ავტორი:

"პოლიციელებს უთხრა, რომ რუსი სამხედროების მოკვლის მოწოდებებს ვავრცელებდი" - რას ჰყვება 22 წლის ელმირა რუსეთიდან, რომელიც მამამ დაასმინა?

"პოლიციელებს უთხრა, რომ  რუსი სამხედროების მოკვლის მოწოდებებს ვავრცელებდი" - რას ჰყვება 22 წლის ელმირა რუსეთიდან, რომელიც მამამ დაასმინა?

22 წლის ელმირა ხალიტოვა რუსეთში ცხოვრობს. ის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტია და მედიას უყვება, როგორ დაასმინა საკუთარმა მამამ ომის საწინააღმდეგო პოსტების გამო. მამაკაცმა პოლიციას წერილი მისწერა, რომელშიც წერდა, რომ მისი ქალიშვილი რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას ცდილობდა. რამდენიმე საათის შემდეგ მირას სახლში პოლიცია მივიდა. აქტივისტი ინტერვიუში ამბობს, რომ საფრთხე ძირითადად ახლო ნათესავებისგან მოდის და არა უცხო ადამიანებისგან...

ელმირა ხალიტოვა:

"10 აპრილს დეიდაჩემის ზარმა გამაღვიძა, რომელმაც მითხრა, რომ მამაჩემის მოთხოვნით პოლიცია მეძებდა. ვერ ვიტყვი, რომ შემეშინდა, რადგან ველოდი, რომ მალე ჩემთანაც მოვიდოდნენ, მაგრამ მამისგან დასმენა მაინც წარმოუდგენელი იყო.

მამა 10 აპრილს დილით ადრე მივიდა განყოფილებაში. რამდენიმე საათის შემდეგ პოლიცია ჩემს სახლში მოვიდა. გამიკვირდა, იმდენად მალე მოახდინეს რეაგირება. როდესაც მამაჩემი ბავშვობაში ოჯახზე ძალადობდა, საათობით ველოდით ხოლმე მათ მოსვლას. პოლიციას სახლში არ დავხვდი, დამირეკეს და მითხრეს სასწრაფოდ განყოფილებაში მივსულიყავი.

საკმაოდ თავაზიანები იყვნენ ჩემს მიმართ, ერთმა მათგანმა მამაჩემის ზარის აუდიოჩანაწერიც კი მომასმენინა. განყოფილების უფროსთან წამიყვანეს, სოციალურ ქსელში ამ დროისთვის პოსტები უკვე წაშლილი მქონდა. ჩემი "ინსტაგრამის" ჩვენება მთხოვეს, VPN გამოვრთე და ვაჩვენე. პოლიციელმა მკითხა, რატომ არ მუშაობს ჩემი პროფილი, ვკითხე, - არ იცით, რუსეთში "ინსტაგრამი" რომ დაბლოკეს - მეთქი?

დიდი ხანი არ მაძლევდნენ ტელეფონს. მითხრეს, რომ მამაჩემი ჩემს დაკავებას დაუყოვნებლივ ითხოვდა, რადგან შიშობდა, რომ გავიქცეოდი. პოლიციაში მკითხეს, მართლა მუშაობდა თუ არა მამაჩემი საიდუმლო განყოფილებაში და რუსი სამხედროების მოკვლის მოწოდებებს ვავრცელებდი, თუ - არა.

გულწრფელად ვთქვი, მთელი ჩემი დამოკიდებულებით იმის მიმართ, რაც ხდება, წუხილი გამოვთქვი იმ სამხედროების გამო, რომლებიც არაფრის გამო დაიღუპნენ ან დასახიჩრდნენ... მათაც ძალიან უკვირდათ, რომ საკუთარმა მამამ დამასმინა.

ახლობლებმა იციან, რომ 13 წლიდან ოპოზიციური შეხედულებები მაქვს, მიტინგებზე დავდივარ, ამას არასდროს ვმალავ. ჩემს მშობლებთან რთული ურთიერთობა მაქვს. დედა ხანდახან მირეკავდა, რომ ეთქვა: "ისევ მიდიხარ მიტინგებზე, ჰოდა, გაწამებენ ლუბიანკას სარდაფებში“.

მამაჩემი ყოველთის სვამდა. მე ბებიასთან ვცხოვრობდი, მაგრამ მას შეეძლო ჩემი წაყვანა თავისთან. ძალიან ცუდად ვცხოვრობდით, ხანდახან მივდიოდი მასთან მხოლოდ იმიტომ, რომ გემრიელად მეჭამა.

პოლიციაში რომ მივდიოდი, მამამ მომწერა და ყველაფრის უარყოფა დაიწყო. პოლიციის თანამშრომლებმა ჩართეს უდიოჩანაწერი, რომელიც მან მისცა თანამშრომლებს. მოგვიანებით კიდევ დამირეკა და ვუთხარი, რომ აღარასოდეს ვუპასუხებდი მის ზარებს.

დეიდაჩემი ძალიან შეშინებული იყო, ჩემზე მეტად. მე არანაირი შიში და შფოთვა არ მქონდა. საუბრის დროს ვკანკალებდი, ნერვიული ტიკი დამეწყო, თუმცა ემოციურად ვერაფერს ვგრძნობდი. დედამ ჩემს დას აუკრძალა ჩემთან ურთიერთობა.

მესმის, რომ მამაჩემი ალკოჰოლიკია, მაგრამ ასეთი ხალხი რუსეთში ბევრია. ვიღაცამ "ტვიტერზე" დაწერა, - ოჰ, მე მეგონა, რომ გოგონა ნამდვილად იყო ომის საწინააღმდეგო მოძრაობის მომხრე, რეალურად კი გიჟ მამას მოუგონიაო...

მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ არ შემიძლია გაჩუმება. ზოგადად, ის, რომ თვალს მადევნებენ, უკვე საშიშია. ჩემი მეგობრების უმეტესობამ მხარი დამიჭირა. არის ერთი ადამიანი, რომელსაც ჩემს მეგობრად ვთვლიდი, მაგრამ მან მითხრა, - მამაშენი ნამდვილი პატრიოტია, იამაყეო. ის ახლა მხარს უჭერს Z-ს. თავიდან გვეგონა, რომ "„ტროლაობდა“, მაგრამ მივხვდით, რომ ის ნამდვილად იცავს ამ პოზიციას..."