ავტორი:

3 ინოვაციური სტარტაპ იდეა, რომელმაც ჟიურის მოწონება დაიმსახურა - სასკოლო სტარტაპ მარათონი დასრულდა

3 ინოვაციური სტარტაპ იდეა, რომელმაც ჟიურის მოწონება დაიმსახურა - სასკოლო სტარტაპ მარათონი დასრულდა

პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდებს სამსახურის მარტივად მოძიების საშუალებას აძლევს, სარეაბილიტაციო დანადგარი, რომელიც კუნთს აღდგენაში ეხმარება და ტყის ხანძრების მონიტორინგისა და პრევენციისთვის შექმნილი ნანოსატელიტები - ეს იმ ინოვაციური სტარტაპ იდეების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სკოლის მოსწავლეებმა "ალტე უნივერსიტეტის“ მასშტაბურ Start-up მარათონში წარმოადგინეს.

ყველა გუნდის იდეა გამორჩეული, განსხვავებული და საინტერესო იყო. მონაწილეებმა მენტორებთან ერთად ძალზედ საინტერესო გზა განვლეს, მიიღეს შესაბამისი ცოდნა და მოიპოვეს ისეთი პრიზები, როგორიცაა სწავლის დაფინანსება ალტე უნივერსიტეტისგან, 5 000 ლარი TBC-ისგან, GITA-სგან მხარდაჭერა ტექნოპარკის ფაბლაბში პროტოტიპის დამზადების მიმართულებით, საინფორმაციო მხარდაჭერა Entrepreneur Georgia-სგან და პრიზი ისრაელის საელჩოსგან.

Ambebi.ge გამარჯვებული გუნდების წარმომადგენლებს ესაუბრა და მეტი გაიგო მათი ინოვაციური იდეების შესახებ:

პლატფორმა HeadStart-ის შექმნის იდეა, რომელიც ახალგაზრდებს სამსახურის მოძიებას უმარტივებს, ანა-მარია რაზმაძესა და მის 6 თანაგუნდელს ეკუთვნით. როგორც თავად გამარჯვებული აღნიშნავს, დღევანდელი დასაქმების ვებგვერდები მორგებულია უფრო კვალიფიციურ მომხმარებელზე, HeadStart კი ახალგაზრდებს მათ შესაძლებლობებზე მორგებულ არჩევანს შესთავაზებს.

გუნდის წევრებს, რომლებიც თბილისის 72-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, "ალტე უნივერსიტეტი“ სწავლას დაუფინანსებს და პროექტის განვითარებაში დაეხმარება.

"პროექტში მონაწილეობა ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ყოველთვის სულმოუთქმელად ველოდებოდი ტრენინგებს, რომლებიც მარათონის მიმდინარეობისას გვიტარდებოდა და ბევრი საჭირო ინფორმაცია მივიღე. შემდეგ უკვე ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებისა და პროექტის განვითარების პროცესმა მოგვცა უამრავი რამ. ცოდნასთან ერთად ბევრი დადებითი ემოციაც მივიღეთ,“ - აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა ანა-მარია რაზმაძემ.

სტარტაპ-იდეა Firelink კი ეკუთვნით ლიზი ებრალიძესა და მის ორ თანაგუნდელს, რომელთაც ინოვაციურ პროექტზე მუშაობა მარათონამდე ჰქონდათ დაწყებული. სამივე მათგანი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეა.

როგორც ლიზი განმარტავს, Firelink-ის ტექნოლოგიის შექმნის იდეა გაუჩნდათ როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში გახშირებული ტყის ხანძრების გამო. მისი თქმით, არ არსებობს სისტემა, რომელიც მუდმივ მონიტორინგს გაუწევს ტყეებს და ხანძრის უმცირეს, შეუმჩნეველ კერებს აღმოაჩენს, რაც სამომავლოდ, მასშტაბური პრობლემის თავიდან არიდებაში დაგვეხმარება.

"იდეის შემდეგ გადავდივართ პროტოტიპის შექმნაზე. უფრო კონკრეტულად კი მინიატურული დრონები ტყეებსა და ძნელად მისადგომ ადგილებში ხანძრების მონიტორინგს ახდენს და ბრიგადას ინფორმაციას აწვდის. აღმოჩენის შემთხვევაში ხანძრის ლიკვიდირება უფრო სწრაფად ხდება და ზარალიც გაცილებით ნაკლებია. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ არსებობს ამგვარი საშუალება და თუ ბოლო პერიოდის ხანძრების სტატისტიკას გადავხედავთ, მართლაც საჭიროა,“ - აღნიშნა Firelink-ის იდეის ერთ-ერთმა ავტორმა.

გუნდმა საჩუქრად მიიღო პროგრამული და პროფესიული დახმარება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან. GITA-მ მათ უკვე შესთავაზა 3D პრინტერებისა და ლაზერული მჭრელების გამოყენება. ასევე, გუნდს გადაეცა საკმაოდ მნიშვნელოვანი პრიზი - სასწავლო გრანტი ალტე უნივერსიტეტისგან.

კიდევ ერთი გამარჯვებული სტარტაპ-იდეა NBSG გახდა, რომელიც ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს. გუნდის ერთ-ერთი წევრი დემეტრე საზანოვი სტარტაპის შესახებ გვიამბობს:

"ბევრ ადამიანს მსოფლიოში ესაჭიროება ფიზიკური დახმარება იმ დაბრკოლებების გადასალახად, რომლებსაც საკუთარი ფიზიკური მდგომარეობა უქმნის. ეს შეიძლება იყოს დახმარება რეაბილიტაციისთვის ან ასაკობრივი სისუსტის დაძლევა. რეაბილიტაცია მოიცავს რთულ და გრძელ პროცესს, რასაც დიდი ფიზიკური დატვირთვა და ენერგია სჭირდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შევქმენით ახალი ტიპის ეგზოსკელეტონური მრავალფუნქციური დანადგარი NBSG – Nitinol Based Smart Gauntlets, რომელშიც მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს ნითინოლის უნიკალური თვისება - Shape Memory Effect. NBSG შეასრულებს პაციენტებისთვის რეაბილიტაციაში დამხმარე მოწყობილობის როლს - დაეხმარება სარეაბილიტაციო კუნთს ჯანმრთელი ფორმის აღდგენაში. აპლიკაციის საშუალებით ექიმი შეძლებს თავისუფლად აკონტროლოს NBSG-ს მიერ გამომუშავებული ძალა (პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისას ძალის შემცირება მასში გამავალი დენის ძალის შემცირებით). პაციენტი თვითონვე შეძლებს აპარატის მორგებას საკუთარ თავზე PC (Personal Configuration) ღილაკის საშუალებით, რომლის დანიშნულება არის ერთგვარი test drive, რათა მომხმარებელმა გამოსცადოს, შეაფასოს და შეარჩიოს საკუთარი თავისთვის აპარატის მიერ გამომუშავებული ოპტიმალური ძალა. NBSG წარმოადგენს სამედიცინო, სავარჯიშო და VR-თან თავსებად დანადგარს,“ - განგვიმარტა დემეტრე საზანოვმა, ერთ-ერთი გამარჯვებული გუნდის წევრმა.

გუნდმა "ალტე უნივერსიტეტისგან“ სწავლის დაფინანსება და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ "ალტე უნივერსიტეტი“ მარათონის გაგრძელებას გეგმავს. პროექტი სისტემატურ სახეს მიიღებს და მოსწავლეებში ინოვაციური აზროვნების განვითარებასა და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

(R)