ავტორი:

"მძიმე დღეები გვაქვს... ძალიან მიჭირს მასთან შეხვედრა, ყველაფერი თავიდან განახლდა" - 2 წლის წინ ესპანეთში კოვიდით გარდაცვლილი ქალის ცხედარს სამშობლოში ჩამოასვენებენ

"მძიმე დღეები გვაქვს... ძალიან მიჭირს მასთან შეხვედრა, ყველაფერი თავიდან განახლდა" - 2 წლის წინ ესპანეთში კოვიდით გარდაცვლილი ქალის ცხედარს სამშობლოში ჩამოასვენებენ

2-წლიანი გაუსაძლისი ლოდინის შემდეგ, 7 მაისს, 5 შვილის დედას, ცირა ალიხანაშვილს ესპანეთიდან სამშობლოში ჩამოასვენებენ და სამტრედიაში მიაბარებენ მიწას. ამ ოჯახის ტრაგედია ორი წლის წინ მთელმა საქართველომ გულთან მიიტანა და ყველა განიცდიდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას.

შეგახსენებთ, 34 წლის ცირა და მისი მეუღლე ესპანეთში 2020 წლის 2 მარტს, მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც ქალს საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობისთვის განკუთვნილი თანხა ცოლ-ქმარმა ახლობლებისა და საქველმოქმედო ფონდის დახმარებით შეაგროვა.

  • ცირა მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადიოდა ქიმიოთერაპიის კურსს, სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. მაშინ მისი გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსი დასახელდა.

პროტოკოლიდან გამომდინარე, ოჯახს ცხედარი არ მისცეს, არადა, მისი მეუღლე, მამუკა ნაჭყებია ყველას დახმარებას სთხოვდა.

მართალია, თავიდან ესპანეთის მთავრობამ ოჯახს უთხრა, რომ 5 წლის შემდეგ დართავდნენ ცხედრის გადასვენების უფლებას, მაგრამ ჩვენმა საელჩომ ესპანეთში 2 წლის შემდეგ ამ პრობლემის მოგვარება შეძლო. ახლა კი ოჯახი ცხედრის მოლოდინშია. რამდენიმე თვის წინ მამუკა ნაჭყებიამ დახმარების თხოვნით ხელისუფლებას და საელჩოს სოციალური ქსელით მიმართ და ამას შედეგიც მოჰყვა. ახლა ის სამტრედიიდან თბილისშია ჩამოსული და მონატრებული მეუღლის ცხედარს ელოდება.

ხათუნა ნაჭყებია, ცირას მული:

- ორი წელია ამ დღეს ველოდებით. დღეს ვესაუბრე საელჩოს წარმომადგენელს, მითხრეს, რომ ჯერ სტამბოლში გადაასვენებენ, 6 მაისს, იქიდან კი 7 მაისს თბილისში ჩაფრინდება თვითმფრინავი და ცირას ცხედარს თბილისიდან სამტრედიაში გადავასვენებთ. ჩემი ძმა აეროპორტში დახვდება, უკვე მოელაპარაკა დამკრძალავ ბიუროს და მათი მანქანით გადაასვენებს სამტრედიაში. იქ საფლავი უკვე გამზადებული აქვს, როგორც კი შეგვატყობინა საელჩომ, რომ რამდენიმე დღეში შეგვეძლებოდა გადმოსვენება, ჩემმა ძმამ გაამზადა საფლავი, სურათიც და ყველაფერი გაკეთებულია.

ჩვენი ცირას საფლავი გვექნება. რამდენიმე თვის წინ ჩემმა ძმა ჩაწერა ვიდეო და სახელმწიფოს მიმართავდა, გადმოსვენებაში დახმარებოდნენ. ამას გამოხმაურება მოჰყვა და საელჩო დაგვეხმარა. თბილისამდე ხარჯებიც სახელმწიფომ დაფარა, მადლობა მას.

21 მარტს გავიდა 2 წელი, რაც ცირა ჩვენს გვერდით აღარ არის. თავიდან გვითხრეს, რომ 5 წლის შემდეგ მოგვცემდნენ ცხედრის წამოსვენების უფლებას, ნამდვილად რთულია, ელოდო ამდენ ხანს... ბავშვებს დედის საფლავი არ ჰქონდათ. ვერც ესპანეთში მივდიოდით მის საფლავზე. ბევრმა ესპანეთში მყოფმა ქართველმა გამოთქვა სურვილი, რომ აენთოთ სანთელი მის აკლდამასთან, აღდგომას, წელსაც და შარშანაც იყვნენ იქ მისული ქართველები, მადრიდში, მის აკლდამასთან კვერცხი, ყვავილები აიტანეს, სანთლები აანთეს. მადლობა მინდა, მათ ვუთხრა.

ახლა თავის მიწაზე, თავის სამშობლოში დაბრუნდება და ბავშვებს ექნებათ დედის საფლავი. ეს ორი წელი უმძიმესი იყო ჩვენი ოჯახისთვის. რთულია, ბავშვებს დედა რომ არ ჰყავთ გვერდით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, შეძლებისდაგვარად, რომ მათ ცოტათი მაინც შეუმსუბუქდეთ მდგომარეობა, ჩემი ძმა თვალებში უყურებს შვილებს, დედაჩემი ცდილობს, მზრუნველობა არ მოაკლოს და ყველანი ერთობით ვახერხებთ სითბოს და სიყვარულის გაზიარებას, მაგრამ ყველაზე დიდი ტრაგედიაა, რომ დედის გარეშე იზრდებიან...წაიკითხეთ სრულად