე, პუტინზე და 9 მაისის სავარაუდო სცენარებზე?

"რაც ახლა უკრაინაში ხდება, შედეგია იმის, რომ რუსეთის საზოგადოება მთლიანობაში იმპერიულია" - რას ამბობს რუსი ექსპერტი ომზე, პუტინზე და 9 მაისის სავარაუდო სცენარებზე?

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოსკოვში 9 მაისს სავარაუდოდ, როგორი სამხედრო აღლუმი ჩატარდება, როგორია რუსეთის საზოგადოების დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით და რაა მიზეზი იმისა, რომ რუსულ საზოგადოებას ფაქტიურად სძულს დასავლეთი და დასავლური ცივილიზაცია, რომელსაც დღეს იგი უპირისპირდება - “ინტერპრესნიუსი“ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის თანამშრომელს, სერგეი უტკინს ესაუბრა.

- ბატონო სერგეი, 9 მაისი და მოსკოვში ჩასატარებელი გამარჯვების აღლუმი ახლოვდება. როგორი იქნება იგი ახლა, ბევრი ამ თემაზე მსჯელობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პუტინი სწორედ 9 მაისს გამოაცხადებს საყოველთაო მობილიზაციას და ომს, მაგრამ კრემლის პრესსამსახურმა ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის ალბათობა გამორიცხა. ვითარებაში, როცა ევროპა და აშშ რუსეთს უკრაინაში ომის გამო ვანდალიზმში, ბარბაროსულ ქმედებებში და ფაშიზმთან გაიგივებულ რაშიზმში ადანაშაულებს, სავარაუდოდ, როგორი იქნება 2022 წლის 9 მაისის აღლუმი მოსკოვში?

- 9 მაისს მოსკოვში ჩასატარებელ აღლუმის თემაზე საკმაოდ ბევრი სპეკულაციები იყო, მაგრამ, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, სახელისუფლებო პროპაგანდა თუ როგორ ამზადებს საზოგადოებას ამ დღისადმი, ცხადად ჩანს, რომ ამ თემაზე ხელისუფლების ძირითადი გზავნილი ასეთია - ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ყველაფერი ნორმალურადაა და მოქალაქეებს შეუძლიათ დაკავდნენ თავისი პრობლემებით.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე 9 მაისისთვის ხელისუფლების გზავნილი - ყველაფერი კარგადაა, არა მოსახლეობის მობილიზებაზე, არამედ მოქალაქეების უფრო დემობილიზაციაზე მუშაობს. ხელისუფლების ეს გზავნილი ასევე იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ხალხს მოუწოდებს არ დაუჯერონ ზოგიერთ პანიკიორებს, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გარკვეულ უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

ხელისუფლება ცდილობს 9 მაისი ისევ ჩვეულებრივ ფორმატში ჩაატაროს, როგორც წინა წლებში. ამით ხელისუფლებას სურს ვითარება დაამსგავსოს ისეთ დროს, როცა ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო. ასეა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით, ასევე არსებობს სხვა მოსაზრებები.

წლევანდელი 9 მაისს იქნება ჩვეულებრივი აღლუმი, პრეზიდენტ პუტინის გამოსვლა და ასე შემდეგ. გასაგებია, რომ პუტინის გამოსვლაში იქნება მკაფიო ნოტები, მაგრამ, უცნაურიც კი იქნებოდა კრემლის მხრიდან, რომ სწორედ 9 მაისს გაკეთებულიყო განცხადებები ახალ პოლიტიკურ გეგმებზე, მათ შორის საყოველთაო მობილიზაციაზე.

რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების სავარაუდო გეგმებზე განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა. უფრო სწორად, მან თქვა, რომ მას არ გაუკვირდებოდა თუ პუტინი ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებდა. ამან გამოიწვია მედიაში ამ თემაზე ტალღა.

- თუ სწორად ვხდები, თქვენ 9 მაისს პუტინის მიერ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას გამორიცხავთ?

- პუტინის მიერ 9 მაისს რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება წინააღმდეგობაში მოვიდოდა იმასთან, თუ რის თქმას და ხალხში რა განწყობების შექმნას ცდილობს ხელისუფლება.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამხედრო თვალსაზრისით გაუგებარია, როგორ წაადგებოდა რუსეთს უკრაინისთვის ომის გამოცხადება და საყოველთაო მობილიზაცია.

ახლა უკრაინაში უპრეცედენტო ამბები ხდება და გაუგებარი რჩება როგორ წაადგებოდა საყოველთაო მობილიზება უკრაინაში მიმდინარე ამბებს. ფაქტია, რომ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება საზოგადოებაში გამოიწვევდა როგორც მეტ გაუგებრობას, ისე აზრთა სხვადასხვაობას.

- უკრაინაში ქმედებების გამო ევროპასა და აშშ-ში რუსეთის მისამართით არსებული ბრალდებების ფონზე წარმოუდგენელია წლევანდელ 9 მაისის აღლუმს ევროპელი ლიდერებიდან ვინმე დაესწროს. არა მგონია წლევანდელ აღლუმს გერმანიის ექსკანცლერი შრედერიც კი დაესწროს...

- პირველი წელი არაა, რაც მოსკოვში 9 მაისის აღლუმებს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ბევრი ვინმე არ ესწრებოდა. თუ ესწრებოდნენ, ისიც, ძალიან ცოტა. ამის გათვალისწინებით, თუ წელსაც ბევრი არ დაესწრება, ეს გასაკვირი ნამდვილად არ იქნება.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის კირიენკოს მარიუპოლში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ძეგლის გახსნა. აუბარია იმაზე, რომ გამარჯვების სიმბოლო აღმოჩნდეს მოხუცი ბებიის ძეგლი, რომელსაც ხელში საბჭოთა დროშა ეჭირება...

- ამგვარი რამ სრულად ჯდება ხელისუფლების პროპაგანდისტულ თამაშებში. ასევე იმ სატელევიზიო კონტექსტში, რომელსაც სახელისუფლებო პროპაგანდა ქმნის. როგორც ჩანს, ეს ძეგლი უნდა იყოს იმ სახალხო მხარდაჭერის სიმბოლო, რომელიც რუსეთს უკრაინაში გარკვეულ წრეებში აქვს.

ვიცით, რომ რუსეთს უკრაინაში სახალხო მხარდაჭერა არ ჰქონია, მაგრამ, უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ უკრაინაში რუსეთს გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდა. ამის მცდელობები ოფიციალურ პროპაგანდას ექნება. ვხედავთ, რომ რუსეთის მოქალაქეების გარკვეულ ნაწილზე ამგვარი პროპაგანდა მუშაობს.

- გასაგებია რასაც ამბობთ, მაგრამ გაუგებარი სხვა რამაა - უკრაინაში ომის დაწყებამდე პრეზიდენტი პუტინი აცხადებდა, რომ მას სურს 1917 წლამდე არსებული რუსული იმპერიის აღდგენა. ახლა იგეგმება მარიუპოლში ძეგლის გახსნა, რომლის მთავარი ატრიბუტი იქნება მოხუცი ბებია საბჭოთა დროშით ხელში. პუტინს რა უნდა - 1917 წლამდე არსებული რუსული იმპერიის აღდგენა თუ საბჭოთა იმპერიის აღდგენა?

- კითხვას სწორად სვამთ, მაგრამ, რეალურად საქმე გვაქვს გარკვეულ ორაზროვნებასთან. ეს ორაზროვნებაც ახალი არაა, რადგან 90-იანების დასაწყისში რუსეთის პოლიტიკური ელიტის კონსერვატიული ნაწილის მიმართ ხშირად გამოიყენებდნენ ტერმინს "წითელ-ყავისფერს“.

ამიტომ ახლა გასაკვირი არაა, რომ ხელისუფლება ცდილობს პროპაგანდისთვის გამოიყენოს როგორც იმპერიული, ისე საბჭოთა სიმბოლიკა. ცხადია, რომ უკრაინის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში ეს სიმბოლიკა პოზიტიური განწყობების მატარებელია.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ "ომი უკრაინაში პუტინისთვის მისი ხელისუფლების სტაბილიზაციის ფორმაა,“ მეორე ნაწილი კი თვლის, რომ "უკრაინაში ომი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის დაკვეთაა არა მხოლოდ რუსეთის სიდიადეზე, არამედ რუსეთის იმპერიულობაზე“. გამოდის - რუსული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის პუტინი რუსული იმპერიულობის სიმბოლოა და მისი ხელისუფლებაში ყოფნა რუსული იმპერიის აღდგენის სურვილს უკავშირდება. თქვენი დაკვირვებით, რაა მიზეზი იმისა, რომ უკრაინაში დაწყებულ ომთან დაკავშირებით რუსული საზოგადოების უმრავლესობა მას მხარს უჭერს?

- რუსეთის იმპერიული მისწრაფებები გახლავთ ის, რაზეც რუსეთის მეზობლები ხშირად საუბრობენ. ასეთი განწყობებია პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში. ამ ქვეყნებში თვლიან, რომ რუსი ლიბერალები ავლენენ იმპერიულობას ისეთ თემებში, რომელიც იგივე პოლონეთს, თუ ბალტიის ქვეყნებს ეხება.

იმპერიული განწყობები რუსულ საზოგადოებაში არის, მაგრამ რაც ახლა უკრაინაში ხდება, არ ვთვლი, რომ პროცესების ასე განვითარება გარდაუვალი იყო და იგი შედეგია იმის, რომ რუსეთის საზოგადოება მთლიანობაში იმპერიულია. იხილეთ სტატია სრულად