ავტორი:

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირში მიგვიღებენ ისე, როცა პრეზიდენტს წამებით და არაადამიანური მოპყრობით კლავენ, ძალიან ცდებიან" - ლევან ხაბეიშვილი

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირში მიგვიღებენ ისე, როცა პრეზიდენტს წამებით და არაადამიანური მოპყრობით კლავენ, ძალიან ცდებიან" - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეშია და ამ უფლების დაცვას ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს.

როგორც მან რუსთავის ციხესთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი სახელმწიფო ინტერესს ეხება.

"მაჩვენეთ ერთი პროფესიონალი ექიმის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. შესაბამისად, ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის საფრთხე ან რომელიმე პარტიის ვიწროპარტიული ინტერესი, ეს არის სახელმწიფო ინტერესის საქმე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირში მიგვიღებენ ისე, როცა პრეზიდენტს წამებით და არაადამიანური მოპყრობით კლავენ, ძალიან ცდებიან. ამიტომ, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში არ მოკლან“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ექიმები ამბობენ, რომ ამ პირობებში საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა შეუძლებელია.

"პოლონეთი მზად არის, მიხეილ სააკაშვილი მიიღოს და უზრუნველყოს მისი გამოჯანმრთელება. უბედურება ის არის, რომ პოლიტიკოსების შესაფასებელი გახდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მათი მხრიდან ამორალურ განცხადებებს ვხედავთ. ვფიქრობ, ეს პოლიტიკის საგანი კი არ უნდა იყოს, რასაც ექიმები საუბრობენ, იმის გათვალისწინებით უნდა ვიღებდეთ გადაწყვეტილებას და არა ისე, ვინ მოგვწონს და ვინ არა“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.