ავტორი:

"ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი, რთული დღეები გადავლახეთ და შედეგს მივაღწიეთ" - საჯარო სამსახურის პარალელურად დაწყებული მეურნეობა: გაიცანით ახალგაზრდა ფერმერი, დიდი გეგმებით

"ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი, რთული დღეები გადავლახეთ და შედეგს მივაღწიეთ" - საჯარო სამსახურის პარალელურად დაწყებული მეურნეობა: გაიცანით ახალგაზრდა ფერმერი, დიდი გეგმებით

პროფესიით მხატვარია, საჯარო სამსახურშიც მუშაობს, მაგრამ ამას ხელი არ შეუძლია იმისთვის, რომ ქალი ფერმერი გამხდარიყო.

"თუ გაქვს მიზანი, იცი დროის ფასი, არ გეშინია, საკუთარი ძალების გაწმს და სამყარო გწყალობს, მაშინ იცოდე, რომ დიდი ენერგია უნდა დახარჯო... შუაღამემდე იშრომო და გადავარდნამდე დაიღალო, რომ მიზნამდე დროულად მიხვიდე" - ამობობს ახალგაზრდა ქალი ეთო კაპანაძე, რომელმაც სოფელ დიდ ლილოში, სამი წლის წინ ფრინველთა ფერმა გამართა და მეუღლე, ლევან კერესელიძეც საქმეში ჩართო. დღეს ერთად უკვე ხარისხიან პროდუქტს აწარმოებენ და საოჯახო მეურნეობის მიმართულებით დიდი გეგმები აქვთ.

ეთო კაპანაძე:

- სამი წლის წინ ვიფიქრე, დამატებითი შემოსავალი ურიგო არ იქნებოდა, თან, ჩემს შვილებს, 4 შვილი მყავს, ნატურალური პროდუქტი ექნებათ-მეთქი. ამისთვის რესურსი მქონდა, რომელიც შეიძლებოდა, გამომეყენებინა. იხვის ჭუჭულები რომ უნდა მომეყვანა, - ამის შესახებ მეუღლეს ერთი საათით ადრე ვუთხარი. ჩემს გადაწყვეტილებას ოჯახი ძალიან სკეპტიკურად შეხვდა. ფრინველს რანაირად გაზრდიო?! მიუხედავად იმისა, რომ დედას, ჩემს ბავშვობაში ჭუჭულები, საქონელიც ჰყავდა და ამ საქმეზე გარკვეული წარმოდგენა მქონდა, მაინც შეშფოთდნენ. მოკლედ, ეს გადაწყვეტილება მათთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგანაც, ჩემი ტიპაჟიდან გამომდინარე, არ ეგონათ, რომ ფერმერობას დავიწყებდი. მერე თქვეს, - მალე მობეზრდება და თავს დაანებებსო. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ჩემი არჩევანი ოჯახის წევრებსაც მოეწონათ და საქმეში თვითონაც ჩაერთნენ.

ეთო კაპანაძე მეუღლესთან ერთად

- და შრომაც დაგიფასდათ...

- კი. პროდუქტი რომ მოგვიჭარბდა, ეს სხვებმაც გაიგეს, რითაც შევძელი და საკუთარი პროდუქტი გავყიდე. რამდენიმე მსურველიც გამოჩნდა. ამასობაში ბევრმა ადამიანმა გაგვიცნო და მომხმარებელიც ასე მოგვემატა. მარკეტინგსაც ავუღე ალღო - სოციალური ქსელით ვაქტიურობ. არის ადგილები, სადაც შეგვიძლია, ჩვენი პროდუქციის მიტანა-ჩაბარება. პრობლემა ის არის, რომ ნაკლები პროდუქცია გვაქვს, ვიდრე მოთხოვნაა - ვერ ვაკმაყოფილებთ. ამ ეტაპზე 1000-მდე ფრთა იხვი გვყავს.

- თავიდან რამდენი ჭუჭული მოიყვანეთ?

- 100-ით დავიწყეთ. შემდეგ გაზაფხულზე, ერთი წლის თავზე, იხვებმა ახალი თაობა მოგვცეს... კვერცხები სხვის ინკუბატორში ჩავაწყეთ, რადგან მის შესაძენად სახსრები არ გვქონდა, ასე 2 წელი გრძელდებოდა. ახლა უკვე ჩვენი გვაქვს, მისი ყიდვა შევძელით.

- იხვი რატომ აირჩიეთ?

- სიუჟეტს ვუყურე და დავინტერესდი. შედარებით ადვილად იზრდება დილეტანტისთვისაც ხელსაყრელია. მეფრინველეობასთან შეხება მხოლოდ ბავშვობაში მქონდა, როცა დედას ჰყავდა იხვები. თან, იხვი ბევრს არ ჰყავს საქართველოში და იმაზეც გავთვალე, რომ სამომავლოდ განსხვავებული პროდუქტის წარმოებას შევძლებდი.

- როგორი ხორცი აქვს?

- იხვის ჯიშს გააჩნია. აქვს დაბალი და მაღალ-ქოლესტერინიანი ხორცი, ცხიმიანობაც ასევე - ზომიერიც და მაღალიც, გურმანებისთვის სასურველი პროდუქტია, დელიკატესია. იხვის ხორცი შებოლილი იქნება თუ პაშტეტის სახით დამზადებული, საუკეთესოა. მისი კვერცხი ორმაგად შეიცავს D ვიტამინს, ამინომჟავას და ყველა საჭირო ვიტამინს. ზოგადად რბილი მასა აქვს. კვერცხის ნაჭუჭი საშუალო სიმყარისაა, შიგნითა აპკი რთულად გასახევია, ანუ უფრო ძლიერია.

თუ ქათმის 2 კვერცხი მაინც გინდა ერბოკვერცხისთვის, რომ დანაყრდე, 1 ცალი იხვის კვერცხიც საკმარისია. საკონდიტრო ნაწარმშიც აქტიურად გამოიყენება. მშვენიერი ბეზე გამოდის. ხშირად ვაკეთებ, ეზოში კენკრა გვაქვს, მასში ცივ ბეზეს გადავურევ და ბრწყინვალე დესერტი გამოდის. ჩემს ბავშვებს უყვართ და მიხარია, რომ სრულიად ჯანსაღ და ნატურალურ პროდუქტს იღებენ. თან საკუთარი ნაშრომი უფრო გემრიელია.

- ფრინველს რით კვებავთ და როგორ უვლით?

- ნატურალურ კვებაზე არიან. არანაირ ხელოვნურ დანამატს არ ვაძლევთ. იღებენ სიმინდს, ხორბალს, ქერს, შორტებს, სოიოთი და სიმინდით გაზავებულ ღერღილს და ბალახს. დაავადება იშვიათად ემართებათ. თუ ფრინველს დაბადებისთანავე რაიმე დეფექტი აქვს, იმას ვარიდებთ. იხვი ქათამზე გასაზრდელად ადვილია. ვაქცინაციას არ საჭიროებს. პრევენციის მიზნით, მხოლოდ პირველი სამი-ხუთი დღე სჭირდება კუჭ-ნაწლავისთვის ვაქცინასავით პრეპარატი.

- როგორც ამბობენ, ბატები ავები არიან, კბენა იციან. იხვები?

- უწყინრები არიან. დედლები ყვირიან მაშინ, როცა შიათ, ან რამე აწუხებთ. გამოყვანილი, ჰიბრიდული ჯიშია და ნებისმიერ გარემოსთან კარგად ადაპტირდება. უპრობლემოდ უძლებენ ზამთარს. უყვართ ბანაობა. მთავარია ჰქონდეთ წყალი და სივრცე, სადაც ენდემურ გარემოში გაიზრდებიან. ღია სივრცეში პატარა ტბორი გვაქვს, სადაც შეუძლიათ, ბანაობა. წყალი გამრავლებისთვისაც სჭირდებათ. საერთოდ, წყლის ფრინველები არიან.

- ცოცხლად ყიდით?

- ეტაპობრივად ცოცხლადაც ვყიდით პატარა ჭუჭულებს. თუ ინვესტიცია მოვიპოვეთ, მეტ რაოდენობაზე გვინდა, ავიდეთ, რომ გაყიდვების პრობლემა არ გვქონდეს და რამდენიმე ქსელი უწყვეტად მოვამარაგოთ. ვყიდით დაკლულსაც, ფრინველის ჭუჭულებსაც და კვერცხს. სამომავლოდ ბუმბულიც გვინდა, ავამუშაოთ.

- ოთხი შვილი გყავთ - ბავშვები საოჯახო მეურნეობაში გეხმარებიან?

- მეტ-ნაკლებად, როგორც შეუძლიათ. ძირითადად მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ, დედა ბავშვებს უვლის. მე პარალელურად საჯარო რეესტრშიც, ლილოში ვმუშაობ. მეუღლეც მუშაობდა, მაგრამ ახლა ძირითადად ჩვენს მეურნეობას უვლის. მასშტაბური საქმისთვის, დიდ მოგებაზე რომ გახვიდე, დიდი თანხები და ინვესტიციაა საჭირო.

ამ ეტაპისთვის ასეა - რა ჩანაფიქრიც მქონდა, ნამდვილად განვახორციელე. ოჯახმა ეს დამოუკიდებლად შევძელით. ნამდვილად ნულიდან მივაღწიეთ საკმაოდ კარგ შედეგს. თუმცა ამ ყველაფერს დიდი შრომა, ჯაფა, პრობლემების დაძლევა და რთული დღეების გადალახვა დაგვჭირდა. იხვების გარდა 100-მდე ინდაური გვყავდა საახალწლოდ და გავყიდეთ, ახლა სადღაც 40 ცალი იქნება. ასევე 50 კურდღელი გვყავს. წარმოიდგინეთ, ახლა იმას ვფიქრობ, რომ დამატებით რა შემიძლია, კიდევ მოვიფიქრო, რომ მეურნეობა მეტად გავაძლიერო. მინდა, საქონელიც მოვამრავლო, რომ ნატურალური რძის პროდუქტები ვაწარმოოთ.

- როგორც კვერცხის მწარმოებელი ფერმერები, ალბათ სააღდგომოდ იხვის კვერცხს ღებავთ, ხომ?

- ამჯერად ოჯახში კვერცხის პრობლემა არ გვაქვს და სააღდგომოდ კვეცხის დიდი რაოდენობით შეღებვა შეგვიძლია. პროფესიით მხატვარი ვარ, სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული და აქედან გამომდინარე, ასეთი ტრადიციაც გვაქვს, - კვერცხებს რომ შევღებავთ, მერე ვხატავთ, ვაფორმებთ. ეს პროცესი ჩემს შვილებში მხიარულებას და ბედნიერებას იწვევს. მათ ფანტაზიას გასაქანი ეძლევა. პასქას დედა იხვის კვერცხით აცხობს. თუ მცალია, მეც ვეხმარები. ბაშვები კი გამომცხვარ პასქას აფორმებენ მინანქრით, შოკოლადით თუ სხვა ნუგბარით. წინასააღდგომოდ ამ სამზადისში დიდი ჟრიამული და აჟიოტაჟია ხოლმე.

- რა სურვილები გაქვთ?

- ჩემი სურვილია, რომ სამყარომ ძალა მომცეს, რომ ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე. ჩემს შვლებს ეთქმოდეს, დედამ წარმატებული ბიზნესი დაგვიტოვა და გადმოგვაბარაო... მინდა, ჩემი სიტყვა ვთქვა და შევასრულო, რა გეგმაც მაქვს, გავფართოვდე და ვიყო ძლიერი ფერმერი ქალი. ჩანაფიქრებს ძირითადად ვასრულებ. ვისურვებდი, რომ ჩემი პროდუქტი ექსპორტზეც გავიდეს.

სხვებს კი ვურჩევდი, სჯეროდეთ საკუთარი თავის. მთელმა სამყარომ რომ უარი გითხრათ, თქვენ თუ გადაწყვეტთ და იტყვით, აუცილებლად გამოვა. რომ დავიწყე, არავის ეგონა, რომ შევძლებდი, ხუმრობდნენ კიდეც, მაგრამ ვიცოდი, რომ მივაღწევდი. მთავარია, საკუთარი თავის გჯეროდეთ და არ შეშინდეთ. ცუდზე არ ვფიქრობ. ერთხელ ცხოვრობ ადამიანი და უქმად ჯდომით და მდორე არსებობით არაფერი გამოვა...