ავტორი:

ზელენსკის ულტიმატუმი რუსეთს: რა შემთხვევაში დატოვებს უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებებს?

ზელენსკის ულტიმატუმი რუსეთს: რა შემთხვევაში დატოვებს უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებებს?

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა სრულად დატოვოს სამშვიდობო მოლაპარაკებები თუკი რუსეთი მოკლავს უკრაინელ სამოქალაქო პირებს და ჯარისკაცებს, რომელთა გათავისუფლებაც შესაძლებელია.

ამის შესახებ პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტთან ინტერვიუში განაცხადა.

"თუ რუსეთი მოკლავს სამოქალაქო პირებს ან ჯარისკაცებს, რომლებიც შეიძლება გათავისუფლდნენ, ჩვენ არ შეგვიძლია მათთან დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმოება", - თქვა ზელენსკიმ.

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს დატოვებს, თუ ოკუპანტები ხერსონში ფსევდორეფერენდუმს ჩაატარებენ, ასევე, თუკი მარიუპოლის დამცველებს მოკლავენ.

  • ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ადრეული დასრულების ნიშნები არ არსებობს.

"დღეს არის 72-ე დღე სრულმასშტაბიანი ომისა და ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ ომის დასასრულს. ჩვენ არ ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან მისი დასრულების რაიმე სურვილს. ვერ ვხედავთ დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებებს იმ გამოწვევებისთვის, რომლის პროვოცირებაც რუსეთმა ამ ომით შეძლო.

24 თებერვლიდან არც ერთი დღე არ ყოფილა, რომ არ გვქონოდა მოლაპარაკება იარაღის მოწოდებაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე და ა.შ. და არ ყოფილა არც ერთი დღე, როდესაც ჩვენ არ გველაპარაკა უსაფრთხო გასასვლელზე და "მწვანე დერეფანზე" მარიუპოლში ალყაში მოქცეული ადამიანებისთვის", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა ცდილობს ომში რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს გამარჯვებას, ტერიტორიული მთლიანობისა და განადგურებული ქონების აღდგენას, კერძოდ, რუსეთისგან ჩამორთმეული თანხებით.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს გლობალური შედეგები ექნება ბევრ სფეროში, უპირველეს ყოვლისა, ასობით მილიონი ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებაზე, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში. ზელენსკის თქმით, რეგიონში ძირითადი საკვები პროდუქტების მიწოდების ტრადიციული ჯაჭვები შეფერხებულია.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მსოფლიო ლიდერები იწყებენ ამ ომის გლობალური შედეგების გაცნობიერებას, თუმცა პირველ დღეებში მათ ჰქონდათ პესიმისტური მოლოდინები უკრაინის შესაძლებლობის შესახებ, მოეგერიებინა რუსული აგრესია.